საქმე # 150100120003511016
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №510აპ-22 ქ. თბილისი
თ. ა. 510აპ-22 6 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქალაქ ნ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ა. თ–მმა ძმას - ა. თ–ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - 15 წლის გ. თ–ს თანდასწრებით, მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალში, რის გამოც ა. თ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენით:
3.1. ა. თ–მი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 3 თვით;
3.2. ა. თ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მოცემული განაჩენის აღსრულების მომენტიდან (მოცემული განაჩენის საფუძველზე მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან), ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2020 წლის 4 იანვრიდან - 2020 წლის 1 ივლისის ჩათვლით;
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა. თ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ა. თ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენის შეცვლის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. თ–მისათვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ა. თ–მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - გ. თ–ს, ა. ე–ს, მ. გ–ს, ა. ბ–ს, პ. მ–ს, გ. მ–ს ჩვენებებით, ა. თ–ს გამოკითხვის ოქმით, ა. თ–ს სახის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმითა და ქვითრით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც.....საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ).
12. კასატორი სასჯელის გამკაცრების დასაბუთებისათვის უთითებს დაზარალებულის მხრიდან ა. თ–მის მიმართ პრეტენზიის არსებობაზე, დანაშაულის ჩადენაზე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ასევე იმაზე, რომ მსჯავრდებული არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით მართალია წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ასევე წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად არ წარმოადგენს ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესის გამოყენების საფუძველს.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „პასუხისმგებლობის დაკისრება კონკრეტული ქმედებისთვის, არის ექსკლუზიურად სახელმწიფოს ინსტრუმენტი, მის მიერ გამოყენებადი იძულების ღონისძიება. შესაბამისად, სულ მცირე, სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე. .... ამა თუ იმ ზომის პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება, მათ შორის, სულაც არ პასუხობდეს დაზარალებულის ინტერესებს. ამიტომ დაზარალებულს/მსხვერპლს უნდა შეეძლოს, ხელი შეუწყოს საქმის სწორ გამოძიებას, თუმცა როგორი არის/უნდა იყოს კონკრეტულ დანაშაულზე საკმარისი და ადეკვატური პასუხი, ეს სახელმწიფოს ასაწევი ტვირთია, რომელიც მან უნდა გადაწყვიტოს როგორც შესაბამისი კანონით, ისე სამართლიანი გამოძიებითა და მართლმსაჯულებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
16. მსჯავრდებულმა ა. თ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. გასაჩივრებული განაჩენით ა. თ–ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი სასჯელარსრულების დაწესებულებაში მოხდით, რომლის დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ა. თ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
18. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე