Facebook Twitter

საქმე N 030141122005748890

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №32I -22 17 ივნისი, 2022 წელი

ხ-ა ვ., 32I -22 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის საკასაციო საჩივრები ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ვ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

1.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ხ-ას ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის გამოყენებით ¼-ით შეუმცირდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით.

1.3. 2022 წლის 4 მაისს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულმა ვ. ხ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - შ. გ-მა და გ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ ვ. ხ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენება და მისი სასჯელისგან გათავისუფლება.

1.4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ხ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. გ-ისა და გ. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, ძებნილ მსჯავრდებულს ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან, ხოლო მსჯავრდებული ვ. ხ-ა იმყოფება რუსეთის ფედერაციაში და სათანადო ხელისუფლების ორგანოში არ გამოცხადებულა.

1.5. 2022 წლის 16 და 19 მაისს ფოთის საქალაქო სასამართლოს ანალოგიური შუამდგომლობებით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ხ-ამ და მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენება და სასჯელისგან გათავისუფლება.

1.6. აღნიშნულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით დაცვის მხარეს წერილობით ეცნობა, რომ სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მათი რეაგირების გარეშე დატოვება, ვინაიდან ანალოგიურ შუამდგომლობაზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისს მიღებული აქვს გადაწყვეტილება.

2. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ხ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. გ-ისა და გ- კ-ის შუამდგომლობა ვ. ხ-ას მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. კასატორის მოთხოვნა და არგუმენტები:

3.1. მსჯავრდებულ ვ. ხ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ-ემ საკასაციო საჩივრებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმება და ვ. ხ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) განსაზღვრულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება.

3.2. ადვოკატ გ. კ-ის განმარტებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება უკანონოა, ვინაიდან მსჯავრდებულმა ვ. ხ-ამ პირადად მიმართა სასამართლოს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების თაობაზე. გარდა ამისა, მან საქართველოში დაბრუნების დოკუმენტის მისაღებად მიმართა რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში მოქმედ საქართველოს სექციას, რაც სრულიად საკმარისია, რომ ვ. ხ-ას მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მოქმედება, ვინაიდან ამნისტიის კანონში არ არის განმარტება, რომელი ქვეყნის რომელ ხელისუფლების ორგანოში უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული.

3.3. ადვოკატი გ. კ-ე ასევე შუამდგომლობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია მსჯავრდებულ ვ. ხ-ას მიერ შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციაში სამგზავრო/დაბრუნების ფურცლის მიღების მიზნით წარმოებულ პროცედურებთან დაკავშირებით.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა 2022 წლის 27 და 30 მაისის საკასაციო საჩივრები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ ვ. ხ-ამ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2004 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ ვინაიდან იგი წარმოადგენს ძებნილ პირს, აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, სხვა პირობების დაკმაყოფილებასაც მოითხოვს. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი ცალსახად და მკაფიოდ ადგენს ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის წესს, კერძოდ, ძებნილ მსჯავრდებულს მის მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.

4.3. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულმა ვ. ხ-ამ პირადად მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, თუმცა მან არ შეასრულა ამნისტიის გავრცელების მეორე პირობა - არ გამოცხადდა სათანადო ხელისუფლების ორგანოში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამნისტიის კანონის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ხელისუფლების ორგანოში იგულისხმება ის უწყება, რომელიც უფლებამოსილია, მსჯავრდებული პირის მიმართ, შესაბამისი საპროცესო მოქმედებებით უზრუნველყოს ამნისტიის გამოყენების შესაძლებლობა.

4.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, ამნისტიის კანონი თავისი არსით წარმოადგენს ჰუმანიზმის პრინციპზე დაფუძნებულ აქტს, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ მოცემული კანონის გავრცელების ფარგლებში შესაძლებელი გახდეს სხვა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლა (მათ შორის იგულისხმება - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, სამგზავრო/დაბრუნების ფურცლის მიზნით შვეიცარიის საელჩოში მოქმედ საქართველოს სექციაში გამოცხადება ვერ მიიჩნევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებად.

4.5. არარელევანტურია დაცვის მხარის შუამდგომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაშიც, 4.3.-4.4. ქვეპუნქტებში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, იგი გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგზე.

4.6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის 2022 წლის 27 და 30 მაისის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. გაჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე