საქმე # 080141322005841469
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №36I -22 თბილისი
ო–ე კ., 36I -22 29 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ო–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის პირველ ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. ო–მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ო–ს, - დაბადებულის 1... წელს, - მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ო–მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ კ. ო–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესავალში აღნიშნულია, რომ ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2021 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ო–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უკვე იმსჯელა და არ გაავრცელა.
3. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენითა და ამ განაჩენზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით კ. ო–ს განემარტა, თუ რატომ არ გავრცელდა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აქედან გამომდინარე, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არის ერთჯერადი აქტი, ხოლო მსჯავრდებულ კ. ო–ს მიმართ ამ კანონის აღსრულების შესახებ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს იმავე საკითხზე განმეორებით მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განმეორებით განიხილოს მსჯავრდებულ კ. ო–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების საკითხი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ კ. ო–ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ო–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე