Facebook Twitter

საქმე # 340100121004693271

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№405აპ-22 ქ. თბილისი

ნ–ი ა., 405აპ-22 17 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ნ–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი, ნასვამი ა. ნ–ი 2021 წლის მარტიდან გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, აგინებდა პაპას – ი. ნ–ს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ა. ნ–ი, – დაბადებული 1... წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თინათინ ზუბაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ა. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის განსაზღვრას მითითებული მუხლის სანქციის ფარგლებში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ა. ნ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ნ–სის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ბრალდებულმა ა. ნ–მ თავი არ ცნო დამნაშავედ, ხოლო დაზარალებულმა ი. ნ–მმა (ბრალდებულის პაპამ), საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს (მოწმეთა ჩვენებებს, შეტყობინებას, განაჩენს), ისინი ირიბია, ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებისა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე