Facebook Twitter

საქმე # 190100118002284971

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№471აპ-22 ქ. თბილისი

ყ–ი ხ., 471აპ-22 28 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ. ყ–ს ბრალი დაედო თვითნებობაში, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის ივნისში ა. თ–ი, ნ. ნ. ო–ი და ხ. ყ–ი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან ა. თ–სა და ნ. ნ. ო–ის ცუდი საბანკო ისტორია ჰქონდათ, ა. თ–ის კუთვნილი სახლი (მდებარე გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, ს/კ ---) გადაფორმდებოდა ხ. ყ–ის სახელზე. სახლის ბანკში ჩადების გზით ისინი გამოიტანდნენ თანხას, დაახლოებით 30 000 აშშ დოლარს, რომლის ნაწილი გადაეცემოდა ა. თ–ს, ნაწილს კი ნ. ნ. ო–ი და ხ. ყ–ი მოიხმარდნენ საკუთარი ბიზნესისათვის; ა. თ–ის დარჩენილი თანხა მოგვიანებით დაიფარებოდა, ხოლო, თუ ბანკიდან შესაბამისი თანხის აღება ვერ მოხერხდებოდა, სახლი კვლავ გადაუფორმდებოდა ა. თ–ს. 2015 წლის 14 ივლისს ა. თ–ის საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხ. ყ–ის სახელზე, ბანკიდან საჭირო ოდენობის თანხის გამოტანა კი ვერ მოხერხდა, თუმცა ხ. ყ–მ უარი განაცხადა ა. თ–ისთვის სახლის დაბრუნებაზე, სანამ ნ. ნ. ო–ი 2011 წელს მისგან ნასესხებ 16 000 აშშ დოლარს არ დაუბრუნებდა.

· ზემოაღნიშნული ქმედებით ა. თ–ს მიადგა 66 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით ხ. ყ–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ხ. ყ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №531აპ-17).

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას ხ. ყ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმების შესახებ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა ხ. ყ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ხ. ყ–მ ჩაიდინა თვითნებობა, რადგან ა. თ–ის საცხოვრებელი სახლი, ფაქტობრივად, მასა და ნ. ნ. ო–ის შორის არსებული სასესხო ურთიერთობის უზრუნველყოფის საგანი იყო. ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით იპოთეკა-გირავნობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რომლის პირობაც იყო ის, რომ სესხი უნდა დაბრუნებოდა ხ. ყ–ს, რის შემდეგაც ბინა დაუბრუნდებოდა ა. თ–ს, სესხის დაბრუნებამდე კი, როგორც გარანტია, სახლი მის სახელზე უნდა ყოფილიყო. მოლაპარაკებებს წარმართავდა ნ. ნ. ო–ი. ფაქტობრივად, მისი თვალთმაქცური გარიგებების მსხვერპლები გახდნენ როგორც ხ. ყ–ი, ისე – ა. თ–ი. ნ. ნ. ო–ი ა. თ–ს დაჰპირდა სახლის ნასყიდობის საფასურს, ხოლო ხ. ყ–ს – სესხის დაბრუნებას და სესხის დაბრუნებამდე ამ სახლის, როგორც უზრუნველყოფის საგნის, მიცემას.

9. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ. ყ–ი ა. თ–ნ მიიყვანა ნ. ნ. ო–იმ და სწორედ მან დაგეგმა და განახორციელა ა. თ–თან გარიგება, თვითონ მოახერხა მიწის ნაკვეთისა და სახლის საჯარო რეესტრში აღრიცხვა, თვითონვე გადაიხადა ყველა გადასახადი (საჯარო რეესტრისა და აზომვითი ნახაზის), ორივე წაიყვანა ნოტარიუსთან და უშუალოდ მისი მითითებით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებაც. ხ. ყ–მ არ იცოდა, რა გარიგება ჰქონდა ნ. ნ. ო–ის ა. თ–თან, გარდა იმისა, რომ სახლის საფასურს ნელ-ნელა თვითონ გადაუხდიდა მეგობარს, ხ. ყ–ს ვალს დაუფარავდა ორი თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ თანხას არ მიიღებდა, შეეძლო ბინის გაყიდვა. ამდენად, ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ხ. ყ–ს არ ჰქონია თვითნებობის განზრახვა, ა. თ–ის სახლი მისთვის ნ. ნ. ო–ის ვალდებულების შესრულების გარანტია იყო, ხოლო ნ. ნ. ო–ის რა მოლაპარაკება ჰქონდა ა. თ–თან, კონკრეტულად არ იცოდა, რადგან ა. თ–ს არავისთვის დაუძალებია ხ. ყ–სთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. ზემოაღნიშნული დასტურდება დაზარალებულისა და მოწმეების – გ. ს–ს, ო. გ–ს, რ. ო–ს ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

10. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ხ. ყ–ს რაიმე უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. დავის მიმდინარეობის მთელ პერიოდში ბინის ფაქტობრივი მფლობელი იყო დაზარალებული, რომელიც ბინის გაქირავებით იღებდა შემოსავალს. ამასთან, დაზარალებულად ცნობილმა ა. თ–მ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წამოიწყო დავა სასამართლოში და ხ. ყ–იც სწორედ სასამართლოს მეშვეობით ცდილობდა მისთვის ბინის უკან გადაფორმებაზე უარის მართებულობის დამტკიცებას, რაც ასევე გამორიცხავს მის მიერ თვითნებობის ჩადენას.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე