Facebook Twitter

საქმე # 080100121004498832

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №345აპ-22 ქ. თბილისი

ხ-ე დ, 345აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით:

1.1. დ. ხ-ე, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 2 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ხ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 1 მარტს, საღამოს საათებში, დ. ხ-ე სატელეფონო კომუნიკაციის დროს ყოფილ მეუღლეს - ა. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ე.წ ,,ლიმონკას’’ შეუგდებდა სახლში. დ. ხ-ის ქმედებით ა. გ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 1 მარტს, საღამოს საათებში, დ. ხ-ე სატელეფონო კომუნიკაციის დროს ყოფილი მეუღლის დედას - მ. ბ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ე.წ ,,ლიმონკას’’ შეუგდებდა სახლში. დ. ხ-ის ქმედებით მ. ბ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. დ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა დ. ხ-ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე მთლიანად მიემატა იმავე განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელების მოუხდელი ნაწილები - ჯარიმა 7000 ლარი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 9 თვითა და 4 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 7000 ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 9 თვითა და 4 დღით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 2 მარტიდან.

4. კასატორმა - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ. ხ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ-მ შესაგებლით მოითხოვა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ დ. ხ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად დ. ხ-ა და დაზარალებულების - ა. გ-ა და მ. ბ-ს გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ დ. ხ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ხ-ის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დ. ხ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, დაზარალებულებს - ა. გ-ა და მ. ბ-ს დ. ხ-ის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმანი არიან, მასზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები (ტ.2.ს.ფ.22-24); ამასთან, მართალია, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია და გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება ითვლება გაუფრთხილებლობით დანაშაულად, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი