Facebook Twitter

საქმე # 190100120003765737

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №424აპ-22 ქ. თბილისი

შ-ა ვ,424აპ-22 29 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. შ-ს, - დაბადებულს ... წლის ... თებერვალს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 11 ივნისს, დილის საათებში, ქ. რ-ი, ...-ე მიკრორაიონის კორპუსი №...-ის ბინა №...-ში, ვ. შ-ია, მეუღლის - ა. ა-ის მიმართ იყო აგრესიული, უყვირა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გადმოყარა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები და იმავდროულად დაემუქრა, რომ მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა, რის შედეგადაც ა. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. ვ. შ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2.2. ვ. შ-ს მიმართ შეფარდებული გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2.3. ვ. შ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენის გაუქმება და ვ. შ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

7. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

9. განსახილველ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ა. ა-ა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის - ვ. შ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

10. ვ. შ-მ ისარგებლა დუმილის უფლებით, ასევე მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება, თუმცა მან ისარგებლა ბრალდებულის საბოლოო სიტყვით და არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება

11. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - გ. შ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 11 ივნისს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ა. ა-ს მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ ა. ა-ი და მისი შვილი. მოწმემ ზუსტად ვერ გაიხსენა, ვ. შ-ა მომხდარი ფაქტისას იმყოფებოდა თუ არა სახლში.

12. მოწმის სახით დაკითხულ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქვემო ქართლის კრიმინალური სამსახურის ექსპერტ დ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 11 ივნისს იგი და მისი მეწყვილე - ა. ს-ი მივიდნენ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გამოძახებით. ზუსტად არ ახსოვს, სახლი რა მდგომარეობაში იყო, მან მხოლოდ დაასურათა შემთხვევის ადგილი, აღბეჭდა ყველა დეტალი და ხსენებული ფოტოებზე არის მოცემული. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

13. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ა. ა-ა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ვ. შ-ა მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

13.1. მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 11 ივნისს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ა. ა-ნ მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.

13.2. იმ პირობებში, როდესაც ა. ა-ა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ვ. შ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

13.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:

13.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

13.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

13.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.

14. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2020 წლის 11 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ვ. შ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ვ. შ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

17. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი