Facebook Twitter

საქმე # 330100120003596118

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №216აპ-22 ქ. თბილისი

ქ-ა ბ, 216აპ-22 7 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. მ-ა და ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენით:

ბ. ქ-ა, - დაბადებული ... წლის .... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; ბ. ქ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 2 აპრილიდან.

რ. ჯ-ი, - დაბადებული .... წლის .... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. რ. ჯ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2019 წლის 6 მარტს შპს „ჯ-ის“ (ს/ნ .....) ხელმძღვანელებმა - ბ. ქ-მ, რ. ჯ-ა საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და მასში არარსებული ე.წ. „ჩათვლების“ ხელოვნურად შეტანით, შპს „ჯ-ის“ შეუქმნეს დღგ-ს 1 500 000 ლარის ყალბი აქტივი. აღნიშნული აქტივის საბაჟო ოპერაციებში გამოყენებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილში რეზიდენტი კომპანია „მ-ის“ (ს/ნ ....) საბაჟო კონტროლზე აყვანილი ტვირთიდან შპს „ჯ-ის“ საბაჟო იმპორტის რეჟიმში მოექცა ჯამურად - 190 266 კგ „დიზელის საწვავი,“ რაზეც ზემოხსენებული ყალბი დღგ-ის აქტივიდან გამოიყენეს ჯამურად - 135 517 ლარი, რითაც მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

4. კასატორმა ადვოკატებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ბ. ქ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გამოკვეთილი არ არის ბ. ქ-ს როლი ე.წ. ,,ჯგუფში.“ საბაჟო დოკუმენტებისა და ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საწარმოს შექმნილი აქვს 1 500 000 ლარის დღგ-ს აქტივი, მაგრამ ბ. ქ-მ კონკრეტულად რა ფუნქცია შეასრულა ამ აქტივის შექმნაში, არ არის დადგენილი. გაურკვეველია, რაში გამოიხატა ბ. ქ-ს ტყუილი, რა ფორმის და რა შინაარსის იყო მის მიერ ჩადენილი ქმედება.

5. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში არ არსებობს ბ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში ნათლად მიუთითა როგორც ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, ისე - მათ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ხასიათზე, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს.

9. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარისათვის სადავო გარემოებას წარმოადგენს იმ ფაქტის გარკვევა - ჰქონდა თუ არა რაიმე შეხება ბ. ქ-ს (დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ფორმით) შპს „ჯ-ან“, ასევე რ. ჯ-ნ ერთად უძღვებოდა თუ არა შპს „ჯ-ის“ საქმიანობას და რა როლი გააჩნდა მას ე.წ. ,,ჯგუფში.“

10. გარემოება, რომ მსჯავრდებული ბ. ქ-ა ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და აქტიურად იყო ჩართული შპს „ჯ-ის“ სახელით განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში, დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით:

მოწმე გ. ფ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ შპს „ჯ-ი“ გაფორმებული იყო რ. ჯ-ე, რომელიც ბ. ქ-ნ ერთად კურირებდა ნავთობის შემოტანასა და შემდგომში ყალბი აქტივით განბაჟებას, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელი რეალურად იყო ბ. ქ-ა. გარდა ამისა, ყალბი აქტივის დასასმელად გ. ხ-ა და რ. ბ-ს შპს „ჯ-ის“ რეკვიზიტები სწორედ ბ. ქ-მ გადასცა. ასევე, მოწმეც ხშირად შესწრებია გ. ხ-ს, რ. ბ-ა და ბ. ქ-ს შორის მიმდინარე სატელეფონო თუ პირისპირ მოლაპარაკებებს, რომლებიც ყალბ აქტივებს შეეხებოდა.

შპს „ჯ-ის“ დოკუმენტებსა და თანხებთან დაკავშირებით უშუალოდ ბ. ქ-ნ კომუნიკაციის ფაქტი დაადასტურა მოწმე ლევან კვირკველიამ. მისი განმარტებით, შპს „ჯ-ის“ ტვირთის ყვითელ დერეფანში მოხვედრის შესახებ შეტყობინების ფურცელს (დღგ-სა და აქციზის თანხების მითითებით), აგზავნიდა ბ. ქ-ს ელექტრონულ ფოსტაზე, რის შემდეგაც ხდებოდა თანხების დარიცხვა და ტვირთების განბაჟება.

მოწმე მ. მ-ა (რომელიც საბროკერო მომსახურებას უწევდა შპს ,,ჯ-ს“) მიუთითა, რომ საწვავის განბაჟებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია ჰქონდა ბ. ქ-ნ და მომსახურების საფასურსაც იგი უხდიდა. მანვე აჩვენა, რომ 2019 წლის აპრილში რამდენჯერმე განაბაჟა შპს ,,ჯ-ის“ საწვავი და ამ შემთხვევაშიც კავშირი ჰქონდა ბ. ქ-ნ, სწორედ მან სთხოვა შპს „ნ-ის“ ნაცვლად შპს ,,ჯ-ს“ მეშვეობით განებაჟებინა იმპორტირებული საწვავი და ამ შემთხვევაშიც საზღაურს ბ. ქ-ა უხდიდა. იყო შემთხვევა, როდესაც, მისივე თხოვნით, შპს ,,ჯ-ის“ საწვავი მისმა მეგობარმა, ი. ბ-მ განაბაჟა, რა დროსაც საწვავის ყვითელ ზონაში მოხვედრის გამო, კვლავ დაუკავშირდნენ ბ. ქ-ს, რომელმაც პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვარა.

მოწმე ი. ბ-ის ჩვენებით, თავის მხრივ, დადასტურებულია ზემოაღნიშნული გარემოება, კერძოდ, მან მიუთითა, რომ მ. მ-ს მიერ გადმოცემული დოკუმენტები 2019 წლის 29 მარტს წარადგინა ბ-ის გეზ-ში, სადაც მებაჟე ოფიცერმა უთხრა, რომ განსაბაჟებელი ნავთობპროდუქტი მოხვდა ყვითელ დერეფანში და საჭირო იყო თანხის გადახდა, რის შესახებაც მ. მ-ს შეატყობინა. ცოტა ხანში მას დაუკავშირდა ბ. ქ-ა, რომელმაც უთხრა, რომ გადასახდელი თანხების იმავე დღეს გადახდას ვერ შეძლებდა.

სხვა მოწმეები, რომლებიც აგრეთვე ადასტურებენ ბ. ქ-ს მონაწილეობას შპს „ჯ-ის“ ნავთობპროდუქტის განბაჟებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, არიან თ. რ-ი და ი. ნ-ა.

თ. რ-ა სასამართლოს მოახსენა, რომ შპს „ჯ-ის“ კუთვნილი ნავთობპროდუქტის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ბ. ქ-მ გადასცა, რაც გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარადგინა. განსაბაჟებელი ტვირთის, დღგ-სა და აქციზის თანხების გადაუხდელობის საფუძვლით, ყვითელ დერეფანში მოხვედრა აცნობა ბ. ქ-ს, რომელთან საუბრიდანაც მალევე დღგ-სა და აქციზისათვის საჭირო ოდენობის თანხები ჩაირიცხა, რამაც ტვირთის განბაჟების შესაძლებლობა მისცა; მოწმე ი. ნ-მ (შპს „ი-ს“ ფინანსური მენეჯერი, კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა საწვავის იმპორტი და ვაჭრობა) განაცხადა, რომ მათმა კომპანიამ საწვავი შეიძინა ,,ჯ-ნ.“ ამ შემთხვევაში ურთიერთობა მას მხოლოდ ბ. ქ-ნ ჰქონდა; მასთან ათანხმებდა საწვავის ფასის, ოდენობის დეტალებსა და მიწოდების საშუალებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლოს თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებები მისცეს და მათში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოვლენილა.

11. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საბაჟო დოკუმენტებითა და ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბ. ქ-მ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით), ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრით არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დასაშვებობის არცერთი საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. მ-ა და ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი