Facebook Twitter

საქმე # 330100121004272683

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №442აპ-22 ქ. თბილისი

ფ–ი რ., 442აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ვ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 სექტემბრის განაჩენით რ. ფ–ი, – დაბადებული 1.. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი და იმავე სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე განახევრებული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენითა და განჩინებით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 2000 ლარი და რ. ფ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 10 დეკემბრიდან; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ფ–მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· რ. ფ–მ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 0,3383 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც ამოიღეს 2020 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 22:25 საათზე, თ–ში, რ–ს გზატკეცილის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას.

4. მსჯავრდებულ რ. ფ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ვ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და რ. ფ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების – ლ. ხ–ს, ი. გ–ს, დ. გ–ს, ზ. კ–ს, ნ. ხ–ს, ე. ფ–სა და სხვათა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავების ოქმი, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2021 წლის 18 იანვრის №.... და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ნიმუშის აღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია რ. ფ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. განსაკუთრებით საყურადღებოა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულის გენეტიკური პროფილის არსებობა პოლიეთილენის ნაჭრიდან აღებულ ანაწმენდზე.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რომელთა სისწორეში დაეჭვების ობიექტური საფუძველი მტკიცებულებების გამოკვლევით არ დგინდება. რაც შეეხება ე. ა–ს მოწმედ დაკითხვას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (სსსკ-ის 83-ე მუხლი). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება. შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დასაკითხ მოწმეთა სიაში შეეყვანა ე. ა–ი და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (სუსგ №951აპ-20, №669აპ-20, №970აპ-21).

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას რ. ფ–ს უდანაშაულობის შესახებ და მიიჩნევს, რომ მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე – უდავოდ ცნობილ, ურთიერთშეჯერებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც ქმნის მისი მსჯავრდებისათვის უტყუარ და საკმარის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ასევე – ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულია საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ვ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე