საქმე # 010100121004947596
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №289აპ-22 ქ. თბილისი
ა-ა ი, 289აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ა-ს, - დაბადებულს .... წლის .... დეკემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 7 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. ბ-ი, მ. ლ-ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა N...-ში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ი. ა-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ორსულ ცოლს - ნ. ს-ს, კერძოდ, ხელი ძლიერად დაარტყა მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის არეში. ი. ა-ს ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ბ-ი, მ. ლ-ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა N..-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ი. ა-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ს-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ბ-ი, მ. ლ-ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა N...-ში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ი. ა-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - მეუღლეს, ნ. ს-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე. ი. ა-ს ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ი. ა-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ი. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 3 ივლისიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ი. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ი. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ ნ. ს-ა და მოწმე ი. ა-ის ჩვენებებით, N.... შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან. რაც შეეხება წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მუქარის ეპიზოდს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი.ა-ას ბრალეულობაში.
7. საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 7 აგვისტოსა და 2021 წლის 2 ივლისის ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში ი. ა-ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებული ნ. ს-ს ჩვენება, რომლის თანახმად, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი. ა-ან. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ჰყავთ შვილიც, მაგრამ ი-ის უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ურთიერთობა დაეძაბათ. 2020 წლის 7 აგვისტოს ეჭვიანობის გამო ი. ა-ამ ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე, თუმცა შემდეგ ბოდიში მოუხადა და შერიგდნენ. ქმრის ეჭვიანობა მუდამ ხდებოდა ოჯახში უთანხმოების მიზეზი. 2021 წლის 2 ივლისს, როდესაც მორიგი კამათისას ი-ის განუცხადა, რომ ბავშვთან ერთად წავიდოდა მისგან, ეს უკანასკნელი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც რეალურად აღიქვა და შეეშინდა, მაგრამ პოლიციისათვის არ მიუმართავს.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენების) არსებობა არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულების საკმარისი ერთობლიობა, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და დაარწმუნოს ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ი. ა-ა გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
11. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი