საქმე # 330100122005445603
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №540აპ-22 ქ. თბილისი
მ-ე ვ, 540აპ-22 14 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით:
1.1. ვ. მ-ე, - დაბადებული .... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 24 დეკემბრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით (მესაკუთრე: მ. მ-ე, პ/ნ.. კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერკეთი, საკადასტრო კოდით N...) უნდა მოეხსნას ყადაღა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. მ-მ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მუქარა, ე. ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. მ-ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი,მეუღლე უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და არ შეეწინააღმდეგოს, ასევე, მისი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მ. ს-ს უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს, მიმოწერას და სოციალურ ქსელებს. აღნიშნული მოტივით, 2017 წლის მარტში, ქ. თ-ი, მ-ის დასახლება, ღ-ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - მ. ს-ს, კერძოდ: ხელი წაუჭირა ყელში და შემდგომ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს ჩალურჯებული ჰქონდა მარცხენა თვალი და რითაც დაზარალებულმა თითოეული ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. მ-ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, მეუღლე უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და არ შეეწინააღმდეგოს, ასევე, მისი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მ. ს-ს უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს, მიმოწერას და სოციალურ ქსელებს. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ-ი, მ-ს დასახლება, ღ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. მ-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ს-ს, კერძოდ, სახის არეში გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა ორივე ლოყაზე, რის შემდგომაც მუშტი ჩაარტყა თავში და კვლავ სახეში გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. მ-ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, მეუღლე უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და არ შეეწინააღმდეგოს, ასევე, მისი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მ. ს-ს უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს, მიმოწერას და სოციალურ ქსელებს. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 23 დეკემბერს, 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ-ი, მ-ის დასახლება, ღ-ის ქუჩა №...- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. მ-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ს-ს, კერძოდ, გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა ორივე ლოყაზე, ყურთან და თავში ჩაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. მ-ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, მეუღლე უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და არ შეეწინააღმდეგოს, ასევე, მისი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მ. ს-ს უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს, მიმოწერას და სოციალურ ქსელებს. აღნიშნული მოტივით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ. თ-ი, მ-ის დასახლება, ღ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. მ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. მ-ე ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი, მეუღლე უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და არ შეეწინააღმდეგოს, ასევე, მისი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მ. ს-ს უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს, მიმოწერას და სოციალურ ქსელებს. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ-ი, მ-ის დასახლება, ღ-ის ქუჩა №....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. მ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ს-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 23 დეკემბერს, 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ-ი, მ-ის დასახლება, ღ-ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. მ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ. ს-ის კუთვნილი „Samsung A40-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი დაამტვრია და შემდგომ შეაგდო ანთებულ შეშის ღუმელში, რის შედეგადაც მობილური ტელეფონი სრულად დაიწვა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. მ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.
4.1. მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-ა შესაგებლით მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ვ. მ-ის გამოკითხვის ოქმითა და მის მიერ დანაშაულის აღიარებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, დაკავების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ ვ. მ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის დანიშვნა არის მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მოძალადე პირთა მიმართ ყოველ ჯერზე გამოტანილ უნდა იქნეს იმ სახისა და ზომის სასჯელი, რომელიც იქნება მისი ქცევის პროპორციული, თავიდან იქნება აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და დაზარალებულს გაუჩენს ნდობას პროცესის მიმართ. ამასთან, სასამართლო სასჯელსა და დანაშაულს შორის პროპორციულობის განსაზღვრისას, გარდა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებისა, ხელმძღვანელობს დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებით. ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების შეფასებისას, უპირველესად, გასათვალისწინებელია მისი კრიმინალური წარსული (ნასამართლობა), არის თუ არა მიდრეკილი ძალადობრივი ქმედებებისკენ და ა.შ.
12. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ვ. მ-მ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, არის თვითდასაქმებული, დაზარალებული მ. ს-ე შეურიგდა მსჯავრდებულს და პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ამასთან, მან სრულად აუნაზღაურა დაზარალებულს მიყენებული ზიანი; ვ. მ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რისი მხედველობაში მიღებითაც, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). ამდენად, აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი