Facebook Twitter

საქმე # 110100118002678635

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №278აპ-22 ქ. თბილისი

წ–ე ბ., 278აპ-22 2 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ ბ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. წ–ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 18 აგვისტოსა და 2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდები) და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ და არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზ–ს რაიონის სოფელ მ–ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, წყაროსთან, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ბ. წ–მ, განაწყენების ნიადაგზე, სახეზე მოუჭირა ხელი ძმას – გ. წ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით ცემისათვის ნასამართლევმა ბ. წ–მ, განაწყენების ნიადაგზე, ხელი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში პ. წ–ს და დაუხია მაისური, რა დროსაც ლ. წ–ე შეეცადა ბ. წ–ს შეჩერებას, თუმცა მან განაგრძო ძალადობა, ხელი ჰკრა ლ. წ–ს, წააქცია და ფეხი დაარტყა მარჯვენა მხარეს, ნეკრების არეში. აღნიშნული ქმედებით ლ. წ–მ და პ. წ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ზ–ს რაიონის სოფელ მ–ში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, პირუტყვის სადგომთან, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ბ. წ–მ, განაწყენების ნიადაგზე, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი ძმას – გ. წ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენით ბ. წ–ე, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 აგვისტოსა და 2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 19 აგვისტოდან იმავე წლის 21 აგვისტოს ჩათვლითა და 2019 წლის 25 აგვისტოდან 2020 წლის 11 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. წ–ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო დაცვის მხარე – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ბ. წ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულფასოვნად არ შეაფასა და გამოიტანა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. წ–ს მსჯავრდებისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ბრალდების ორ ეპიზოდში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ამ ეპიზოდებში ბ. წ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულ გ. წ–ს ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება და ირიბი სახისაა, შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, მითუფრო, რომ მოწმე ი. წ–მ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს ბ. და გ. წ–ები სიტყვიერად კამათობდნენ და ბ–ს ძმისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

9. რაც შეეხება 2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდს, აქაც მხოლოდ დაზარალებულ გ. წ–ს პირდაპირი ჩვენებაა წარმოდგენილი. მოწმე ლ. წ–ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არ დაუნახავს, როგორ დაარტყა ხელი ბ–მ გ–ს და ნამდვილად ნახა ბ–ს ხელზე არსებული დაზიანებები, რომლებიც, ბადრის თქმით, მათმა ძაღლმა მიაყენა. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნაც, რომელშიც აღწერილია, რომ ბ. წ–ეს აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის მრავლობითი ღია, დაჟეჟილკიდეებიანი და მარჯვენა წინამხრის ძაღლის ნაკბენი ჭრილობები.

10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ ბ. წ–ეს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება (2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი), ამიტომ საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

11. კასატორი საჩივარში უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება გამამართლებელ ნაწილში განაჩენის გაუქმებისა და ბ. წ–ს მსჯავრდების საფუძველი.

12. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ბ. წ–ს სრულად გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ბ. წ–სათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) შერაცხული ბრალის დასადასტურებლად (დაზარალებულების – პ. წ–სა და ლ. წ–ს, მოწმეების – გ. წ–სა და ბ. გ–ს ძე წ–ს ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები (რომელთა სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – მ. ნ–მ და ო. ხ–მ), ამოღების ოქმი, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მასალები. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ბ. წ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საკასაციო საჩივარში დიდწილად მეორდება დაცვის მხარის ის საკვანძო არგუმენტები, რომლებსაც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება.

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. წ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ და მიაჩნია, რომ სასამართლოებმა დაასაბუთეს მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის ზომა. ბ. წ–სათვის სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე – ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

14. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ ბ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე