საქმე # 140100121004423853
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №411აპ-22 ქ. თბილისი
პ-ი თ, 411აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენით:
1.1. თ. პ-ი, - დაბადებული ... წლის .... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 9 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 17 დეკემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. პ-ა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 16 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. გ-ი, მ-ის ბარაკ N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, შურისძიების მოტივით, თ. პ-ა მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე განზრახ დაარტყა ხელთ ნაქონი დანა მ. ს-ს თავის, სახისა და ტანის არეში, რითაც მიაყენა მრავალი ჭრილობა. თ. პ-ა ვერ შეძლო განზარხვის სისრულეში მოყვანა, რადგან მ. ს-ს საავადმყოფოში გაწეული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ. პ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე.
4.1. მსჯავრდებულ თ. პ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-ა შესაგებლით მოითხოვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ თ. პ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ თ. პ-ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ნ. ზ-ის, მ. კ-სა და მ. ს-ის ჩვენებებით, ასევე მოწმეების - ლ. ა-ის, გ. ხ-ს, ა. ყ-ის, მ. ქ-ს, ნ. ლ-ის, მ. ქ-ს, ნ. ქ-ს, დ. ი-ის, ს. თ-ის, გ. გ-ს, ბ. ე-ს, ს. ტ-ის, ჯ. ა-ის, ზ. ჯ-ის, გ. კ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებით, ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერის შესახებ ოქმითა და ჩანაწერით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №.... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ თ. პ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. პ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, თ. პ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, თ. პ-ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი ნასამართლობის არმქონეა, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), თუმცა შემდეგ სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად.
12. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. პ-ის შეფარდებული სასჯელის კანონიერებაზე მსჯელობისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა და მ. ს-ი გადაურჩა სიკვდილს; ამასთან, დაზარალებული შეურიგდა თ. პ-ს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი