Facebook Twitter

საქმე # 330100121004724703

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №525აპ-22 ქ. თბილისი

ტ. ზ. 525აპ-22 11 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განაჩენზე ზ. ტ-ს მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ტ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ტ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით, ქ. თ–ში, ........ს ქუჩა N... ში, ქ. თ-ში, ..........ს ქუჩა N.. ში და ქ.თ-ში ..........ს ქუჩა N.. ის ბინა N..ში ყოფნისას, ზ. ტ. სისტემატურად ლანძღავდა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ. მ-ს. აღნიშნულმა ქმედებებმა მ. მ-ის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

2020 წლის მაისში, ქ. თ–ში, ......ს ქუჩა N...ში ყოფნისას, ზ. ტ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. მ–ს, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი და მკლავზე უჭერდა ხელს. აღნიშნულმა ქმედებებმა მ. მ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2.2. 2020 წლის მარტში, ქ.თ-ში, ........ს ქუჩა N.. ში ყოფნისას, ზ. ტ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. მ-ს, უთხრა, რომ მოკლავდა. მ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2021 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში, ზ. ტ-მა ტელეფონით დაურეკა ქ.თ-ში, დ-ს ქუჩა N..ის ბინა N.. ში მყოფ მეუღლეს - მ. მ-ს, რომელსაც უთხრა, რომ მოკლავდა. მ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით:

3.1. ზ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 10 მაისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზ. ტ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სპეციალურ პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით - 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

3.3. ზ. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის

პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 11 მაისიდან.

3.4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე ზ. ტ-ს დაევალა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. ტ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განაჩენით:

5.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ცვლილებით;

5.2. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენში;

5.3. ზ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით;

5.3.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მარტის ეპიზოდი) საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 200 საათით;

5.3.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის მაისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ.ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.6. ზ. ტ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 11 მაისიდან 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით (9 თვე).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ტ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ლ. ბ-ემ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განაჩენის სრულად გაუქმება მსჯავრდებულ ზ. ტ-ს მიმართ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობის გავრცელება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განაჩენის სრულად გაუქმებას და ზ. ტ-სათვის დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობის გავრცელებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების გაუქმება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, პირის საუარესოდ განმარტებული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სამართლებრივ დანაწესს. ასევე, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმება უკავშირდება დანაშაულის ჩადენის დროს და არა - განაჩენის გამოტანის დროს.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ზ. ტ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულ მ. მ-ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ლ. ხ-ის გამოკითხვის ოქმით, მ. მ-ის ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ზ. ტ-სათვის წინა განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გასული იყო, მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს პირობით მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის და არა ამ დანაშაულისათვის სასამართლოს განაჩენის დადგენის დროს. შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისათვის ირელევანტურია განაჩენის დადგენა მოხდება აღნიშნული გამოსაცდელი ვადის ფარგლებში თუ მისი დასრულების შემდეგ (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015წლის 24 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N 401აპ-15).

6. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ზ. ტ-მა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში (გამოსაცდელი ვადა დაასრულა 2021 წლის 25 მარტს (იხ.: ცნობა მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ - ტ.1, ს.ფ. 150)).

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიული ხასიათის ნორმაა, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმების და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით სასჯელის განსაზღვრის ვალდებულებას მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნაზე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განაჩენში მითითებულ მსჯელობას და მიდგომას - მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ როდესაც არ არსებობს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს შორის ურთიერთმიმართების არარსებობის შესახებ.

9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი გამოსაცდელ ვადაში პირობით მსჯავრდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ გამონაკლისის სახით - მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი ცალსახად და ამომწურავად განსაზღვრავს გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საგამონაკლისო წესს - ერთადერთ შემთხვევაში - თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხსენებული ნორმა ეხება ზოგადად პირობითი მსჯავრის ინსტიტუტის გამოყენებას, რაც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სისტემური, ტელეოლოგიური და გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მოიცავს დანიშნული სასჯელის როგორც სრულად (საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე), ისე ნაწილობრივ (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე) პირობითად ჩათვლას. საწინააღმდეგო განმარტება არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ძირითად არსსა და მიზანს. შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა (საპროცესო შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით - დაუშვებელია.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი არ მიემართება ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი, გარდა პირობითი მსჯავრის გამონაკლის შემთხვევაში გამოყენების წესისა, ასევე არეგულირებს პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის ჩადენისას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის დანიშვნის წესს, რაც მიემართება არა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის, არამედ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ პირობით მსჯავრსაც. შესაბამისად, გაუგებარია, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმგვარი განმარტება, რაც უშვებს მისი პირველი და მეორე წინადადებების გავრცელებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, ხოლო მსგავს მიდგომას გამორიცხავს მესამე წინადადებასთან მიმართებით.

11. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მსჯავრდებული ზ. ტ. აკმაყოფილებდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ არსებობდა მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების ფაქტი.

12. რაც შეეხება ზ. ტ-სთვის განსაზღვრულ სასჯელს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

13. კასატორი უთითებს დაზარალებულის პოზიციაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ). სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

15. სასამართლო ითვალისწინებს, ზ. ტ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ), ჩადენილი ქმედების სიმძიმეს(ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაულები), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, რომ ზ. ტ-მა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედებები (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2020 წლის მარტის ეპიზოდი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით) და ნასამართლობის პირობებში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, ხოლო მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფაქტები ადასტურებენ, რომ არსებობს მსხვერპლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების განგრძობადი საფრთხე.

16. სასამართლო ითვალისწინებს ზ. ტ–ს წინა ნასამართლობებს, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნამ ვერ უზრუნველყო ვერც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის (ახალი დანაშაულის თავიდან აცილება) და ვერც რესოციალიზაციის მიზნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მიღწევა. შესაბამისად, ზ. ტ-სათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა(სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით) - სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

17. სასჯელის ზომის და მოხდის წესის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ზ. ტ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ტ-ს მიმართ;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე