Facebook Twitter

საქმე # 330100121004598035

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №386აპ-22 ქ. თბილისი

ფ-ი ჰ, 386აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ. ფ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით:

1.1. ჰ. ფ-ი, - დაბადებული .... წლის .... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მეორე, ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ჰ. ფ-ს შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჰ. ფ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 22 მარტიდან.

1.3. ჰ. ფ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ. ფ-ა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 12 მარტს, თ-ი, სოფელ ფ-ი, თ-ის ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ. ფ-ა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 1,3435 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ერთი ცალი, დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება 800 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. ც-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2021 წლის 13 მარტს, თ-ი, სოფელ ფ-ი, თ-ის ქუჩა N...- ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ. ფ-ა მის მიერ კვლავ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,73 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ერთი ცალი, დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება 400 ლარად უკანონოდ გაასაღა ზურაბ ცალანზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენით:

3.1. მსჯავრდებულ ჰ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ჰ. ფ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ჰ. ფ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ჰ. ფ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულ ჰ. ფ-ის აღიარებითი ჩვენებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიომასალით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის №... და №.... დასკვნებით, ჰაბიდოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ჰ. ფ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ჰ. ფ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ჰ. ფ-ის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ჰ. ფ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

12. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჰ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი (მსჯავრდებულმა, გარდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, ასევე ჩაიდინა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენცია კი საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს), დანაშაულების ჩადენის სახე და ხერხი, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება (დანაშაულების ჩადენის დროს ჰ. ფ-ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და მან, პირობით მსჯავრდებულმა, გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები), მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, ჰ. ფ-ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს (მათ შორის ის გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჰ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განუსაზღვრა სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.

13. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით (ჰ. ფ-ს დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს), შეუძლებელია, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა საშეღავათო ზომების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჰ. ფ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი