Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N21I-20 ქ. თბილისი

ი-ი ე-ნ, 21I-20 8 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ი-ის/ი-ის (E. Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ი-ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2015 წლის 11 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო N2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს N--- განაჩენით ე. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 39/2 და 62-ე მუხლებთან ერთობლივად 81/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობაში დახმარება) ორი ეპიზოდისა და 35/2, 39/2 და 62-ე მუხლებთან ერთობლივად 81/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მცდელობის ეტაპზე შეჩერებული განზრახ მკვლელობაში დახმარება) ჩადენისათვის. იმავე განაჩენით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, 8 წლითა და 4 თვით, 8 წლითა და 4 თვით და 5 წლით. ე. ი-ი უშუალოდ ესწრებოდა საქმის სასამართლოში განხილვას.

1.2. 2017 წლის 23 მაისს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თურქეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ და გახდა საბოლოო.

1.3. 2017 წლის 10 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო N2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. ი-ის მიმართ გამოყენებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 21 წლითა და 8 თვით. ამასთან, ე. ი-მა ფაქტობრივად უნდა მოიხადოს სასჯელი - 15 წლით, 8 თვითა და 4 დღით.

1.4. იმავე დღეს გამოიცა ე. ი-ის დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით.

1.5. 2018 წლის 24 დეკემბრიდან ე. ი-ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ქმედების ფაქტობრივი გარემოებები (2015 წლის 11 მაისის განაჩენის მიხედვით):

2.1. 2006 წელს ვ. კ-ასა და შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერ ე. ჩ-ს შორის წარმოიშვა დაპირისპირება ვ. კ-ას მიერ ვალის გადაუხდელობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალის დაბრუნების მიზნით, ე. ჩ-ის დაჯგუფების წევრები, მათ შორის - ე. ი-ი, პერიოდულად მიდიოდნენ ვ. კ-ას სამუშაო ადგილას და მისგან ითხოვდნენ თანხის გადაცემას.

2.2. 2006 წლის 25 აგვისტოს ვალთან დაკავშირებით წარმოშობილი დაპირისპირების გამო, ე. ჩ-მა გადაწყვიტა მოეხდინა შეიარაღებული თავდასხმა ვ. კ-ას სამუშაო ადგილზე. ე. ჩ-მა შეკრიბა თავისი დაჯგუფების წევრები, რომლებსაც თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და მათგან ე. ი-ი გაგზავნა იმის გასარკვევად, იმყოფებოდა თუ არა ვ. კ-ა სამუშაო ადგილას. ე. ი-მა შეატყობინა ე. ჩ-ს, რომ ვ. კ-ას სამუშაო ადგილზე იმყოფებოდნენ თავად ვ. კ-ა, მისი მამა - ზ. კ-ა და ამ უკანასკნელის მხარდამჭერი შეიარაღებული პირები - ი. ჰ-ი და ო. ბ-ი, რის შემდეგაც ე. ჩ-ი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. ქ-ში მდებარე ვ. კ-ას სამუშაო ადგილს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს ი. ჰ-ი და ზ. კ-ა, ხოლო ო. ბ-ს მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ამასთან, ე. ი-ი ავტომობილით იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რათა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარებოდა ე. ჩ-სა და დაჯგუფების წევრებს.

3. ე. ი-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

3.1. 2019 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ი-ი.

3.2. 2019 წლის 24 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ე. ი-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

3.3. 2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. ი-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

3.4. 2020 წლის 21 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ი-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 22 აპრილამდე.

3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 აპრილის განჩინებით ე. ი-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 22 ივლისამდე.

3.6. ამჟამად, ე. ი-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2020 წლის 21 აპრილს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ი-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია:

4.1. თურქეთის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო N2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის N--- განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი:

5.1. ე. ი-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო N2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის N--- განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი მ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინება.

6.1. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი არ არის ის ქმედება, რომლის ჩადენის გამოც ე. ი-ი თურქეთის რესპუბლიკაში არის მსჯავრდებული. ე. ი-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ იარსებებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევის საფრთხე. ამასთან, ვინაიდან ე. ი-ის მიერ თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, აღნიშნული გარემოება აგრეთვე ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ე. ი-ის/ი-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობის, ლტოლვილის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა მოთხოვნა.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ი-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 22 ოქტომბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ ქმედება, რომლის ჩადენასაც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ედავებიან, საქართველოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი. წარმოდგენილ საქმის მასალებში აღწერილი ე. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეესაბამება - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში დახმარების შემადგენლობას, კერძოდ:

4.1. ე. ი-მა ე. ჩ-ს შეატყობინა, რომ ვ. კ-ას სამუშაო ადგილზე იმყოფებოდნენ თავად ვ. კ-ა, მისი მამა - ზ. კ-ა და ამ უკანასკნელის მხარდამჭერი შეიარაღებული პირები - ი. ჰ-ი და ო. ბ-ი, რის შემდეგაც ე. ჩ-მა და მისმა შეიარაღებულმა დაჯგუფების წევრებმა განახორციელეს თავდასხმა (შედეგად ი. ჰ-ი და ზ. კ-ა მოკვდნენ, ხოლო ო. ბ-ს კი ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდა). ე. ი-ი ავტომობილით იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რათა საჭიროების არსებობისას დამატებით დახმარებოდა ე. ჩ-სა და დაჯგუფების წევრებს. ამდენად, 2015 წლის 11 მაისის განაჩენში აღწერილი ე. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები დასჯადია საქართველოს კანონმდებლობითაც.

5. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატის საჩივარში მითითებულ პოზიციას ე. ი-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის თაობაზე.

6. პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) ექსტრადიციის შემთხვევაში რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ საჩივარში მხოლოდ ზოგადი ფორმით, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, “Amnesty International-ისა” და „Human Rights Watch-ის” ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით მიუთითა თურქეთის რესპუბლიკაში ე. ი-ის მიმართ ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე. კონკრეტული სახის ინფორმაცია კი, რომელზე დაყრდნობითაც საკასაციო პალატას შესაძლოა, ევარაუდა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რომელიმე უფლების დარღვევის რეალური რისკის შესახებ, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

8. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით, მათ შორის ექსტრადიციას ქვემდებარე განაჩენით (გამოტანილია - ე. ი-ისა და მისი ადვოკატის მონაწილეობით) რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება. დაცვის მხარე აგრეთვე უთითებს, რომ ე. ი-ის მიმართ ერთხელ უკვე დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მას განაჩენი გამოუტანეს ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც მკვლელობის დახმარებაში არ გამოიხატება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. ი-ის ბრალეულობის/მსჯავრდების საფუძვლიანობის საკითხი არ განიხილება. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სრულად იქნება უზრუნველყოფილი დაცვის უფლებით. ე. ი-ის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაული პოლიტიკურ, სამხედრო ხასიათს არ ატარებს. სხვა გარემოებაზე კი, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაზე მიუთითებდა ადვოკატს საკასაციო საჩივარში არ აღუნიშნავს.

9. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ე. ი-ი ამჟამად თავშესაფრის მაძიებელი პირია, როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, ე. ი-ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე (რაც მან გაასაჩივრა). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშომლობის შესახებ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, აკრძალულია მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელი პირის ფაქტობრივი გადაცემა და არა - პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინება კანონიერია, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე