Facebook Twitter

საქმე # 110100121004956621

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №444აპ-22 ქ. თბილისი

ლ-ე გ, 444აპ-22 29 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ლ-ს, - დაბადებულს … წლის … ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ (2021 წლის ივნისის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის და ოჯახის წევრის მიმართ (2021 წლის 12 ივლისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დღე დაუდგენელია), დაახლოებით 15:00 საათზე, ხ-ის რაიონის სოფელ ბ-ი, ს. ლ-ის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლური სასმლის შენახვასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა გ. ლ-მ მამას - ს. ლ-ს ერთხელ დაარტყა ხელჯოხი მარჯვენა ბეჭის არეში და ასევე, ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დღე დაუდგენელია), დაახლოებით 15:00 საათზე, ხ-ის რაიონის სოფელ ბ-ი, ს. ლ-ის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლური სასმლის შენახვასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გ. ლ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ს. ლ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხ-ის რაიონის სოფელ ბ-ი, ს. ლ-ის საცხოვრებელი სახლის აივანზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გ. ლ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ს. ლ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. გ. ლ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (2021 წლის ივნისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გ. ლ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან.

2.3. გამართლებულ გ. ლ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენის გაუქმება, გ. ლ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ შესაგებლით მოითხოვა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

7. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ლ-ის მიერ მამის - ს. ლ-ის მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენას.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

10. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ს. ლ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის - გ. ლ-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

13. მოწმის სახით დაკითხული ინსპექტორ-გამომძიებლის - დ. კ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 12 ივლისს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა სოფელ ბ-ი მცხოვრები ს. ლ-ე, რომელმაც განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა - გ. ლ-მ და დაემუქრა მოკვლით.

14. მოწმის სახით დაკითხულ ინსპექტორ-გამომძიებლის - გ. დ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში.

15. მოწმის სახით დაკითხულ დეტექტივ-გამომძიებლის - გ. კ-ის ჩვენებით, გ. ლ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამდენად, მოწმეები - დ. კ-ა, გ. დ-ე და გ. კ-ი პირადად არ შესწრებიან ძალადობისა და მუქარის ფაქტებს და გადმოსცემენ დაზარალებულ ს. ლ-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №…. დასკვნით დადგენილია, რომ მოქ. ს. ლ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს (მისივე გადმოცემით, მიიღო თვითდაზიანება). სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნაში აღნიშნულია დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობა, თუმცა ეს დაზიანება არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2021 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია).

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლითა და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად და მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში შესაბამისად - ტანჯვის, ტკივილის, ხოლო მუქარის შემთხვევაში - საფუძვლიანი შიშის განცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა არ იარსებებს. ტანჯვის, ტკივილის, შიშის განცდა კი სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, ტკივილისა და საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებით, დაზარალებულ ს. ლ-ის შეფასება არ არსებობს, იმავდროულად, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და მის მიერ ტკივილის განცდის არსებობას. საქმეში არსებული მტკიცებულებით ასევე არ დგინდება, გაუჩნდა თუ არა ს. ლ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა გ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

21. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი