Facebook Twitter

საქმე # 330100121004787837

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №508აპ-22 ქ. თბილისი

მ. რ. 508აპ-22 5 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–სოვის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. რ–ში, კ–ს გამზირზე მდებარე ...........ის სახელობის სკვერის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, რ. მ–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლეს - თ. კ–ს, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, სახეში მარცხენა მხარეს, ორჯერ ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი, რის შედეგადაც თ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 6 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, ......... ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. მ–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - თ. კ–ს, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, სახეში, კერძოდ ტუჩის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც თ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2021 წლის 6 მაისს, 23:00 საათიდან - 24:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თ–ში, .........ის დასახლება, მე-.. მრ/ნი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. მ–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - თ. კ–ს, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარცხენა ლოყაში ძლიერად დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ თავი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც თ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4.რ. მ–ის მიერ თ. კ–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ზემოხსენებული ფაქტები ჩადენილია მეუღლის მიმართ გენდერის ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, რაც გულისხმობს რ. მ–ის აღქმას, რომ მისი გადასაწყვეტია ისეთი საკითხები, როგორიცაა მეუღლის ჩაცმის სტილი, სხვა პირებთან ურთიერთობა და ქცევის კონტროლი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. რ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (........... ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (............ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. რ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (............ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.3. რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (........... ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 80 საათით, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე სრულად დაემატა 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 6 000 ლარი და რ. მ–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 თვითა და 15 დღით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით და ჯარიმა - 6000 ლარი.

3.5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რ. მ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 12 მაისიდან - 2021 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და 5 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მოხდილად ჩაეთვალა, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით და ჯარიმა 6000 ლარი და მსჯავრდებული გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც ითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და რ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, რ. მ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში სრულად და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2021 წლის 6 მაისის პირველი ეპიზოდი) გამართლება და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2021 წლის 6 მაისის მე-2 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, მოცემული მუხლით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. მ–სოვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2021 წლის 6 მაისის პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლებისა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2021 წლის 6 მაისის მე-2 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან:

10. დაზარალებულმა თ. კ–მ(მეუღლემ) საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

11. „ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19). შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება, რათა ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე.

12. მოცემულ შემთხვევაში რ. მ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2021 წლის 6 მაისის პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამოკიდებულია დაზარალებულ თ. კ–ს მამხილებელ ჩვენებაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა - ე. მ–ის, ჯ. კ–სა და ე. კ–ს - ჩვენებები არ მიუთითებს რ. მ–ის მიერ თ. კ–ის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე. მოწმე ე. მ–ი შეესწრო რ. მ–სა და თ. კ–ს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე კამათს, მაგრამ მას დარტყმის ფაქტი არ უნახავს. ხოლო, მოწმეებმა - ჯ. კ–მა და ე. კ–მა მიუთითეს, რომ 2021 წლის 6 მაისს, ვიდრე რ. მ–ი და თ. კ–ი დატოვებდნენ მათ საცხოვრებელ სახლს, თ. კ–ს ეტყობოდა უკმაყოფილება მეუღლის მიმართ, თუმცა არცერთი არ მიუთითებს ძალადობის ფაქტზე და აღნიშნავენ, რომ მათ თ. კ–სის მიერ პოლიციისათვის მიმართვის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს.

13. შესაბამისად, ვინაიდან დაზარალებულმა თ. კ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო N..... შემაკავებელი ორდერის (მხარეების მიერ არ არის უდავოდ ცნობილი. შემაკავებელი ორდერის ოქმი ხელმოწერილია დაზარალებულის და ოქმის შემდგეგენელი პირის - კ. ბ–ს -მიერ) გარდა საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება - საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით არ დასტურდება რ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 მაისის პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

14. რაც შეეხება რ. მ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2021 წლის 6 მაისის მე-2 ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. მ–ის მიერ 2021 წლის 6 მაისის მე-2 ეპიზოდის წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის მიმართ ჩადენა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივის არსებობა. დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითება ორსულობაზე ვერ გახდება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი, რადგან განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ–ს ქმედება - 2021 წლის 6 მაისის მე-2 ეპიზოდში სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

15. კასატორის მოთხოვნაზე დანიშნული სასჯელის გამკაცრების ნაწილში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და რ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია.

16. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით რ. მ–ს დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით. კასატორი არ უთითებს რაში მდგომარეობს დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მსჯავრდებულის პიროვნებასთან ან ჩადენილ დანაშაულთან; ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე