Facebook Twitter

საქმე # 080100121004696657

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №398აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი კ, 398აპ-22 5 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენით კ. გ--ი, - დაბადებული --- წლის - ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 7 აპრილის 05:00 სთ-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 7 აპრილის 10:00 სთ-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 აპრილიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. გ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (სამი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 8 იანვარს კ. გ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქ. თ–ი, მ-ს ქუჩის №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ნ. უ–ს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 05:00 საათზე, კ. გ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქ. ქ-ი, შ--ს ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ნ. უ–ს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე ორივე ხელი მოუჭირა კისერში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, კ. გ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქ. ქ-ი, შ-ს ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ნ. უ–ს ხელი ჰკრა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 7 აპრილს, დღის საათებში, კ. გ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონით დაურეკა მეუღლეს - ნ. უ–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ,,გაუშვებდა მის გარდაცვლილ მამასთან და თვითონ დაუნთებდა სანთლებს“. აღნიშნულის შედეგად ნ. უ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულმა კ. გ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენით მას შეეფარდა უსამართლო და მკაცრი სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა კ. გ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

3. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კ. გ-ი გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის (სსკ-ის 273-ე, 260-ე მუხლები) განაჩენით და საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 10 მაისიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის განკარგულებით კ. გ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა მითითებული განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

5. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. შესაბამისად, კ. გ-ი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, ქმედების ჩადენის დროს, ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ და ამ ნაწილში გამოკვეთილი არ არის დანაშაულის რეციდივი.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

7. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

8. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი.

8.1. სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დაცვა, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება - შეფასება.

9. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ. გ-მა ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით.

10. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ კ. გ-ისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს. მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითვლება ნასამართლობის არმქონედ, მაგრამ კ. გ-ის მიერ ჩადენილ ეპიზოდებში გამოიკვეთა რამდენიმე გარემოება: ჩადენილი დანაშაულის სიმრავლე და მასშტაბი - 4 ეპიზოდი; ძალადობის მოტივი - გენდერული დისკრიმინაცია; ძალადობის ხერხი - დაზარალებულ ნ. უ–ს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე ორივე ხელი მოუჭირა კისერში. ყოველივე მიუთითებს მსჯავრდებულის პიროვნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან კ. გ-ს სასჯელი დანიშნული ჰქონდა დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, ხოლო საქმის მასალებითა და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხედველობაში მიღებით, კ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს 6 თვით და შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (ხსენებული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელიც.

11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

12. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: კ. გ-ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 7 აპრილის 05:00 სთ-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 7 აპრილის 10:00 სთ-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. კ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 7 აპრილის 05:00 სთ-ს ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 7 აპრილის 10:00 სთ-ს ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებულ კ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 20 აპრილიდან;

6. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი