Facebook Twitter

საქმე # 330100121004598921

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №412აპ-22 ქ. თბილისი

ე-ი რ, 412აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. რ. ე-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 18 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 18 მარტის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 მარტის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ე-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 26 მარტიდან.

1.2. მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ე-ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· რ. ე-ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,1440 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2021 წლის 17 მარტს, ქ. თ-ი, ფ-ი გამავალ რ-ს გზატკეცილზე უკანონოდ გაასაღა ლ. ა-ე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· რ. ე-ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,1044 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2021 წლის 18 მარტს, ქ. თ-ი, ფ-ი გამავალ რ-ის გზატკეცილზე უკანონოდ გაასაღა ლ. ა-ე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· რ. ე-ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,2059 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერებები, რაც 2021 წლის 22 მარტს, ქ. თ-ი, ფ-ი გამავალ რ-ის გზატკეცილზე უკანონოდ გაასაღა ლ. ა-ე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. რ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (2021 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 18 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (2021 წლის 18 მარტის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (2021 წლის 22 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ე-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 26 მარტიდან.

3.3. მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ე-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ. ე-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 17 მარტის ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (2021 წლის 17 მარტის ეპიზოდი), 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 18 მარტის ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (2021 წლის 18 მარტის ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 მარტის ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) (2021 წლის 22 მარტის ეპიზოდი) მინიმალური სასჯელების შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ რ. ე-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - რ. ლ-ას, გ. ქ-ის, გ. თ-ის, ო. ჩ-ის, ლ. ა-ას, ა. გ-ა და სხვათა ჩვენებებით, ლ. ა-ას პირადი ჩხრეკის ოქმით, თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების შესახებ 2021 წლის 18 მარტის ოქმით, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2021 წლის 18 მარტის ოქმით, ამოღების ოქმებით, თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების შესახებ 2021 წლის 22 მარტის ოქმით, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2021 წლის 22 მარტის ოქმით, 2021 წლის 18 მარტს განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერითა და აღნიშნული ჩანაწერის გაშიფრული კრებსებით, 2021 წლის 22 მარტს განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერითა და აღნიშნული ჩანაწერის გაშიფრული კრებსებით, რ. ე-ის პირადი ჩხრეკის ოქმით, დაკავების ოქმით, საცხოვრებელი ბინის - ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ რ. ე-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს რ. ე-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულ რ. ე-ს შეუმსუბუქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 მარტის ეპიზოდი - 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე), რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

11.1. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ე-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (მის მიერ, გარდა ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, ასევე ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (მათ შორის ამოღებული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა), წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგი ყოფაქცევა, რ. ე-ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რ. ე-ი პირველადაა სამართალში, იგი არასდროს ყოფილა მხილებული არათუ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, არამედ ადმინისტრაციული სახდელიც კი არ ყოფილა გამოყენებული მის მიმართ, ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ რ. ე-ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი