საქმე # 330100120004167826
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№441აპ-22 ქ. თბილისი
ნ–ი ნ., 441აპ-22 17 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით ნ. ნ–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 30 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ნ–მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ნ. ნ–ი 2020 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:23 საათზე, ქარხნული წესით დამზადებული, „STALKER 914-S“ მოდელის, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ხმოვანი პისტოლეტისა და ცივი იარაღის გამოყენებით, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, თავს დაესხა თ–ში, კ–ს გზატკეცილზე, კოსმონავტების ძეგლთან მდებარე შპს „..........ის“ კუთვნილ, „გ–ს“ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ შ. ჩ–ს და მოსთხოვა ფული. შ. ჩ–ს თავდასხმის გამო გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე, რის გამოც ნ. ნ–ს გადასცა შპს „.........ის“ კუთვნილი 490 ლარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ნ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №363აპ-17, №201აპ-21).
7. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ შ. ჩ–ს ჩვენება, 2020 წლის 30 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2021 წლის 19 მარტის №...., ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 20 ნოემბრის №.... და ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 30 ოქტომბრის №........ დასკვნები, მოწმეების – გ. ბ–ს, მ. გ–ს, ი. წ–ს, გ. ტ–ს, ნ. კ–სა და სხვათა ჩვენებები, ამოცნობის ოქმი, ვიდეოჩანაწერები და სხვ.), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ნ. ნ–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
8. საკასაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულმა სასამართლოს ამომწურავად მიაწოდა თანმიმდევრული და დამაჯერებელი ინფორმაცია მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასა და თავდამსხმელის ჩაცმულობაზე (რომლითაც ამოცნობისას ამოიცნო ნ. ნ–ი), მანვე განაცხადა, რომ თავდამსხმელს თითი ჰქონდა შეხვეული, რაც დასტურდება საქმის მასალებით, კერძოდ: გამომძიებელ გიორგი ბასილიას მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ ნ. ნ–ის თხოვნით პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების სამსახური, რა დროსაც მან მოითხოვა მარჯვენა ხელის შუა თითზე სახვევის შეცვლა და შეხვევა, რაც ასევე დადასტურდა სამედიცინო ბარათით. ამასთან, მას მსჯავრდებულის მიმართ არ გააჩნია პირადი ინტერესი.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია იმავე მოტივებით, რომლებზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, რასაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ ნ. ნ–ის ბრალდების საქმე განიხილეს საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე