საქმე # 060100121004461009
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №283აპ-22 თბილისი
ქ–ე თ., 283აპ-22 24 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. ქ–ს ბრალი დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2021 წლის 14 იანვარს, ს–ში, ტ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საკუთარ სახლში, თ. ქ–ე, ურიერთშელაპარაკებისას, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - მ. ქ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2021 წლის 16 იანვარს, დილის საათებში, ს–ში, ტ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საკუთარ სახლში, თ. ქ–ე, ურიერთშელაპარაკებისას, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - მ. ქ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენით თ. ქ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 და 16 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; თ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 და 16 იანვრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; თ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 და 16 იანვრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. გამართლებულ თ. ქ–ს ადვოკატი თ. ჟ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ. ქ–ს ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე