საქმე # 330100121004713104
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №163აპ.-22 14 აპრილი, 2022 წელი
ხ-ი ვ-გ, 163აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ- ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2021 წლის 27 აპრილს ვ. ხ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
1.2. ვ. ხ-ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 26 აპრილს ვ. ხ-ი საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ამავე იარაღისთვის გამოსაყენებლად ვარგის ვაზნებს.
1.3. 2021 წლის 28 აპრილს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 26 აპრილის 17:52 საათიდან.
1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადოკატმა თ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა.
1.6. 2021 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი და 2021 წლის 14 დეკემბერს ნაწილობივ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა - მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი ყველაზე მსუბუქი კანონის გამოყენების შესახებ და განმარტა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა, მსჯავრდებულის მიერ იარაღის 2009 წლიდან 2021 წლამდე ფლობისა და შენახვის გათვალისწინებით, დენადი დანაშაულია, ასევე, განეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას და დასრულებულია ქმედების ჩადენის მომენტიდან. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან და მოცემულ შემთხვევაში ქმედება შეწყდა 2021 წლის 26 აპრილს (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებისას), ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ დროსაც სჩადიოდა პირი დანაშაულს.
2.2. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ხ-ი დანაშაულს სჩადიოდა როგორც 2009 და შემდგომ წლებში, ისე - 2021 წელსაც, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დათქმა ყველაზე მსუბუქი კანონის გამოყენების შესახებ, როგორც წესი, ვრცელდება მატერიალურ და არა - ფორმალურ დანაშაულებებზე.
2.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესახებ და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება დანაშაულზე წასწრების შემთხვევებზე, რაც მოცემულ საქმეში არის გამოკვეთილი. იმავდროულად, სასამართლომ შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა) მხედველობაში მიღებით, ვ. ხ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით - 3 წლით.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. მსჯავრდებულ ვ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ა. ხ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისა და ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტის თვალსაზრისით.
3.2. კასატორის განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არის დენადი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 16 მარტიდან (როდესაც ვ. ხ-მა ბაბუისგან საჩუქრად მიიღო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა) და დამთავრდა 2021 წლის 26 აპრილს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით და გამოეყენებინა მითითებულ პერიოდში მოქმედი ყველაზე მსუბუქი კანონი - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 2006 წლის 25 ივლისის რედაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი.
3.3. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ასევე ითხოვს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნასა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.
3.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გადაწყვიტა ნივთმტკიცების ბედი, კერძოდ: მობილური ტელეფონი არ წარმოადგენდა მტკიცებულებას მოცემულ საქმეში, ხოლო გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო ტელეფონზე საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, რის გამოც, იგი უნდა დაბრუნებოდა მსჯავრდებულს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მსუბუქი კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა ერთიანი - დენადი დანაშაულია. საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. დენადი დანაშაულის დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებს ქმედების შეწყვეტის მომენტში, რაც არ ეწინააღმდეგება კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს. მოცემულ საქმეში მსჯავრდებული დანაშაულს სჩადიოდა 2021 წლის 26 აპრილსაც, როდესაც საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. შესაბამისად, სამართლებრივად შეუძლებელია ამ ქმედების დასჯადობაზე 2009 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის გამოყენება.
4.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი არ აწესრიგებს დენადი დანაშაულის ჩადენის პერიოდში კანონის რამდენჯერმე ცვლილების შემთხვევას. დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან და სწორედ ამ დროს მოქმედი კანონით განისაზღვრება მისი დასჯადობის საკითხი. შესაბამისად, ქმედების შეწყვეტამდე კანონის ცვლილება არ წამოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების საფუძველს.
4.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამ მუხლის გამოყენება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ ქმედებას, მითუფრო, რომ ვ. ხ-ს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით. პირობით ვადამდე გათავისუფლების პერიოდი დაუსრულდა 2018 წლის 21 ივნისს. ამდენად, ჩადენილი დანაშაულების კატეგორიის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მას ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა პირობით ვადამდე გათავისუფლების პერიოდის დასრულებიდან (2018 წლის 21 ივნისიდან) 3 წლის შემდეგ - 2021 წლის 21 ივნისს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე N691აპ-21). შესაბამისად, ვ. ხ-ი ახალი დანაშაულის ჩადენის დროს - 2021 წლის 26 აპრილს ითვლებოდა ნასამართლევად, რაც საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით დანიშვნის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის საჩივრის არარსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას.
4.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას ნივთიერი მტკიცებულების - ვ. ხ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონის მსჯავრდებულისთვის დაბრუნების შესახებ და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი წარმოადგენს ნივთმტკიცებას გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც გამორიცხავს კანონიერი მფლობელისათვის მისი დაბრუნების შესაძლებლობას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მითუფრო, რომ ამოღებულ მობილურ ტელეფონზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.
4.6. ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე