Facebook Twitter

საქმე # 330100121004596084

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №523აპ-22 ქ. თბილისი

ფ-ა შ, 523აპ-22 14 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ფ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:

1.1. შ. ფ-ა, - დაბადებული .... წლის .... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ფ-მ ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· შ. ფ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და შეინახა გასაღების მიზნით 34 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, რაც გაასაღა გ. კ-ე, კერძოდ:

· 2021 წლის 4 მარტს შ. ფ-მ ქ. თ-ი, ა-ის დასახლებაში, გ. კ-ე ნიმუშის სახით გაასაღა 4 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა;

· 2021 წლის 12 მარტს შ. ფ-მ თ-ი, გ-ის მე-.. მ/რ-ნი, №.. კორპუსთან, გ. კ-ე გაასაღა 10 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, რაშიც ამ უკანასკნელს გამოართვა 300 ლარი;

· 2021 წლის 17 მარტს შ. ფ-მ ქ. თ-ი, გ-ის დასახლებაში, გ. კ-ე გაასაღა 20 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, რაშიც ამ უკანასკნელს გამოართვა 700 ლარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა შ. ფ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით (სასჯელის მცირე ნაწილის პირობით შეცვლა).

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ შ. ფ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - გ. კ-ის, გ. ბ-ს, ა. ტ-ის, ა. ჩ-ა და სხვათა ჩვენებებით, ფარული სატელეფონო მიყურადების ამსახველი ჩანაწერით, ფარული სატელეფონო მიყურადება-ჩაწერის კრებსებით, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით, ამოღების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ შ. ფ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის ქმედების შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთი მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორე მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა, გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ შ. ფ-ას მითითებას, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, რადგან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შ. ფ-ას მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ შ. ფ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ერთი მხრივ, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (საფრთხის წინაშე დადგა ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემა), დამნაშავის პიროვნების, დანაშაულის ფორმალური ხასიათის (კონკრეტული პირის (პირების) და საგამოძიებო ორგანოს ჩართულობის გარეშე შესაძლებელი იყო, რომ მიმოქცევაში გასულიყო ყალბი ვალუტა) მხედველობაში მიღებით, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებისათვის არ არის მიზანშეწონილი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებით, შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ვერ ექნება კანონიერი გამართლება.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი