Facebook Twitter

საქმე # 330100121004882798

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №562აპ-22 ქ. თბილისი

მ-ი ი, 562აპ-22 14 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ი. მ-ი, - დაბადებული ... წლის .... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 25 მაისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ა ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 25 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ი. მ-ა საწვავის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა თ-ი, სოფელ დ-ი, ვ. გ-ს მე-... ჩიხის N...-ში მდებარე მ. გ-ის საცხოვრებელ სახლს, რამაც გამოიწვია მისი ქონების დაზიანება და განადგურება. ი. მ-ის ქმედების შედეგად მ. გ-ს მიადგა დაახლოებით 6000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 25 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თ-ი, სოფელ დ-ი, ვ. გ-ის მე-12 ჩიხის N...-ში მდებარე მ. გ-ის საცხოვრებელ სახლში ი. მ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ამ უკანასკნელს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ი. მ-ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ი. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. გ-ის ჩვენებით, მოწმეების - მ. გ-ის, ი. შ-ას, ი. გ-ის, ვ. მ-ის, მ. მ-ა და ა. გ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N.../ ქიმიური, N.../ს სასაქონლო, N..../ინ სასაქონლო-საინჟინრო ტექნიკური და N..../სტ სახანძრო ექსპერტიზების დასკვნებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N.... სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. მ-ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ შეფარდებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

10. მოცემულ შემთხვევაში, ი. მ-ა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა აღიარა მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას; მან არ ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან და სასამართლოში სადავოდ გახადა ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

11. გარდა იმისა, რომ სახეზე არ არის სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მხედველობაში იღებს ასევე მსჯავრდებულ ი. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სახეს, საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილი აქვს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაული), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ი. მ-ის ქმედებით დაზარალებულმა განიცადა მორალური და მატერიალური ზიანი - 6000 ლარი, რაც ანაზღაურებული არ არის).

12. რაც შეეხება ადვოკატ ი. თ-ას აპელირებას მსჯავრდებულ ი. მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა მისი შეზღუდული შერაცხადობა, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ი. მ-ის განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ).

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი