საქმე # 330100121005167300
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№473აპ-22 ქ. თბილისი
კ–ა ლ., 473აპ-22 23 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ლ. კ–ა, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ლ. კ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 29 სექტემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ–ამ ჩაიდინა: ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვასა და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, კერძოდ, მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლიდან 2021 წლის 18 სექტემბრამდე დროის პერიოდში ლ. კ–ამ სისტემატური, არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა ე. პ–სთან როგორც პირადად, ისე – სოციალური ქსელისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, ასევე უთვალთვალებდა მას, მათ შორის – ხვდებოდა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, ასევე – მიმდებარე ტერიტორიაზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2021 წლის ივლისში თ–ში, კ–ს ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტ „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. კ–ა უთვალთვალებდა ე. პ–ს და ასევე დაამყარა მასთან არასასურველი კომუნიკაცია, მათ შორის – ჩართული ელექტრობურღის დაზარალებულის სახესთან დემონსტრირებით, რამაც დაზარალებულში გამოიწვია ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და ფსიქიკური ტანჯვა. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა დაზარალებულს ცხოვრების წესის რეალურად შეცვლის საჭიროება შეუქმნა.
· 2021 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე, ლ. კ–ა, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეიჭრა ქ. თ–ში, ბ–ს ქ. №...-ში მდებარე „ა–ს“ ოფისში, რითაც დაარღვია მფლობელობის ხელშეუხებლობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ლ. კ–ა ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას ან სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებას ან სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის დროს) და შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) და ლ. კ–ს როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. ამასთან, მსჯავრდებულს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის სასჯელის შემსუბუქება თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირების ან სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის სახით.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე