საქმე # 330100121004950388
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№419აპ-22 ქ. თბილისი
მ–ე ი., 419აპ-22 17 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. მ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის მაისში, დილის საათებში, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლების მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში, №.. კორპუსის ბინა №..-ში, ი. მ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ნ. მ–ს, კერძოდ, ორივე ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული დარტყმისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლების მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში, №.. კორპუსის ბინა №..-ში, ი. მ–მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ნ. მ–ს, კერძოდ, ორივე ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში, ასევე – მარჯვენა ხელი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა ნეკნების არეში, მარცხენა მხარეს, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული დარტყმისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლების მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში, №.. კორპუსის ბინა №...-ში, ი. მ–ე, ძალადობის ჩადენის შემდეგ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ნ. მ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ „არ აცოცხლებდა, მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ი. მ–ე, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 5 ივლისიდან.
4. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლების მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში, №.. კორპუსის ბინა №..-ში, ი. მ–მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ნ. მ–ს, კერძოდ, ორივე ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში, ასევე – მარჯვენა ხელი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა ნეკნების არეში, მარცხენა მხარეს, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული დარტყმისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლების მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში, №.. კორპუსის ბინა №..-ში, ი. მ–ე, ძალადობის ჩადენის შემდეგ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ნ. მ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ „არ აცოცხლებდა, მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი დავით ხვედელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს მსჯავრდებულ ი. მ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. დაზარალებულმა ნ. მ–მ (მსჯავრდებულის ყოფილმა მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები (რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა 2021 წლის 5 ივლისს მსჯავრდებულის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე ძალადობისა და მუქარის ჩადენა) არ შეიცავს არსებითი სახის რაიმე ინფორმაციას 2021 წლის მაისში ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე. ამ ნაწილში ბრალდება მთლიანად დამყარებული იყო გამოძიებაში მიცემულ დაზარალებულის ჩვენებაზე, რომელმაც, როგორც ზევით აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის.
11. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ბრალდების მხარის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე