Facebook Twitter

საქმე # 330100121004573649

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №393აპ-22 ქ. თბილისი

ხ–ი დ., 393აპ-22 17 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ხ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, ე.ი. პირის დამცირებაში, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს; მუქარაში, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· დ. ხ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ, ვინაიდან ა. კ–ი იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მას და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი. 2021 წლის 6 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, მ–ში, ლ. ლ–ს ქ. №., ბინა №..-ში, დ. ხ–მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. კ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, სახის არეში ორჯერ ძლიერად დაარტყა მარცხენა და მარჯვენა მუშტები, ასევე ტუჩის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულს ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ დ. ხ–მ თავში დაარტყა მუშტი, რის გამოც ა. კ–ი გადავარდა საწოლზე, სადაც წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხები ტანისა და ფეხების არეში. ამავე დროს დ. ხ–მ მას მარჯვენა ბარძაყის არეში ჩაარტყა მაკრატელი, ასევე – ანთებული სიგარეტი დაადო შუბლის, შემდეგ კი – კისრის არეში. მომდევნო დღეს, 7 მარტს, დილის საათებში, დავით ხ–მ ა. კ–ს კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ა. კ–მ თითოეული ქმედებისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, ძალადობის შემდეგ დავით ხ–მ ა. კ–ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შეჭრა თმა, რითიც დაზარალებულმა თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.

· დ. ხ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ, ვინაიდან ა. კ–ი იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მას და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი. 2021 წლის 6 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, მ–ში, ლ. ლ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, დ. ხ–ი ა. კ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· დ. ხ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ, ვინაიდან ა. კ–ი იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მას და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი. 2021 წლის 6 მარტს, დილის საათებში, თ–ში, მ–ში, ლ. ლ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, დ. ხ–ი ა. კ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მობილური ტელეფონით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „არ აცოცხლებდა, ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 6 მარტს, დილის საათებში, თ–ში, მ–ში, ლ. ლ–ს ქ. №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დავით ხ–მ ძალადობის დროს გადატეხა ა. კ–ის (რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას) კუთვნილი „სამსუნგის“ („SAMSUNG“) ფირმის მობილური ტელეფონი, რითიც დაზარალებულს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· დ. ხ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ, ვინაიდან ა. კ–ი იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მას და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი. 2021 წლის 6 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, მ–ში, ლ. ლ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, დ. ხ–მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. კ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც მას ანთებული სიგარეტი დაადო შუბლისა და კისრის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით დ. ხ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ე.წ. „........ს ეპიზოდი“) წარდგენილ ბრალდებაში; დ. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება – სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება – სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით – 2-2 წლით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 7 მარტიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: დ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ე.წ. „.......ს ეპიზოდი“) წარდგენილ ბრალდებაში; მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; დ. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი მსჯავრდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1443-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება – სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. დ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 7 მარტიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – პროკურორი დავით ხვედელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში წარდგენილი მუხლების მიხედვით და მისთვის კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელების განსაზღვრას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გათვალისწინებით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ ა. კ–ის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №......., სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №...... და ბიოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნები, მოწმე ა. ხ–ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ე.წ. „ყ-ის ეპიზოდი“) გამართლება და 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ამორიცხვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარად ვერ დადგინდა ის გარემოება, რომ დ. ხ–ი და ა. კ–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან/და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (მაგალითისთვის იხ. სუსგ №933აპ-21, №1007აპ-21).

9. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით, აღნიშნული არ დადასტურებულა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ დ. ხ–ისათვის წარდგენილ ბრალდებებში გენდერული დისკრიმინაციით ნაკარნახევი ძალადობა არ იკვეთება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება (სუსგ №625აპ-21, №13აპ-20).

10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. ხ–ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ ძირითად არგუმენტზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ბრალდების მხარე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მათი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად საპროცესო კოდექსის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის განხილვის შედეგზე, არ გამოვლენილა.

12. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).

13. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე