Facebook Twitter

საქმე # 330100120004046497

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№475აპ-22 ქ. თბილისი

ქ–ა ბ., 475აპ-22 28 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განაჩენით ბ. ქ–ა, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული და 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 30 სექტემბრიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ბ. ქ–ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით ბ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

· 2020 წლის 1 სექტემბერს ბ. ქ–ამ ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო, რომ ჯანგირა ფეროიანი 500 ლარად ჰყიდდა „ჰუავეი ჰონორ 8X“ მოდელის ტელეფონს. 2020 წლის 2 სექტემბერს ბ. ქ–ა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით მივიდა ჯ. ფ–ნთან ქ. თ–ში, .......... მეურნეობაში, მ–ს ქ. №..-თან, დაარწმუნა იგი, რომ მეორე დღეს საფასურს ჩაურიცხავდა ანგარიშზე და დაზარალებულს გამოართვა ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონი. ბ. ქ–ა მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით, მან იმავე დღეს ჯ. ფ–ს კუთვნილი მობილური ტელეფონი 300 ლარად დაალომბარდა ი.მ. „...........ის“ ლომბარდში და აღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ბ. ქ–ამ თავისი ქმედებით დაზარალებულ ჯ. ფ–ს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ქ–მ. მან მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ თაღლითობის ჩადენა არ ჰქონდა განზრახული, უბრალოდ, დაუგვიანდა ნივთის საფასურის გადახდა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №7აპ-13, №54აპ-18, №161აპ-18, №125აპ-09).

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: დაზარალებულ ჯ. ფ–ს, მოწმეების – ა. კ–სა და ი. ვ–ს ჩვენებებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და მასზე დართული ე.წ. „სქრინშოტებით“, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებით, სესხისა და გირავნობის №.......... ხელშეკრულებითა და მისი დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმითა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ბ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – თაღლითობის ჩადენა. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები და ასევე ის ფაქტი, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მსჯავრდებული ემალებოდა დაზარალებულს, ხოლო 2020 წლის 3 სექტემბრიდან გათიშა მობილური ტელეფონი და ჩააბარა ლომბარდში, ასევე – 10 სექტემბრისთვისაც კი, როდესაც, ბ. ქ–ს განმარტებით, მას ერიცხებოდა ხელფასი, არ გადაიხადა ტელეფონის საფასური, ცალსახად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს წინასწარ ჰქონდა განზრახული, თაღლითურად, მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ჯ. ფ–ს ქონება.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოწმეთა ჩვენებები (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია) ურთიერთთანხვდენილია და მათ შორის რაიმე მნიშვნელოვანი და არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ქ–ს ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში არის კანონიერი.

9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ქ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე