Facebook Twitter

საქმე # 330100121005009140

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№519აპ-22 ქ. თბილისი

ს–ი დ., 519აპ-22 29 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით დ. ს–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 31 იანვრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი – 2021 წლის 11 ოქტომბრიდან 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ს–მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით დ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2021 წლის 3 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, .........ს ხეივნის მე-.. კილომეტრზე მდებარე შპს „.......ის“ კუთვნილი მაღაზია „მ–ან“ დ. ს–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 820 ლარად და 50 თეთრად ღირებულ „რემი მარტინის“ ფირმის კონიაკსა და 1251 ლარად და 95 თეთრად ღირებულ „ჰენესის“ ფირმის კონიაკს. აღნიშნულმა ქმედებამ 2072 ლარისა და 45 თეთრის ზიანი გამოიწვია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ი. თ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ. ს–ისათვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

8. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დ. ს–ისათვის განსაზღვრულ სასჯელს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა შესაძლებელია, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

9. საქმეზე არსებული გარემოებების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ ი. თ–ს მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა), საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრეს კანონიერი, სამართლიანი და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დ. ს–ი არ დაუკავებიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე და ეს გარემოება უნდა გახდეს მისთვის შეფარდებული სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლის საფუძველი, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების არსებობისას სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის ნაწილს ვერ ჩაუთვლის პირობით მსჯავრად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე