Facebook Twitter

საქმე # 330100121004597388

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №378აპ-22 ქ. თბილისი

ლ–ე გ., 378აპ-22 1 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ლ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით გ. ლ–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და დამატებითი სასჯელი – 2 წლით სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 25 მარტიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ლ–იმ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

· 2021 წლის 8 მარტს, შუადღის საათებში, გ. ლ–იმ თ–ში, ........ს ქ. №...-ში მდებარე, თ. ს–ს №.. ბინაში შეაღწია უნებართვოდ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ. სასწრაფოშვილის მფლობელობაში არსებულ „ლენოვო ...“ („LENOVO ....“) ფირმის, „20208“ მოდელის ლეპტოპს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 250 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. მსჯავრდებული გ. ლ–ი საკასაციო საჩივრებით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით საჩივარში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, ასევე – საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებული ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნების, ასევე სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. გ. ლ–ს პიროვნული მახასიათებლებისა და წარსული ცხოვრების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

9. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ლ–ს მოთხოვნას მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება იდება პროკურორთან, რაც მხარეთა დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს (იხ. სუსგ №409აპ-20, №243აპ-21).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ლ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე

საქმე # 330100121004597388

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელი

№378აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი

ლ–ე გ., 378აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 1 ივნისს მსჯავრდებულ გ. ლ–ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისს მსჯავრდებულ გ. ლ–ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განჩინებაში „გ. ლ–ს“ ნაცვლად მითითებულია „გ. ლ–ე“, ასევე – განჩინების თარიღად მითითებულია 2021 წლის 1 ივნისი, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და განჩინებაში მიეთითოს „გ. ლ–ე“, ხოლო განჩინების გამოტანის თარიღად – 2022 წლის 1 ივნისი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ბ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინებაში „გ. ლ–ს“ ნაცვლად მიეთითოს „გ. ლ–ე“, ხოლო განჩინების გამოტანის თარიღად – 2022 წლის 1 ივნისი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე