Facebook Twitter

საქმე # 140100119003136505

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №410აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ი ე, 410აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. ე. ბ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.

1.2. ე. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ბ-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 29 აპრილს, საღამოს, გ-ის რაიონის სოფელ ქ-ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ე. ბ-ი შვილთან - გ. ბ-ან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლის მშობლებს - ვ. ბ-სა და ვ. ბ-ს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ე. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ე. ბ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელია, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და ე. ბ-ი არ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მსჯავრდებულის მიერ ორი პირის მიმართ ჯგუფურად მუქარის ჩადენის ფაქტი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულების - ვ. ბ-ა და ვ. ბ-ის, ასევე მოწმე მ. მ-ის ჩვენებებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებიდან და სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და ქმნის უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოსდა, დაზარალებულებისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებები არადამაჯერებელი, ურთიერთგამომრიცხავია და, შესაბამისად, არ დასტურდება ე. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა მათ ჩვენებებში არ იკვეთება. ისინი დეტალურად აღწერენ მომხდარს, ავსებენ ერთმანეთს და ადასტურებენ ე. ბ-ის მიერ დაზარალებულების - ვ. ბ-ა და ვ. ბ-ის მიმართ მუქარის ფაქტს, რაც მან გ. ბ-ან ერთად ჩაიდინა, კერძოდ:

8. დაზარალებულ ვ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 29 აპრილს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სახლში. გ-ი და ე. ბ-ი იყვნენ საფლავზე. სახლში დაბრუნებისას ისინი შეიჭრნენ მასთან. ე. ბ-ი მათ ემუქრებოდა მოკვლით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, მისმა მეუღლემ ე. ბ-ს ხელი ჰკრა და კარი მიუხურა.

9. დაზარალებულ ვ. ბ-ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 29 აპრილს მისი შვილი - ი. ბ-ი იყო საფლავზე, ხოლო თვითონ მეუღლესთან - ვ. ბ-სა და სტუმარ - მ. მ-ან ერთად იმყოფებოდა სახლში. მას მიუვარდნენ ე. და გ. ბ-ი. ე-მ უთხრა, თუ რა უნდოდა ი. ბ-ს მისი შვილის საფლავზე. იგი შვილთან ერთად მოკვლით დაემუქრა მას და მის მეუღლეს, რისიც შეეშინდა. მან ე. არ შემოუშვა სახლში. კარი მიუხურა, ხოლო იგი გარედან აწვებოდა კარს და ემუქრებოდა.

10. მოწმე მ. მ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 29 აპრილს სტუმრად იყო მისული ვ. და ვ. ბ-ან. ე. და გ. ბ-ი საფლავიდან სახლში დაბრუნდნენ, კარი შეაღეს, ე. ეუბნებოდა, თუ რა უფლება ჰქონდა მათ შვილს, რატომ წავიდა საფლავზე და ორივე ემუქრებოდა მოკვლით დაზარალებულებს. ვ. ბ-ა მათ მიუხურა კარი. ე. გარედან აწვებოდა კარს და აგრძელებდნენ ლანძღვას.

11. დაზარალებულების მიერ აღწერილი მოვლენები დადასტურებულია 2019 წლის 30 აპრილს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რა დროსაც ვ. ბ-მა და ვ. ბ-ა დაადასტურეს, რომ მათ 2019 წლის 29 აპრილს ე. და გ. ბ-ი დაემუქრნენ დახოცვით, რა დროსაც ძალიან შეეშინდათ, ხოლო გამომძიებლებმა - ა. ჯ-ა, გ. პ-ა და გ. გ-ა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატ ა. მ-ის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულების შიშის რეალურობის შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ მიმართავდნენ სამართალდამცავ ორგანოებს და არა - მეორე დღეს, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ, ზოგადად, შიშზე პირის რეაქციის ერთი კონკრეტული სტანდარტის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან იგი მკვეთრად ინდივიდუალური ემოციაა და ვერ დაიყვანება საერთო მაჩვენებელზე.

13. საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.

14. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ვ. და ვ. ბ-ს აქვთ სმენისა და მხედველობის პრობლემები, ხოლო მ. მ-ს აქვს დიაბეტი და მეხსიერება ღალატობს.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. დაზარალებულებისა და მოწმის სამედიცინო დიაგნოზების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია თავისი არგუმენტების მამტკიცებელი მტკიცებულება. ადვოკატ ა. მ-ს მოჰყავს მაგალითები აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის დროს გარეშე პირთა ჩართულობის აუცილებლობაზე, ასევე სასამართლოში ვ. ბ-ის დაკითხვისას გარეშე პირის - ნ. ჩ-ს მონაწილეობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების მიერ სხვა პირის დახმარებით თუ მათ გარეშე მიცემული ჩვენებები არ იწვევს ეჭვს სხვა მტკიცებულებებთან გადამოწმების შემდეგ და ის არგუმენტი, რომ ამგვარი პრობლემების მქონე ადამიანები ვერც დაინახავდნენ მუქარის ავტორებს და ვერ გაარჩევდნენ მუქარის ტექსტს, არ წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტს, მითუფრო, რომ იმავენაირად აღწერს მოვლენებს თვითმხილველი მოწმე მ. მ-ი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ხოლო მსჯავრდებულ ე. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება სამართლებრივი კუთხით სწორად შეფასდა.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

18. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი