საქმე # 340100121004729056
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №381აპ-22 ქ. თბილისი
შ-ი ზ 381აპ-22 5 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. შ-ს, - დაბადებულს ... წლის .... ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასარულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, ე.ი. სხეულის დაზიანების მცდელობა, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლიდან ზ. შ-ი ქ.გ-ი, ვ-ს ქ.№...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ნასვამი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - ,,, წელს დაბადებულ მ. ო-ა და .... წელს დაბადებულ თ. ო-ის თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ. ო-ს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.
· 2021 წლის 7 მარტს ნასვამმა ზ. შ-ა ქ.გ-ი, ვ-ს ქ.№...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სახის არეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა მეუღლეს - თ. ო-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 9 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ნასვამმა ზ. შ-ა ქ.გ-ი, ვ-ის ქ.№...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ,,,,,, წელს დაბადებულ ს. შ-ის თანდასწრებით, სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა და ანთებული ღუმელი ესროლა მეუღლეს - თ. ო-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
· 2021 წლის 9 მარტს ნასვამი ზ. შ-ი ქ.გ-ი, ვ-ის ქ.№...-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნაჯახის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თ. ო-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 9 მარტს, ქ.გ-ი, ვ-ის ქ.№..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ზ. შ-მა მეუღლეს - თ. ო-ს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. კონფლიქტის დროს ნასვამმა ზ. შ-ა მეუღლის მიმართულებით ისროლა ლითონის ანთებული ღუმელი, რა დროსაც თ. ო-ს ხელში ეჭირა ,,, წლის ,,, მარტს დაბადებული, 11 თვის შვილი - ს. შ-ი. მიუხედავად იმისა, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა ასეთ ვითარებაში მცირეწლოვნისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობა, მეუღლეზე განაწყენებულმა, შეგნებულად დაუშვა მსგავსი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, რითაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საფრთხე შეუქმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფ, მცირეწლოვან ს. შ-ს.
· 2021 წლის 9 მარტს ნასვამ ზ. შ-ს ქ.გ-ი, ვ-ს ქ.№....-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, მეუღლესთან - თ. ო-ნ მოუხდა კონფლიქტი. კონფლიქტის დროს ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა ... წლის .... მარტს დაბადებული, 11 თვის მცირეწლოვანი შვილი - ს. შ-ი. ძალადობის პროცესში ზ. შ-ა სცადა მეუღლისთვის ბავშვის წართმევა, აჯანჯღარებდა და ექაჩებოდა თავისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ზ. შ-ი ითვალისწინებდა ასეთ ვითარებაში მცირეწლოვნისთვის მძიმე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ თავიდან აიცილებდა მსგავს შედეგს. განხორციელებულმა ძალადობამ და შედეგისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ს. შ-ის გარდაცვალება.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ზ. შ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ზ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2021 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 9 მარტიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლიდან ზ. შ-ი ქ.გ-ი, ვ-ის ქ.№..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ნასვამი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - ..... წელს დაბადებულ მ. ო-ა და .... წელს დაბადებულ თ. ო-ის თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ. ო-ს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.
· 2021 წლის 7 მარტს ნასვამმა ზ. შ-ა ქ.გ-ი, ვ-ის ქ.№...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სახის არეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა მეუღლეს - თ. ო-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 9 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ნასვამმა ზ. შ-ა ქ.გ-ი, ვ-ის ქ.№...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ..... წელს დაბადებულ ს. შ-ის თანდასწრებით, სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა და ანთებული ღუმელი ესროლა მეუღლეს - თ. ო-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
· 2021 წლის 9 მარტს ნასვამი ზ. შ-ი ქ.გ-ი, ვ-ის ქ.№...-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნაჯახის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თ. ო-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ზ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 7 მარტის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2021 წლის 9 მარტის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2021 წლის 9 მარტის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები:
7.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. შ-ის მხრიდან მეუღლის - თ. ო-ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტები (2018 წლიდან 2021 წლის 9 მარტის ჩათვლით), რამაც დაზარალებულის ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე მეუღლის - თ. ო-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის ჩვენებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, მოწმეების - თ. ო-ის, ლ. ს-ის, ვ. გ-ის გამოკითხვის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. საქართველოს სსკ-ის 111,19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები:
8.1. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ზ. შ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს ზ. შ-ის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვნის - ს. შ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობასა და გაუფრთხილებლობით ს. შ-ის სიცოცხლის მოსპობას.
8.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
8.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
8.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის 2021 წლის 9 მარტს, ქ.გ-ი, ვ-ის ქ.№....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ. შ-ა და თ. ო-ს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი, როდესაც ზ. შ-ა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და მისი მიმართულებით ისროლა ლითონის ანთებული ღუმელი, რა დროსაც თ. ო-ს ხელში ეჭირა 11 თვის შვილი - ს. შ-ი. სახელმწიფო ბრალმდებელს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ზ. შ-ის ქმედება სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს უნდა იწვევდეს მისი ბრალეულობის თვალსაზრისით, რაც, საკასაციო სასამართლოს აზრით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, ზ. შ-ა დასახელებულ ეპიზოდში ჩაიდინა ერთდროულად სამი დანაშაული: 1) თ. ო-ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც ის დამნაშავედაა ცნობილი და აღნიშნული ფაქტი მხარეებს სადავოდ არ მიაჩნიათ; 2) უმწეო მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვნის - ს. შ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა; 3) გაუფრთხილებლობით ს. შ-ის სიცოცხლის მოსპობა.
8.5. აღნიშნული მოსაზრების დასასაბუთებლად პროკურორი თინათინ ზუბაშვილი უთითებს საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე - დაზარალებულ თ. ო-ის გამოკითხვის ოქმებზე, მოწმე ვ. გ-ის გამოკითხვის ოქმზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნაზე.
8.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ცალსახად არ დასტურდება ზ. შ-ის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ რაიმე სახის დაზიანების მცდელობის განზრახვა და თვითიმედოვნებით მისი სიცოცხლის მოსპობა.
8.7. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ბრალის ფორმის მიხედვით, მხოლოდ განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სახელმწიფო ბრალმდებელი საქართველოს სსკ-ის 111,19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლებისას სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ როდესაც ზ. შ-ა ანთებული ღუმელი ისროლა თ. ო-ის მიმართულებით, რომელსაც ხელში 11 თვის ს. შ-ი ეჭირა, იგი ითვალისწინებდა, ეთანხმებოდა და მისთვის სრულიად მისაღები იყო ის შედეგი, რაც შესაძლოა, ამ ქმედებას მოჰყოლოდა - ს. შ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც რომ არა თ. ო-ს სწრაფი რეაგირება, აუცილებლად დადგებოდა.
8.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ამგვარ მსჯელობას და, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებას: ბრალდების მხარე ზ. შ-ს თ. ო-ის ანთებული ღუმლის სროლის ეპიზოდში არ ედავება მეუღლის მიმართ განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას და მის ქმედებას აკვალიფიცირებს ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ანუ გვაქვს მოცემულობა, რომ ზ. შ-ის მიერ დაზარალებულ თ. ო-ის მიმართ ლითონის ანთებული ღუმლის სროლა დაზარალებულ თ. ო-ნ მიმართებით წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო ს. შ-ნ მიმართებით - სსკ-ის 111,19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამდენად, წარდგენილი კვალიფიკაციის მიხედვით, ერთ შემთხვევაში ბრალდების მხარე ზ. შ-ის ქმედებას აკვალიფიცირებს როგორც პირდაპირი განზრახვით ჩადენილ დამთავრებულ დანაშაულს, დამდგარი შედეგის მიხედვით, ხოლო მეორე შემთხვევაში - არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ დაუმთავრებელ დანაშაულს.
8.9. არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მის ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც მას არ სურს, თუმცა შეგნებულად უშვებს ან გულგრილია მის მიმართ.
8.10. ამდენად, გაუგებარია, იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ მსჯავრდებულს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან და სწორედ მისი მიმართულებით ისროლა ანთებული ღუმელი, რატომ არ ჰქონდა იმავე შედეგის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მოლოდინი და არაპირდაპირი განზრახვა ზ. შ-ს მეუღლის მიმართ, რაც გამოიწვევდა მისი ქმედების სხვაგვარ კვალიფიკაციას, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ ვარაუდის დონეზე ვერ ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ შემოთავაზებული კვალიფიკაციით ზ. შ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას, არამედ იგი სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. ბრალდების მხარე გვთავაზობს მოცემულობას, რომ ზ. შ-ი ერთი კონკრეტული ქმედების ჩადენის მომენტში (ლითონის ანთებული ღუმლის სროლისას) მოქმედებდა როგორც პირდაპირი, ასევე - არაპირდაპირი განზრახვით და მან პასუხი უნდა აგოს ორი დამოუკიდებელი დანაშაულისათვის, როგორც დამთავრებული (რისთვისაც მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით), ასევე - დაუმთავრებელი დანაშაულისათვის, კერძოდ, მცირეწლოვან ს. შ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობისათვის, მაშინ, როდესაც არაპირდაპირი განზრახვით მცდელობის არსებობა იურიდიულ ლიტერატურაში სადავო საკითხია, რამდენადაც მცდელობა გულისხმობს რაიმე მიზნის მისაღწევად ძალების მობილიზებასა და გამოყენებას, რაც არ არსებობს არაპირდაპირი განზრახვის დროს. აღნიშნული მსჯელობით საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ზოგადად ქმედების ერთ შემადგენლობაში ბრალის ორი ფორმის არსებობის შესაძლებლობას.
8.11. სრულიად ალოგიკურია ზ. შ-ის ბრალდება ს. შ-ის სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობის ნაწილშიც.
8.12. პროკურორი თინათინ ზუბაშვილი აპელირებს საქმეში წარმოდგენილ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნაზე, რომლის თანახმად, ს. შ-ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია, სასუნთქი გზების სანათურში უცხო სხეულის მოხვედრით. ამდენად, ზემოხსენებული დასკვნა ბავშვის გარდაცვალებას არ უკავშირებს ზ. შ-ის მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის დროს ბავშვზე ზემოქმედებით მიღებულ დაზიანებებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი, ყოველგვარი მტკიცებულებითი სტანდარტის დაცვის გარეშე, მიიჩნევს, რომ ზ. შ-ის ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ს. შ-ს სასუნთქი გზების სანათურში საკვების მოხვედრა, მაშინ, როდესაც ამგვარ მოსაზრებას არ შეიცავს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნის არც დასკვნითი და არც კვლევითი ნაწილი. ამავდროულად, უტყუარად არაა დადგენილი, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები მხოლოდ ზ. შ-ის ზემოქმედებითაა განპირობებული.
8.13. აქვე ყურადსაღებია ექსპერტ ა. კ-ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. მან დამატებით აღნიშნა, რომ არ იცის, რა არის სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო სხეული, შეიძლება იყოს საკვები, თუმცა დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია. ასევე არ იცის, როგორ მოხვდა იგი სასუნთქ გზებში, შეიძლება მოხვედრილიყო პირის ღრუდან, ან ცხვირიდან, ან ღებინების შედეგად, რომელიც შეიძლება განვითარებულიყო ბუნებრივად, ჭარბი საკვების კუჭში მოხვედრით, ან ფიზიკური ზემოქმედებით, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რომ ღებინება განვითარდა ტრავმის შედეგად, არ აქვს. ამასთან, ექსპერტმა კატეგორიულად გამორიცხა გარდაცვლილი ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებების დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
8.14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნა იმპერატიულად არ მიუთითებს, რომ ს. შ-ის სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო სხეული არის საკვები, ბრალდების მხარე უპირობოდ აპელირებს, რომ ეს იყო საკვები, ვარაუდობს რა აღნიშნულს დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით, კონფლიქტის დაწყებისას ბავშვი ახალი ნაჭამი იყო. ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ ზ. შ-ა იცოდა, თუ როდის მიიღო საკვები მცირეწლოვანმა შვილმა.
8.15. დაზარალებულ თ. ო-ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, 2021 წლის 9 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, უკვე ნასვამი ზ. შ-ი წავიდა სასმლის საყიდლად, სახლში დაბრუნდა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ და გააგრძელა დალევა. თ. ო-ი არსად უთითებს, თუ რა დროს აჭამა შვილს, ხდებოდა თუ არა ეს ზ. შ-ის თვალთახედვის არეში, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი საერთოდ არ იმყოფებოდა სახლში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, შეუძლებელია მტკიცებითი ფორმით იმაზე საუბარი, რომ ზ. შ-ა იცოდა, რომ ს. შ-ი იყო ახალი ნაჭამი.
8.16. გასათვალისწინებელია მოწმე ვ. გ-ის ჩვენების ის ნაწილიც, სადაც იგი განმარტავს, რომ მასთან თ. ო-ის მისვლისას ბავშვი არ ტიროდა, თუმცა თვალები ჰქონდა გახელილი და ხელ-ფეხს ამოძრავებდა. შესაბამისად, ამ დროისთვის ბავშვი ჯერ ისევ ცოცხალი იყო და სწორედ მეზობლის სახლში ყოფნისას გაიგონა თ. ო-ა უცნაური ხმა, თითქოს, ს. შ-ა ამოიხრიალა, რის შემდეგაც შეიყვანა სამზარეულოში და პირი მობანა.
8.17. ზ. შ-ს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში სიცოცხლის მოსპობის თვითიმედოვნებით ჩადენაა აქცენტირებული, მაშინ, როდესაც არცერთი მტკიცებულება არ უთითებს, რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა აკრძალული ქმედების შინაარსი, ითვალისწინებდა შვილის გარდაცვალების შესაძლებლობას და უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მის აცილებას.
8.18. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით განსხვავდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან, რამაც სასიკვდილო შედეგი გამოიწვია. ეს დანაშაული სახეზეა მაშინ, როდესაც დამნაშავის განზრახვა მოიცავდა ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ არ გულისხმობდა დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობას, თუმცა ეს შედეგი გაუფრთხილებლობით დადგა, ხოლო ქმედება სსკ-ის 116-ე მუხლით დაკვალიფიცირდება მაშინ, როდესაც პირის განზრახვა არ მოიცავს ვინმეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, არამედ იგი თავისი ქმედებით არღვევს წინდახედულების ნორმას და მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართაც მოქმედებს გაუფრთხილებლობით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გვთავაზობს ორივე დანაშაულის არსებობას ერთდროულად, როდესაც პირს აქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა, რაც ვერ მიჰყავს ბოლომდე, ამავდროულად, მისი ქმედება იწვევს იმავე დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
8.19. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №... დასკვნაზე, რომლის თანახმად, ზ. შ-ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის აშლილობით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის აშლილობით და არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ზ. შ-ს შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ზ. შ-ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მისი ფსიქიკური აშლილობა ატარებს ქრონიკულ ხასიათს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ზ. შ-ი, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს (ს.ფ. 336-341).
8.20. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ზ. შ-ის შეზღუდული შერაცხადობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს. ასევე, მასში ცალსახადაა აღნიშნული, რომ მისი ფსიქიკური აშლილობა ატარებს ქრონიკულ ხასიათს და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა. ამავდროულად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონფლიქტის მომენტში ზ. შ-ი იყო ალკოჰოლით მთვრალი, ცალსახად იმის მტკიცება, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა თვითიმედოვნებით, ან თუნდაც დაუდევრობით, შეუძლებელია.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რომლის თანახმად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი