საქმე # 190100121004360971
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№403აპ-22 ქ. თბილისი
მ–ე მ., 403აპ-22 16 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–მის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით მ. გ–ე, – დაბადებული 19... წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 28 ნოემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში მდებარე ა. შ–სის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა. შ–ზე განაწყენებულმა მ. გ–მ, შურისძიების მოტივითა და მოკვლის განზრახვით, ა. შ–სის მამას – მ. შ–ს თავის არეში ჩაარტყა რკინის ბლაგვი საგანი, ე.წ. „ლომი“, რის შედეგადაც მ. შ–ე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა გ. მ–მ. მან ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით და მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
5. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი – ზვიად ფხაკაძე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. გადაწყვეტილებები – №187აგ-16, №334აპ-19), ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – მოწმეების: ა. შ–ს, მ. ი–ს, ნ. ზ–ს, ზ. გ–სა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 15 იანვრის №...... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, ასევე – საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მ. გ–მ ჩაიდინა მიხეილ შავაძის განზრახ მკვლელობა.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე გადაკვალიფიცირების შესახებ, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა მ. გ–ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, კერძოდ: გარდა მ. მ–სა, შემთხვევის შემსწრე ყველა სხვა მოწმე უთითებს, რომ ა. შ–ს დანა არ ჰქონია; 2020 წლის 28 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმიდან ირკვევა, რომ მხოლოდ მ. მ–ს მარჯვენა ხელის არათითიდან (რომელიც დაზიანებული ჰქონდა) ვერ აიღეს კვალის ნიმუში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შემთხვევის დროს მას დანის პირზე არ ჰქონდა ხელი წავლებული და თითები არ დაუზიანებია. რაც შეეხება მ. გ–ს, იგი ცდილობდა, რომ განვითარებული მოვლენები რეალურზე მეტად საშიშად წარმოეჩინა, თუმცა მისი ჩვენება შეუსაბამოა ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ა. შ–ს ხელში დანა არ დაუნახავთ. გარდა ამისა, უდავოდაა დადგენილი, რომ ფიზიკურად ძლიერი მ. მ–ე ზევიდან ეწვა შედარებით სუსტ ა. შ–ს. შესაბამისად, თითქოს მ. გ–ე იძულებული იყო, დახმარებოდა ძმას, არ შეესაბამება სინამდვილეს.
10. საყურადღებოა იარაღად გამოყენებული საგნის – ე.წ. „ლომის“ პარამეტრები, ასევე – გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები (რომლებიც მიყენებულია ერთი დარტყმით), რომელთა სიმძიმე ცალსახად ადასტურებს, რომ შექმნილ ვითარებაში შემთხვევით არაფერი მომხდარა, პირიქით, მ. გ–მ ე.წ. „ლომი“ მიზანმიმართულად, სერიოზული ძალით დაარტყა მ. შ–ს, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა, აღნიშნული კი, საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, მიუთითებს მსჯავრდებულ მ. გ–ს ქმედებაში მ. შ–ს მოკვლის განზრახვის არსებობაზე.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა მ. გ–ს ქმედებაში როგორც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, ისე – მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაკვალიფიცირების უმართებულობა.
12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–მის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე