Facebook Twitter

საქმე # 330100121004557277

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №385აპ-22 ქ. თბილისი

ც-ე შ, 385აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ც-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენით:

1.1. შ. ც-ე, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 10 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 1 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და შ. ც-ს შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 10 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ც-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 10 მარტს, დაახლოებით 09:50 საათიდან 10:20 საათამდე დროის მონაკვეთში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევი შ. ც-ე თ-ი, ზ-ს N..-ში მდებარე, ვ. ს-ის საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხიდან, აღნიშნულ ავტოფარეხში უკანონოდ შეღწევით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვ. ს-ის კუთვნილ, 500 ლარად ღირებულ ველოსიპედს, რითაც ვ. ს-ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 10:10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევი შ. ც-ე თ-ი, მ-ის ქუჩა N...-ში მდებარე ე.წ. ,,იტალიური“ ტიპის ეზოდან ფარულად დაეუფლა არასრულწლოვან ლ. კ-ას კუთვნილ, 650 ლარად ღირებულ ველოსიპედს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ. ც-ს ქმედების შედეგად ლ. კ-ს მიადგა 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 1 მარტს, დაახლოებით 09:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევი შ. ც-ე თ-ი, დიდი ჯ-ს ქუჩა N...-ში მდებარე სათავსში უკანონო შეღწევის გზით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს ,,ბ-ის“ კუთვნილ, ორ ცალ პრეფერატორს, ერთ ცალ ხრახნსამაგრ ხელსაწყოს, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 2100 ლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ. ც-ის ქმედების შედეგად შპს ,,ბ-ის“ მიადგა 2100 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევმა შ. ც-მ 2021 წლის 6 მარტს, 10:50 საათიდან 11:00 საათამდე დროის პერიოდში, შესასვლელი კარიდან შეაღწია თ-ი, დ-ის ქუჩა N...-ში მდებარე კ. გ-ას საცხოვრებელ სახლში და მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ „nordstar-ის“ ფირმის, 350 ლარად ღირებულ ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა შ. ც-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ შ. ც-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ვ. ს-ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების -ნ. ც-ის, გ. ტ-ის, ლ. კ-იას, ა. ხ-ის, გ. ვ-ის, შ. წ-ას, ბ. ე-ის, გ. ე-ის, დ. ბ-ის, თ. კ-ის გამოკითხვის ოქმებით, შ. ც-ან ამოღებული ნივთებითა და ამოღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორის - მსჯავრდებულ შ. ც-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ შ. ც-ის საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

10. საქმეზე არსებული ყველა გარემოების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ შ. ც-ს მოთხოვნას მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 10 მარტის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 1 მარტის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში შ. ც-ის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი; ამასთან, შ. ც-მ დროის მცირე მონაკვეთში ჩაიდინა ოთხი დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება; მან ახალი დანაშაულები ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი