საქმე # 330100120003545537
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №264აპ-22 ქ. თბილისი
ფ–ე ზ., 264აპ-21 27 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის უფროსი პროკურორის – მარიამ ბერძენიშვილისა და მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
ზ. ფ–ს, – დაბადებულს 1.. წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 10 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ზ. ფ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 იანვრიდან.
ვ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 9 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, ხოლო 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 8 იანვრიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ფ–მ და ვ. ბ–მ ჩაიდინეს: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ–ა და მ. წ–ა იმყოფებოდნენ თ–ში, .....ს მე-.. მასივში, ე.წ. „........ს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იყვნენ ბრალდებულები: ზ. ფ–ე და ვ. ბ–ე. ხსენებული პირები შელაპარაკდნენ ზ. ფ–ს საკუთრებაში არსებულ ავტომობილთან დაკავშირებით. კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გაგრძელდა რამდენიმე წუთს. ზ. ფ–მ და ვ. ბ–მ, ჯგუფურად, მ. წ–ს მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, მ. ჩ–მ კი ჯგუფური ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მას შემდეგ, რაც მ. ჩ–მ მოახერხა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, ზ. ფ–მ და ვ. ბ–მ, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, განიზრახეს მ. წ–სთვის თავისუფლების აღკვეთა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი ჩასვეს ზ. ფ–ს კუთვნილ, „ტოიოტა აქვას“ მოდელის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით – ........) და ე.წ. „.......ს სასაფლაოს“ ტერიტორიიდან გადაიყვანეს ვ. ბ–ს საცხოვრებელ ბინაში (თ–სში, .........ის ზემო პლატო, კორპუსი „ა“, ბინა №..-ში). ზ. ფ–სა და ვ. ბ–ს ქმედების შედეგად მურად წურწუმიას უკანონოდ აღეკვეთა თავისუფლება 2020 წლის 2 იანვრის ღამის საათებიდან იმავე წლის 3 იანვრის 09:43 საათამდე. მიყენებული დაზიანებების შედეგად მურად წურწუმია 2020 წლის 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ზ. ფ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე; ვ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ზ. ფ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაადგინა, რომ ზ. ფ–მ და ვ. ბ–მ ჩაიდინეს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ზ. ფ–მ ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. თბილისის პროკურატურის უფროსი პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ვ. ბ–სა და ზ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მათთვის ისეთი სასჯელების განსაზღვრას, როგორიც შეფარდებული ჰქონდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით.
6. მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ზ. ფ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, საჩივარში მითითებული მოტივებით.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №872აპ-09, №207კოლ-05, №275აპ-17) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ზ. ფ–ს გამართლების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.
10. სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილია იგივე მოტივები, რომლებზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, რასაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხები. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ზ. ფ–ს უდანაშაულობის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე – უდავოდ ცნობილ, ურთიერთშეჯერებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ზ. ფ–ს პატაკით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შეყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმებით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, №..... შეტყობინების ბარათით, ექსპერტების ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ასევე – ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი და დაცვის მხარეს გასცა დასაბუთებული პასუხები, ამიტომ ამ საკითხებზე საკასაციო პალატა აღარ მსჯელობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი ადვოკატ ლ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც ზ. ფ–სა და ვ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ვ. ბ–ს მიერ ზემომითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების ამ ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულ ვ. ბ–ს სასარგებლოდ, ხოლო ზ. ფ–ს ქმედება ამ ნაწილში სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
12. რაც შეეხება პროკურორის საჩივრის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ. ფ–სა და ვ. ბ–სათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელები შეესაბამება მსჯავრდებულთა პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ორივე მსჯავრდებულს დაუნიშნა შესაბამისი მუხლების სანქციებით გათვალისწინებული სასჯელები. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – ზ. ფ–სა და ვ. ბ–სათვის განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზ. ფ–სა და ვ. ბ–ს ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენში შეიტანა ცვლილება. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულთა მიერ გასაჩივრებული განაჩენით მათთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის უფროსი პროკურორის – მარიამ ბერძენიშვილისა და მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე