Facebook Twitter

საქმე # 080141322005794932

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №34I-22 თბილისი

მ–ი გ., 34I -22 20 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატ თ. ბ–ს საჩივარი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ აღსრულების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2022 წლის 18 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. მ–ს, - დაბადებულის 19.. წლის 5 თებერვალს, - ადვოკატმა თ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გ. მ–ს მიმართ გავრცელება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2022 წლის 27 მაისის წერილით მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატ თ. ბ–ს განემარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მის შუამდგომლობაზე, რის გამოც მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების თაობაზე სასამართლომ არ მიიღო განჩინება.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წერილობითი უარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატმა თ. ბ–მ, რომელიც ითხოვს, რომ სასამართლომ განიხილოს საჩივარი და იმსჯელოს მის მოთხოვნაზე მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრედებულის, მათ შორის ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია - თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ამავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, პირს, რომლის მიმართაც გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. უზენაესი სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისთვის საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. სასამართლო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე (გარდა განაჩენისა და განკარგულებისა) გამოაქვს განჩინების სახით.

4. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შესაძლებელია გასაჩივრდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მსჯავრდებულის მიმართ აღსრულების - გავრცელების ან გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატმა თ. ბ–მ გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის წერილი, რის გამოც საკასაციო პალატა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი, განიხილოს წარმოდგენილი საჩივარი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატ თ. ბ–ს საჩივრის განხილვაზე უნდა ეთქვას უარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატ თ. ბ–ს საჩივარი არ იქნეს განხილული;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე