Facebook Twitter

საქმე # 330100121004780297

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №509აპ-22 ქ. თბილისი

პ. კ. 509აპ-22 6 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ კ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. პ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. კ. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 10 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გადატანის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს, კ. პ–მა მარცხენა მკლავის გადაგრეხითა და ფეხის ამორტყმით იძალადა დედაზე - მ. შ–ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2021 წლის 10 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პოლიციაში დარეკვის თემაზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, კ. პ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - მ. შ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

3.1. კ. პ. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. კ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. პ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. კ. პ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 10 მაისიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, კ. პ–ის სრულად დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა;

4.2. მსჯავრდებულმა კ. პ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - დ. ბ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა და კ. პ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

6.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბაქარ შიოშვილი ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კ. პ–ს სრულად დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას;

6.2. მსჯავრდებულ კ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი - დ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობასა და კ. პ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6.3. 2022 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განაჩენის გასაჩივრების ვადის დარღვევით შევიდა მსჯავრდებულ კ. პ–ს საკასაციო საჩივარი.

6.4. 2022 წლის 10 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ კ. პ–ს დედის - მ. შ–ს განცხადება, რომელშიც უთითებს, რომ მის შვილს - კ. პ–ს მასზე არ უძალადია, კ-მ საკუთარ თავს მიაყენა დაზიანება; სოციალურად დაუცველია, არის პენსიონერი, აწუხებს დიაბეტი და ონკოლოგიური ავადმყოფია, მისი მარჩენალი იყო შვილი - კ. პ..

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც კ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის N258აპ-22 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის N212აპ-22 განჩინება).

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

12. დაზარალებულმა მ. შ–მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

13. „ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19). შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება, რათა ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების დასამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ოქმი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები. ი. გ–ე, ლ. ბ–ი და დ. გ–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები, ისინი არ შესწრებიან მუქარის ფაქტს და მათ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

15. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება კ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

16. კ. პ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით(მოწმეების - ლ. ბ–ს, დ. გ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 10 მაისის ოქმით, N...... შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო დოკუმენტაციითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ. პ–ს მიერ დედის - მ. შ–ის მიმართ ძალადობის ჩადენა.

17. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმეებმა: ლ. ბ–მ და დ. გ–მ განმარტეს, რომ 2021 წლის 10 მაისს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს ინფორმაცია ქ.თ–ში, წ–სქუჩა N..-ში ოჯახური კონფლიქტის შესახებ. ადგილზე მისვლისას დახვდათ შეტყობინების ინიციატორი - მ. შ. რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და უჩიოდა ტკივილს მკლავის არეში. მათ მ. შ–მ განუცხადა, რომ ნასვამ კ. პ–ს უნდოდა სახლიდან გასაყიდად გაეტანა საოჯახო ნივთები, რასაც იგი შეეწინააღმდეგა და მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც კ. პ–მ გადმოყარა ჭურჭელი და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი გადაუგრიხა და წავიდა სახლიდან. მ. შ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებდა საცხოვრებელ სახლში არსებული არეულობა, კარადიდან გადმოყრილი ჭურჭელი იყო დამსხვრეული და იატაკზე მიმოფანტული. მათ რეაგირების მიზნით გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და გამომძიებლის მისვლამდე იცავდნენ შემთხვევის ადგილს.

18. სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ტკივილის განცდის გამოწვევას. მოწმეებმა - ლ. ბ–მ და დ. გ–მ ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ადგილზე მისვლისას მისამართზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი - მ. შ, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და უჩიოდა ტკივილს მკლავის არეში. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები მ. შ–ს მიერ ტკივილის განცდის ფაქტთან მიმართებით პირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენს. ამასთან, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მ. შ–ის სამედიცინო დახმარება გაეწია 2021 წლის 10 მაისს, 14:53 საათზე, რა დროსაც იგი უჩიოდა ტკივილს მარცხენა ზედა კიდურში, ხოლო იდაყვის სახსარში - მოძრაობის შეზღუდვას. მისი გადმოცემით, სცემა შვილმა (გადაუგრიხა ხელი); დიაგნოზი: ზედა კიდურის ტრავმა დაუზუსტებელ დონეზე, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული.

19. სასამართლო მიუთითებს, რომ კ. პ–სა და დაზარალებულ მ. შ–ს შორის არსებულ კონფლიქტს ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 10 მაისის ოქმი, რომლის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა მ. შ–მა, ხოლო გამომძიებელმა ი. გ–მ სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და ავთენტურობა.

20. საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით დგინდება, რომ მ. შ–ს მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის საფუძველზე კ. პ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N...., რომლის თანახმადაც, 2021 წლის 10 მაისს, 11:30 საათზე, კ. პ–მ ქ.თ–ში, წ–სქუჩა N..-ში მიმდინარე კონფლიქტისას, დედას - მ. შ–ის მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა საცხოვრებელი სახლის დაწვით და სიცოცხლის ხელყოფით. მ. შ–ს განმარტებით, კ. მიდრეკილია ალკოჰოლის მოხმარებისა და აზარტული თამაშებისკენ. ორდერს ხელს აწერენ ი. გ., მ. შ. და კ. პ–სი.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ N.... შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულის მიერ; შემაკავებელი ორდერი კ. პ–ს არ გაუსაჩივრებია; მხარეებს ჰქონდათ აღნიშნული სადავოდ ცნობილი მტკიცებულების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისა და შედავების შესაძლებლობა, თუმცა 2021 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს შეკითხვა ან პროტესტი შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით არ ჰქონია და მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები გამოკვლეულად მიიჩნიეს; საქმის მასალებში არ არსებობს მითითებული შემაკავებელი ორდერის კანონიერებისა და მასში მითითებული ფაქტის ნამდვილობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი; შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას (იხ. ტომი №1; ს.ფ. 8-13) და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N585აპ-19; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 2 ივნისის განჩინება საქმეზე N 331აპ-22; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის N1051აპ-21 განაჩენი).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია კ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - დედის, მ. შ–ს მიმართ ძალადობის ჩადენა.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ კ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ბ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე