საქმე # 330100120004199756
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№454აპ-22 ქ. თბილისი
ს–ი ა., 454აპ-22 17 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ა. ს–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და ა. ს–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ა. ს–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 7 ნოემბრიდან იმავე წლის 10 ნოემბრის ჩათვლით და 2021 წლის 9 აგვისტო.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ნ. ზ–ი და ა. ს–ი 2019 წლის ნოემბრიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობენ თ–ში, ს–ს ქ. №..-ში, ასევე ჰყავთ საერთო შვილი – 2020 წლის 23 იანვარს დაბადებული ნ. ს–ი. 2020 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათსა და 20 წუთზე, ისინი იმყოფებოდნენ სახლში, ზემოაღნიშნულ მისამართზე. ა. ს–მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ნ. ზ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მასზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ: ურთიერთშელაპარაკებისას, ა. ს–მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში ნ. ზ–ს და ასევე სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა ფეხებს. ა. ს–ის მიერ ნ. ზ–ის ცემის დროს დაზარალებულს ხელში ეჭირა მათი საერთო შვილი – 9 თვის ნ. ს–ი, რომელსაც ჩხუბსა და ხმაურზე შეეშინდა და დაიწყო ტირილი. ნ. ზ–ი ცდილობდა მეუღლის მოგერიებასა და ბავშვის დაწყნარებას, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევდა ა. ს–ი, რა დროსაც ყელში მოუჭირა ხელი. როდესაც ნ. ზ–მ შეძლო მეუღლისაგან თავის დაღწევა, გაიქცა ქუჩაში პოლიციის გამოსაძახებლად, მაგრამ ა. ს–ი დაეწია და განაგრძო მისი ცემა ხელებისა და ფეხების დარტყმით, ამასთანავე, ძალით შეიყვანა სახლში. მიუხედავად ამისა, ნ. ზ–მ კვლავ შეძლო ა. ს–ისაგან გამოქცევა და ქუჩაში შენიშნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები, რომელთაც განუცხადა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ა. ს–ი დააკავეს ბრალდებულის სახით ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მის მიერ ჩადენილი ცემისა და ძალადობის შედეგად ნ. ზ–მ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნანა ჯაყელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ა. ს–ისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს განაჩენს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ს–ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა (დანაშაულის აღიარება და მონანიება, დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობის არარსებობა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და სხვ.) და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ს–ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე