საქმე N 330100121004468998
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე N269აპ.-22 6 ივნისი, 2022 წელი ბ-ი ო., 269აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ბ-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ს. კ-ის, ბ. ნ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2022 წლის 18 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი და ო. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
1.2. მსჯავრდებულ ო. ბ-ის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ს. კ-ემ, ბ. ნ-ემ და ა. გ-ემ საკასაციო საჩივრებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვარის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის მიუხედავად, სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მოცემული.
2.2. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ო. ბ-მა მეუღლეს დანის გამოყენებით წელის მარცხენა არეში განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ, ა. ბ-ს წელის მარცხენა არეში, თეძოს ძვალთან, აღენიშნებოდა ღია, სისხლმდენი, შემავალი ჭრილობა, მიმართული მუცლის ღრუში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანო.
2.3. სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში“ განხორციელებული რამდენიმე სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, მოწმეთა ჩვენებების, შემაკავებელი ორდერის, სამედიცინო დოკუმენტების, ექსპერტიზის დასკვნისა და მხარეთა პოზიციების მოსმენით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ო. ბ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. მათი შეფასებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს ო. ბ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
3.2. საკასაციო საჩივრების ავტორების აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად უთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის N415აპ.-21 განაჩენზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას გამოიყენა უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტი და საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
3.3. საკასაციო საჩივრების ავტორები მიუთითებენ, რომ განაჩენი ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: ნ. ბ-ის მიერ ,,112-ში“ დაფიქსირებულ შეტყობინებას, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციას ო. ბ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ასევე ზარის ინიციატორი სრულყოფილად არ ფლობს ქართულ ენას, რამაც ,,112-ისთვის“ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება განაპირობა; შემაკავებელ ორდერს, რომელიც არ არის უტყუარი, ვინაიდან დაზარალებული გამოკითხვისას იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ასევე ორდერში ასახული ინფორმაცია - დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით; მოწმე კ. თ-ის ჩვენებას, რომელიც თავისი შინაარსით ირიბია, რაც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
3.4. კასატორების პოზიციით, განსახილველ შემთხვევაში ,,112-ში“ შესული შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით, მოწმე კ. თ-ისა და გ. ო-ის ჩვენებებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა დაუშვებელია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ზარის ინიციატორი ნ. ბ-ა, ასევე უარყოფილი არაა ეჭვი ჩანაწერის მონტაჟის ან სხვაგვარი მანიპულაციის შესახებ; შემაკავებელ ორდერში დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფრომაცია არ არის გადამოწმებული თავად ინფორმაციის წყაროსგან სასამართლოში მიცემული ჩვენებით ან სხვა მტკიცებულებით; მოწმეები - ნ. ბ-ი და გ. ო-ი ადასტურებენ შემაკავებელი ორდერის მატერიალურად შედგენის ფაქტს და არ არიან დანაშაულის თვითმხილველი პირები; მოწმე კ. თ-იც არ არის ა. ბ-ის მიერ უშუალოდ დაზიანების მიღების ფაქტის თვითმხილველი პირი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ ო. ბ-ის დანაშაულებივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
4.2. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების პოზიციას, რომ თითქოსდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვინაიდან საქმეში მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერების სტანდარტს.
4.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2021 წლის 1 იანვარს, 02:24:31 საათზე, სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში“ განხორციელდა ზარი, რომლის თანახმადაც პირი დანით იყო დაჭრილი და მოთხოვნილი იყო სასწრაფო დახმარება (N62 შეტყობინება); „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან“ გამოთხოვილი ჩანაწერის მიხედვით, 02:24 საათზე ნ. ბ-ში ითხოვს სასწრაფოს და ამბობს: „სასწრაფოდ სასწრაფო მოვიდეს, დანის ჩარტყმა არის“. დაზარალებული ა. ბ-ში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა შპს ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თავდაპირველად აცხადებდა, რომ დაეცა, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლემ მიაყენა დაზიანება (მოწმე კ. თ-ის ჩვენება). 2021 წლის 1 იანვარს, 15:00 საათზე, გამოიცა N008477 შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემის საფუძვლად მითითებულია: ა. ბ-ს მეუღლემ ო. ბ-მა დანით მიაყენა დაზიანება. ორდერს ერთვის ოქმი, სადაც აღნიშნულია ა-ა ბ-ის განმარტება - 2021 წლის 1 იანვარს, ღამის საათებში, იმყოფებოდა ოჯახის წევრებთან ერთად ქ. თბილისში, შ-ის მე-. შესახვევის N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მეუღლემ - ო. ბ-მა მიაყენა ფიზიკური დაზიანება, კერძოდ, დანა წელის მარცხენა არეში ჩაარტყა. N13 კითხვაზე, მოძალადემ ფიზიკურად იძალადა თუ არა მასზე, პასუხად მონიშნულია „კი“ და აღნიშნულია, რომ ო. ბ-მა ა-ა ბ-ს 2021 წლის 1 იანვარს დანით მიაყენა ფიზიკური დაზიანება წელის მარცხენა არეში. შემაკავებელ ორდერს და ოქმს ხელს აწერენ მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი ნ. ბ-ი, თარჯიმანი გ. ო-ი და თავად ა. ბ-ი. მართლწესრიგის უფროსმა ოფიცერმა ნ. ბ-მა დაადასტურა შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ორდერსა და ოქმში ა. ბ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ასახვა, ხოლო თარჯიმანმა გ. ო-მა აღნიშნა, რომ ა-ა ბ-ისთვის გასაგები იყო კითხვების შინაარსი და მათ ადეკვატურად პასუხობდა, რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს, მან დაზარალებულს უთარგმნა შემაკავებელი ორდერის შინაარსი. 2021 წლის 15 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N- დასკვნით დაზარალებულს მსხვილი ნაწლავის ჯორჯალზე აღენიშნებოდა ნაკვეთი დაზიანება. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამსხვრევი არ ემთხვევა ა-ა ბ-ის სხეულზე არსებული დაზიანების ზომას, ხოლო სხვა საგანი, რომელზედაც დაცემით დაზიანების წარმოშობა დადასტურდებოდა, ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
4.4 საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ბ-ი არ ფლობს ქართულ ენას და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არაზუსტია, მაშინ, როდესაც საქმეში არსებობს ნ. ბი-ის ხელწერილი (ტომი 1. გვ. 13), სადაც ის აღნიშნავს, რომ სრულად ფლობს ქართულ ენას.
4.5 საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა, სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებაში.
4.6. კასატორის მიერ მოყვანილ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (N415აპ.-21) ჩამოყალიბებული განმარტებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავებულია განსახილველი სისხლის სამართლის საქმისგან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ,,112-ში“ ზარის ინიციატორია ნ. ბ-ი (მოწმე მ. ქ-ს ჩვენება, ნ. ბ-ის გამოკითხვის ოქმში მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია). გარდა შეტყობინებისა, საქმეში წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - კ. თ-ის, გ. ო-ის, ნ. ბ-ის ჩვენებები, მათში ასახული ინფორმაცია კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ო. ბ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებას განსახილველ საქმესთან, ერთგვაროვანი პრაქტიკის თვალსაზრისით, კავშირი არ გააჩნია.
4.7. საქმის მასალების დეტალური ანალიზით არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მათი გამოკვლევისას არ გამოვლენილა გარემოება მათ სანდოობასა და უტყუარობასთან დაკავშირებით, ხოლო მტკიცებულებათა ერთობლიობა შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ს 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულის ადვოკატების - ს. კ-ის, ბ. ნ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე