საქმე # 080100120003736613
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №365აპ.-22 21 ივნისი, 2022 წელი
ს-ი ზ-ა, №365აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ-ა ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2020 წლის 19 მარტს ზ-ა ს-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 17 მარტს, ღამით, ბ-ის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ზ-ა ს-მა, შურისძიების მოტივით, დანით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ძმას - ზ.ბ ს-ს (მძინარე ძმას მუცლის არეში დაარტყა დანა). დაზარალებულს მიადგა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
1.2. 2020 წლის 20 მარტს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 17 მარტის 22:35 საათიდან.
1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:
ზ-ა ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ-ა ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გობრონიძემ და მსჯავრდებულ ზ-ა ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. რ-ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ბრალდების მხარემ - წარდგენილ ბრალდებაში ზ-ა ს-ის სრულად დამნაშავედ ცნობა.
1.5. 2021 წლის 15 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივრები და 2021 წლის 9 დეკემბერს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მხარეთა არგუმენტები და განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა დაზარალებულის უმწეო მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ზ-ა ს-ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. მსჯავრდებულ ზ-ა ს-ის ინტერესების დამცველმა ადოკატმა - ო. რ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.2. კასატორის განმარტებით, მოწმე ე. ს-ის ჩვენება არის ირიბი, რომლის წყაროს იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შეუძლებელია, ასევე, არ დასტურდება ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება, რის გამოც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს; დაუდგენელია, თუ როგორ აღმოჩნდა ზ-ა ს-ისაგან ამოღებულ დანაზე დაზარალებულის სისხლი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან ეწინააღმდეგება მოწმე ე. ს-ის ჩვენებას.
3.3. მსჯავრდებულმა ზ-ა ს-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ-ა ს-ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.
4.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
4.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები უტყუარად ადასტურებს ზ-ა ს-ის მიერ ზ. ს-ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს მოწმე ე. ს-ის ჩვენების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, სხვა მოწმეთა ჩვენებებს. ამასთან, ე. ს-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამყარებულია ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების შესახებ ოქმით, რომლის თანახმად, ზ-ა ს-ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რა დროსაც ე. ს-მა მიუთითა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ადგილზე, აგრეთვე, 2020 წლის 17 მარტს 10:23:20 საათზე 112-ზე განხორციელებული შეტყობინებით.
4.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს ზ-ა ს-ისაგან ამოღებულ დანაზე არსებული დაზარალებულის სისხლის წარმომავლობის დაუდგენლობის შესახებ და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ დანაზე დაზარალებულის სისხლის კვალი სწორედ ჭრილობის მიყენების შედეგად აღმოჩნდა.
4.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
4.7. ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ-ა ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო. რ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე