Facebook Twitter

საქმე # 190100119003227819

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1020აპ-21 ქ. თბილისი

მ. ც. 1020აპ-21 10 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ც. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ც. მ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 21 სექტემბერს ც. მ–მ დაუდგენელ ვითარებაში პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა 8,57 გრამი ნარკოტიკული საშულება - გამომშრალი „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში და რაც 2019 წლის 21 სექტემბერს მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ც. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით;

ც. მ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ც. მ–ს ადვოკატმა ა. ც–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ც. მ–ს გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. ც. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით;

5.2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ც. მ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5.3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ც. მ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან;

5.4. მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ც. მ–ს ადვოკატმა ა. ც–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ც. მ–ს გამართლებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ც. მ–ს ადვოკატის - ა. ც–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა და აღდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ც. მ–ს გამართლებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. ბრალდების მხარე ც. მ–ს ედავება 8,57 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვას, მაშინ, როცა მისგან ამოიღეს ძალიან მცირე რაოდენობით (დაახლოებით გრამ-ნახევარი; სიგარეტის ერთი ღერის ოდენობით), რაც, ერთი შეხედვით, არ იქნებოდა 8,57 გრამი; შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციით პოლიციის თანამშრომლებმა შეცვალეს ნივთმტკიცება და ექსპერტიზაზე გაგზავნეს სხვა;

9.2. ჩხრეკის დროს ც. მ–სე იმყოფებოდა მეგობრებთან - მ. გ–სა და თ. შ–თან ერთად. პოლიციის თანამშრომლებმა ისინიც გაჩხრიკეს და მ. გ–სგან ამოიღეს მცირე რაოდენობით ნედლი ,,მარიხუანა“. მიუხედავად აღნიშნულისა, საბოლოოდ პოლიციის თანამშრომლებმა დამალეს ც. მ–ს მეგობრების ადგილზე ყოფნის ფაქტი;

9.3. პოლიციის თანამშრომლებმა ც. მ–სგან ამოიღეს თეთრ ქაღალდში გახვეული ,,მარიხუანა“, რომელიც ადგილზე არ დაულუქავთ და არც ჩხრეკის ოქმი შეუდგენიათ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გადაიყვანეს განყოფილებაში და 20 - წუთიანი ლოდინის შემდეგ შეიყვანეს სამმართველოს შენობაში, გამომძიებელმა ხელმოსაწერად წარუდგინა პირადი ჩხრეკის ოქმი და დალუქული პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ქაღალდი, თუმცა რა იყო მასში და რამდენი, არ ჩანდა. ვინაიდან ენდო პოლიციის თანამშრომლებს, მოაწერა ხელი. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლოში ნივთმტკიცების გამოკვლევისას აღმოაჩინა, რომ წარდგენილი ,,მარიხუანის“ რაოდენობა ბევრად აღემატებოდა მისგან ამოღებულს.

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ც. მ–ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: მოწმეების - ზ. ა–სა და გ. ე–ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) დასტურდება ც. მ–ს მიერ 8,57 გრამი ნარკოტიკული საშულება - გამომშრალი „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი, რაც მისგან ამოიღეს 2019 წლის 21 სექტემბერს პირადი ჩხრეკისას.

12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნივთმტკიცების გამოცვლის შესახებ, რის დადასტურებასაც მსჯავრდებული ცდილობს, იმაზე მითითებით, რომ მისი შეფასებით, მისგან ამოღებული ნივთიერება იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე - სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევისას ნახა. ასევე ვერ გაიზიარებს, მის პოზიციას, რომ მისგან ამოღებული ნივთიერება არ დაილუქა ადგილზე, ხოლო მოგვიანებით ლუქს ხელი მოაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციის თანამშრომლებს ენდო.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, ც. მ–საგან ამოიღეს სადავო ნარკოტიკული საშუალება, ხელმოწერილია თავად მსჯავრდებულის მიერ და ოქმზე ც. მ–ს შენიშვნა ან/და განცხადება არ ფიქსირდება; ამავე ოქმის თანახმად, ამოღებული - თეთრ ქაღალდში მოთავსებული მცენარეული მასა მოთავსდა პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტში და დაილუქა; ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და საქმის ნომერი. ამასთან, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 28 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტს კვლევისათვის წარედგინა - უფერო, გამჭვირვალე, დალუქული პოლიეთილენის პაკეტი, რომელზეც აღინიშნებოდა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დალუქული პაკეტის მთლიანობა არ იყო დარღვეული.

14. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ც. მ–სეს ჰქონდა არა ქიმიური ექსპერტიზის კვლევის შედეგად დადგენილი ოდენობის - 8,57 გრამი, არამედ დაახლოებით გრამ-ნახევარი ნარკოტიკული საშულება გამომშრალი „მარიხუანა“, აღნიშნული წარმოადგენს მსჯავრდებულის შეფასებას, მაშინ, როცა საკითხი მოითხოვს სპეციალურ კვლევას.

15. რაც შეეხება საკითხს, ც. მ–ს პირადი ჩხრეკისას, ადგილზე იყვნენ თუ არა მოწმეები - მ. გ. და თ. შ., რომლებიც, თავის მხრივ, ადასტურებენ ც. მ–სთან ერთად ყოფნას და იმ გარემოებას, რომ პოლიციის თანამშრომლებს ჩხრეკის ადგილზე არ შეუდგენიათ პირადი ჩხრეკის ოქმი და არ დაულუქავთ ნივთიერი მტკიცებულება (კერძოდ, მოწმეებმა - მ. გ–მა და თ. შ–მა განმარტეს, რომ კონკრეტულ დღეს იმყოფებოდნენ ც. მ–სთან ერთად ,,მარიხუანის“ მოსაწევად, რა დროსაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მ. გ–ს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ც. მ–სგან ამოღების გამომშრალი ,,მარიხუანა“, ხოლო მისგან (მ. გ–სგან) ნედლი ,,მარიხუანა“ განყოფილებაში წაიყვანეს მხოლოდ ც. მ–ე. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ პოლიციელებს ც. მ–სგან ამოღებული ,,მარიხუანა“ ადგილზე არ დაულუქავთ და არც რაიმე ოქმი შეუდგენიათ), სასამართლო ითვალისწინებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა არ დაადასტურეს ჩხრეკის ადგილზე ც. მ–სთან ერთად სხვა პირის/პირების ყოფნა ანდა მისგან/მათგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება, ხოლო ც. მ–ს მეგობრების პოზიცია მათივე ჩვენებების გარდა, არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სიფრთხილით უნდა შეფასდეს პოლიციელთა ჩვენებები. იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ისინი ერთგვაროვნად აღწერენ ც. მ–ს პირად ჩხრეკასთან დაკავშირებულ გარემოებებს; საქმის მასალებიდან არ იკვეთება (და არც დაცვის მხარე მიუთთებს) პოლიციელთა რაიმე საეჭვო, პირადი ან ზოგადი ხასიათის დაინტერესება უშუალოდ ც. მ–ს წინააღმდეგ, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, ასევე - მათი დაინტერესება გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე დაემალათ მოწმეების ადგილზე ყოფნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მითუფრო - მოწმე, რომელთანაც დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ასევე აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა“. ამდენად, პოლიციელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს.

17. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საკუთარი მტკიცებულების წარმოდგენის ან/და გამოკვლევის, შედავების, დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა.

18. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მათ შორის საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს, რომ ც. მ–ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ნაწილში.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ც. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ც–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი