Facebook Twitter

საქმე # 020100121004849889

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №531აპ-22 ქ. თბილისი

ხ. ა. 531აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - მარიამ ქორიძის

მსჯავრდებულ - ა. ხ-ს

ადვოკატ - რ. მ-ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენზე ა. ხ-ს მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ხ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. ა. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 30 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ზ-ში, ს-ს ქუჩა N-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მყოფმა ა. ხ-მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - რ. ჯ–ს, არასრულწლოვანი შვილების: ი. და ს. ხ-ების თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან და ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის მოტივით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი დაარტყა რამდენჯერმე თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც რ. ჯ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 30 მაისს, დაახლოებით 20:23 საათზე, ქ. ზ-ში, ს-ს ქ. N-..-ში მდებარე სუპერმარკეტ „კ-ში“ მყოფმა ა. ხ-მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - რ. ჯ-ს, არასრულწლოვანი შვილის - ი. ხ-ს თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან და ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობისა და ცოლის ქცევების მიზანშეწონილობის საკითხის ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობის მოტივებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ძლიერად მოუჭირა ხელი კისრის არეში, უკბინა მარცხენა ხელის ცერა თითზე, რა დროსაც რ. ჯ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2021 წლის 30 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ზ-ში, ს-ს ქ. N-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მყოფი ა. ხ. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - რ. ჯ-ს, არასრულწლოვანი შვილების: ი. და ს. ხ-ების თანდასწრებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: რ. ჯ-ს დანის დემონსტრირებით ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. ა. ხ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად რ. ჯ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.4. 2021 წლის 5 ივნისს, დილის საათებში, ქ. ზ-ში, ს-ს ქ. N-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მყოფ რ. ჯ-ს ტელეფონით დაუკავშირდა ა. ხ., რომელიც მასთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ა. ხ. სატელეფონო კომუნიკაციისას მეუღლეს - რ. ჯ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: უთხრა, რომ მოკლავდა. ა. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად რ. ჯ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.5. 2021 წლის 30 მაისს, დაახლოებით 20:25 საათზე ქ. ზ-ში, ს-ს ქუჩა N-..-ში მდებარე სუპერმარკეტ „კ–ში“ მყოფმა ა. ხ-მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - რ. ჯ-ს, არასრულწლოვანი შვილის - ი. ხ–ს თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან და ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობისა და ცოლის ქცევების მიზანშეწონილობის საკითხის ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობის მოტივებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი კისრის არეში, უკბინა მარცხენა ხელის ცერა თითზე, რა დროსაც სამსუნგის ფირმის „A 21s“ მოდელის ტელეფონი გამოართვა ძალის გამოყენებით და დააგდო იატაკზე, დაამსხვრია, რის შემდგომ სრულად გაანადგურა სუპერმარკეტ „კ-ის" მიმდებარედ, საავტომობილო გზის ზედაპირზე რამდენჯერმე დარტყმით. აღნიშნულის შედეგად რ.ჯ-ს მიადგა მნიშვნელოვანი - 830 ლარი - ქონებრივი ზიანი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ა. ხ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ა. ხ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. ა. ხ. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.4. ა. ხ. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.5. ა. ხ. საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.6. გაუქმდა ა. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავების ადგილიდან;

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ა. ხ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით:

5.1. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ა. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლების ნაწილში;

5.2. ა. ხ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

5.3. ა. ხ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

5.4. ა. ხ. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

5.5. ა. ხ.საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

5.6. ა. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი;

5.7. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ა. ხ. 2021 წლის 5 ივნისიდან 2021 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდა ჯარიმის - 1000 ლარის გადახდისაგან.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ:

ა. ხ-მ რ. ჯ-ს, ძალის გამოყენებით გამოართვა „სამსუნგ A 21s“ მოდელის მობილური ტელეფონი, დააგდო იატაკზე და დაამსხვრია, რის შემდგომაც სუპერმარკეტ „კ-ის" მიმდებარედ საავტომობილო გზის ზედაპირზე რამდენჯერმე დარტყმით სრულად გაანადგურა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენის გაუქმებას და ა. ხ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილთან მიმართებით - სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

8. პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. მ-მ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ა. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება. საკასაციო საჩივრის შესაგებელთან ერთად დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ რ. ჯ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (განცხადების თანახმად, დაზარალებულ რ. ჯ-ს არ გააჩნია პრეტენზია ა. ხ-ს მიმართ კონფლიქტის მიზეზის ამოწურვის გამო; ითხოვს ა. ხ-ს მიმართ არ იქნეს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა).

9. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა მარიამ ქორიძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება; განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენი უკანონოა სასჯელის ნაწილში, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილს; მოითხოვა საქართველოს 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ა. ხ-სთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

10. დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, მხარი დაუჭირა დაცვის მხარის შესაგებელს და მიუთითა, რომ არ არსებობს ა. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი; საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში დაცვის მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯარიმის გამოყენება ნამდვილად ეწინააღმდეგება კანონს და მოითხოვა ა. ხ-ს მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.

11. მსჯავრდებული ა. ხ. დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

3. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გამართლებისა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის N258აპ-22 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის N212აპ-22 განჩინება).

5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

6. დაზარალებულმა რ. ჯ-მ და ა. ხ-ს შვილებმა - ი. და ს. ხ-ებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - ა. ხ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

7. ა. ხ-სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(2021 წლის 30 მაისს, ქ. ზ–ში, ს-ს ქ. N..ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ რ. ჯ-სა და მოწმეების - ი. და ს. ხ-ების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დასტურდება რ. ჯ-ს სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა.

8. რ. ჯ-ს 2021 წლის 5 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით (რომლის თანახმად, 4-5 დღის წინ მეუღლე ა. ხ-მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა მიდამოში; ძალადობას ესწრებოდნენ არასრულწლოვანი შვილები და ითხოვს რეაგირებას), საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული განცხადება ვერ ჩაანაცვლებს რ. ჯ-ს ჩვენებას, რადგან განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო.

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის სხვა მოწმეები: ე.ბ.(რ. ჯ-ს დედა), ი.ჯ. (რ. ჯ-ს ძმა), შ. ხ., ს. გ. არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, ისინი არ შესწრებიან ა. ხ-სა და რ. ჯ-ს შორის მომხდარ ფაქტს. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).

10. გამომძიებლებმა: დ. კ-მ, დ. ღ-მ, ლ. ხ-მ და ი. ხ-მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.

11. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ხ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(2021 წლის 30 მაისს, ქ. ზ–ში, ს-ს ქ. N..ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადასტურებული.

12. რაც შეეხება ა. ხ-სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(2021 წლის 30 მაისის სუპერმარკეტ „კ-ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებას სასამართლო ითვალისწინებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, რომლის თანახმად, მოქ. რ. ჯ-ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ რ. ჯ-ს მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნება გასწვრივად მდებარე, უსწორო ფორმის ნაჭდევი, ზომით: 0,8X0,1 სმ, დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე კიდეებზე აცლილი ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა; მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება მომწვანო ფერის, პერიფერიაზე მოყვითალო ელფერით, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი ზომით: 1,0X0,6 სმ; მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ორი სისხლნაჟღენთი, თითოეული ზომით: 2,5X1,0 სმ და 1,0X0,5 სმ; მარცხენა წვივის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 0,6X0,5 სმ. მარცხენა ბარძაყს შიგნითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 1,5X1,0 სმ.

13. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ. თ–მ მიუთითა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „კ-ში“, მოლარე კონსულტანტად, 2021 წლის 30 მაისს 7 დან 8 საათამდე შემოვიდა ქალბატონი, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ბავშვები და მეუღლე. ქალბატონი არ აძლევდა მამაკაცს ტელეფონს. ისინი მხოლოდ სიტყვიერად კამათობდნენ, ერთმანეთზე ძალადობდნენ. მამაკაცმა ქალი წააქცია, მკლავზე უკბინა და ტელეფონი წაართვა.

14. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე მ. ლ-მ მიუთითა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ "კ–ში" მოლარედ. 2021 წლის 30 მაისს ემსახურებოდა სალაროს, როდესაც შემოესმა ხმაური, ნახა მამაკაცი ცდილობდა ქალისათვის მობილური ტელეფონის წართმევას, ხოლო ქალი ეუბნებოდა რომ ტელეფონი მისი იყო და არ აძლევდა. მათთან ასევე იმყოფებოდნენ ბავშვები, რომლებიც ტიროდნენ. მამაკაცმა ქალბატონს მკლავზე უკბინა, მობილური ტელეფონი გამოართვა და მათ შორის ჩხუბი დასრულდა.

15. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე; მოწმეებმა - გ. თ-მ და მ. ლ-მ ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ დაინახეს, როგორ უკბინა ა. ხ-მ რ. ჯ-ს მკლავზე, დაზარალებულის მკლავზე არსებულ დაზიანებაზე მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაშიც (მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება მომწვანო ფერის, პერიფერიაზე მოყვითალო ელფერით, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი ზომით: 1,0X0,6 სმ), თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემულ ეპიზოდში ა. ხ–ს ბრალდების ფორმულირებაში მითითებული არ არის მკლავზე კბენის ფაქტი (მითითებულია მხოლოდ კისრის არეში ხელის მოჭერასა და მარცხენა ხელის ცერა თითზე კბენაზე), სასამართლო კი საქართველოს სსსკ-ის მე-17 და 169-ე მუხლებიდან გამომდინარე შეზღუდულია ბრალის ფორმულირებით.

15.1. რაც შეეხება ბრალის დადგენილებაში მითითებულ კისრის არეში ხელის ძლიერად მოჭერისა და მარცხენა ხელის ცერა თითზე კბენის ფაქტებს, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მოწმეები: გ. თ. და მ. ლ. კი არ მიუთითებენ სხეულის მითითებულ ნაწილებში ა. ხ–ს მხრიდან ძალადობის ფაქტზე, მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნაში მითითებული მარცხენა მტევნის პირველი თითის დაზიანება ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ხ-სათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად დაზარალებულ რ. ჯ-სა და ა. ხ-ს შვილების - ი. და ს. ხ-ების მიერ საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლების - ჩვენების მიცემაზე უარის თქმა - გამოყენების პირობებში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. ხ-ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ს. ს–ს, მ. ჯ-ს, გ. თ-ს, მ. ლ-ს ჩვენებებით, ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების 2021 წლის 27 ივნისის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას(იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, § 91, ECHtR, 2010; Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, ECHtR, 13/07/2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით(იხ. Moreira Ferreira v. Portugal (no.2), [GC], no. 19867/12, § 84, ECtHR, 11/07/2017; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no35839/11, §65, ECtHR, 27/02/2020). ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, §103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECHtR, 21/07/2015).

19. ა. ხ-სათვის საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 133​1, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−255​1, 381​1 და 381​​2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქორწინების N.... აქტის ჩანაწერის თანახმად, რ. ჯ. და ა. ხ. არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2014 წლის 17 თებერვლიდან და შესაბამისად, წარმოადგენენ ოჯახის წევრებს.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

21. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.

22. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილით ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 126​1-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის მე-11​1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.

23. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი აკრძალვა და ა. ხ-ს სასჯელი დაუნიშნა არასწორად. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 18 მარტის განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ხ-მ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ (რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ) და იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის - ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ჯარიმა - მიუხედავად ა. ხ-ს ძირითად სასჯელად დაუნიშნა ჯარიმა 1000 ლარი.

24. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად - შინაპატიმრობა არ დაენიშნება ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის და გამასწორებელი სამუშაოს ინსტიტუტის სამართლებრივი რეგულირების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის სასჯელი მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე. მსჯავრდებული ა. ხ.კი, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, არის უმუშევარი. შესაბამისად, არ არსებობს ა. ხ-ს მიმართ სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს გამოყენების კანონისმიერი საფუძველი საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

26. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.

27. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან 63-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რადგან, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ ა. ხ. თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ან აღიარებდა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშნვისას დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა ან გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრი.

28. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, თუმცა, აღნიშნუილი a priori არ ადგენს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ვალდებულებას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

29. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო). ამასთან, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის ერთ-ერთ სახედ, სხვა სასჯელებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ასიდან ას ოთხმოც საათამდე.

30. სასამართლო ითვალისწინებს ა. ხ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (პირველადაა სამართალში, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი) და დამამძიმებელ გარემოებებს (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ), ჩადენილი ქმედების სიმძიმეს(ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას და მიუთითებს, რომ ა. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა კანონით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ვადით -180 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 5 ივნისიდან 2021 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად მოხდილად უნდა ჩაეთვალოს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. ხ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2021 წლის 5 ივნისიდან 2021 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად მოხდილად ჩაეთვალოს;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი