Facebook Twitter

საქმე # 330100120004100811

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №382აპ-22 ქ. თბილისი

კ-ი რ, 382აპ-22 22 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ა-ა და დ. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - და დ. მ-ს, - დაბადებულს .. წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედებათ ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ-ი, გ. კ-ას ქუჩა N...-ის მიმდებარედ, ,,ტოიოტას“ მოდელის ავტომობილით, სახ.№...., გადაადგილების დროს, ტაქსის მძღოლს, ა. ზ-ს ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის, ავტომობილისა და მასში არსებული ნივთების დაუფლების მიზნით, თავს დაესხა ორი მგზავრი - დ. მ-ე და რ. კ-ი. დ. მ-მ ა. ზ-ს უკანა სავარძლიდან თავში ჩაარტყა ბოთლი, რ. კ-ა კი ის გააკავა ავტომობილის ღვედით, რის შემდეგაც დ. მ-მ დანისმაგვარი საგნის დემონსტრირებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის, ყელის გამოჭრის მუქარით მოსთხოვა ფულის მიცემა. ა. ზ-ის მანქანიდან გადასვლის შემდეგ რ. კ-ი და დ. მ-ე დაეუფლნენ ავტომობილს მასში არსებული ნივთებითა და თანხით. რ. კ-ის და დ. მ-ის ქმედებით ა. ზ-ს მიადგა მორალური, ფიზიკური და 15270 ლარის - დიდი ოდენობით ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით:

2.1. რ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 2 ოქტომბერიდან.

2.3. დ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.4. დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 2 ოქტომბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. კ-ა და დ. მ-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2020 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ-ი, გ. კ-ას ქუჩა N...-ის მიმდებარედ, ,,ტოიოტას“ მოდელის ავტომობილით, სახ.№...., გადაადგილების დროს, ტაქსის მძღოლს, ა. ზ-ს თავს დაესხა ორი მგზავრი - დ. მ-ე და რ. კ-ი. დ. მ-მ ა. ზ-ს უკანა სავარძლიდან თავში ჩაარტყა ბოთლი, რ. კ-ა კი ის გააკავა ავტომობილის ღვედით, რის შემდეგაც დ. მ-მ დანისმაგვარი საგნის დემონსტრირებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის, ყელის გამოჭრის მუქარით მოსთხოვა ფულის მიცემა. ა. ზ-ს მანქანიდან გადასვლის შემდეგ რ. კ-ი და დ. მ-ე დაეუფლნენ ავტომობილში არსებულ ა. ზ-ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, საფულეს, მასში არსებული ნივთებით და ოქროს ბეჭედს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორებმა - მსჯავრდებულმა რ. კ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ა-მ და დ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენის გაუქმება და რ. კ-ს გამართლება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ა. ზ-ა და მოწმეების - ი. ჯ-ს, ზ. ნ-ის, ზ. ს-ის, კ. ს-ის, გ. თ-ა და სხვათა ჩვენებები, საინფორმაციო ცენტრ 112-ში შეტყობინების რეგისტრაციის N... და N... ბარათები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

9. საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულმა ა. ზ-ა სასამართლოში საქმის განხილვისას თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცა 2020 წლის 1 ოქტომბერს, მის მიერ მართული ტაქსით მგზავრობის დროს, მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმისა და განხორციელებული ქმედების დეტალები, რა დროსაც დანისმაგვარი საგნის მუქარით მისგან დაეუფლნენ მობილურ ტელეფონს, საფულეს, მასში არსებული ნივთებით და ოქროს ბეჭედს. დაზარალებულმა განმარტა, რომ დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, ქ. თ-ი, მ. ა-ა და ალ. ყ-ის გამზირის კვეთაზე, ავტომანქანაში ჩაუსხდნენ დ. მ-ე და რ. კ-ი, ისინი განთავსდნენ მძღოლის უკან, სავარძელში და სთხოვეს ი. გ-ის ქუჩაზე გაყვანა, რის შემდეგაც დ. მ-მ ხელი დაადო მძღოლის გვერდით არსებულ ბარს, ხოლო მის თხოვნაზე - ბარიდან ხელი აეღო, რადგან ხელს უშლიდა ავტომანქანის მართვაში, დ. მ-ე და რ. კ-ი გახდნენ აგრესიულები, მიმართავდნენ აგდებული ტონით, კ-ას ქუჩაზე გადაადგილებისას კი დ. მ-მ თავში ჩაარტყა ლუდის მინის ბოთლი, რის შედეგადაც თავიდან წამოუვიდა სისხლი. ამავე დროს, ავტომანქანის სალონში არსებული ღვედით მას იჭერდა რ. კ-ი.

10. ალოგიკურია კასატორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს, ა. ზ-ს პიროვნების გათვალისწინებით, არ უნდა მიეჩნია მისი არათანმიმდევრული ჩვენებები სარწმუნოდ. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ვერ ხედავს საფუძველს, რათა საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებულის ჩვენების სანდოობა. საყურადღებოა, რომ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ გამოვლენილა; პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებული ცრუობს და მას მსჯავრდებულების მიმართ ამოძრავებს რაიმე პირადი ინტერესი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ა. ზ-ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არის სარწმუნო, იგი თანხვდენილია როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე - საქმეზე წარმოდგენილ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან და ისინი, ერთობლივად აღებული, გამორიცხავენ მსჯავრდებულ რ. კ-ის მიერ მიცემული ჩვენების გაზიარების შესაძლებლობას.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნეიტრალური მოწმის, ი. ჯ-ს ჩვენებაზე, რომელმაც შემთხვევიდან ძალიან მალე ნახა ა. ზ-ი და აღმოუჩინა პირველადი დახმარება. იგი სწორედ იმავე თანმიმდევრობითა და შინაარსით გადმოსცემს განვითარებულ მოვლენებს, როგორც ეს ა. ზ-ა უამბო და შემდგომ აღწერა დაზარალებულმა სასამართლოში საქმის განხილვისას. ი. ჯ-მ დაადასტურა, რომ როგორც ა. ზ-ა უთხრა, მას თავს დაესხა ორი მგზავრი, თავში ლუდის მინის ბოთლი ჩაარტყეს და თანხის გადაცემა მოსთხოვეს. მოწმემ მიუთითა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც და განმარტა, რომ ა. ზ-ს თავიდან მოსდიოდა სისხლი და თავზე ჰქონდა ,,სტაროპრამინის“ ფირმის ბოთლის ნამსხვრევები; ასევე იყო განერვიულებული და ბარბაცებდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ი. ჯ-ა არ წარმოადგენს ფაქტის თვითმხილველ მოწმეს, მაგრამ დაზარალებულის ჩვენებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლივად განხილვით მისი ჩვენება კიდევ უფრო განამტკიცებს და მეტ დამაჯერებლობას სძენს ა. ზ-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

11.1. იმ ფაქტს, რომ ა. ზ-ე ფიზიკურად იძალადეს, ადასტურებს მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ა. ზ-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების, სისხლნაჟღენთის და თავის მიდამოში არსებული, გაკერილი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად; ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის თარიღს.

12. დაზარალებულ ა. ზ-ს ჩვენება გამყარებულია ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სადაც მან დეტალურად აღადგინა და აღწერა ყაჩაღური თავდასხმის სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოება. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულმა მიუთითა დ. მ-ა და რ. კ-ე, როგორც მის მიმართ ყაჩაღობის ჩამდენ პირებზე; შპს ,,გ-ან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში, რაც მართალია, არ შეიცავს ინფორმაციას მსჯავრდებულების მხრიდან დაზარალებულ ა. ზ-ის მიმართ ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, მაგრამ ასახულია დაზარალებულისა და მსჯავრდებულების ურთიერთობის გარკვეული დეტალები, რასაც თავის ჩვენებაში ანალოგიურად განმარტავს ა. ზ-ი.

13. მსჯავრდებულ რ. კ-ის მონაწილეობა დაზარალებულ ა. ზ-ე განხორციელებულ ყაჩაღობაში დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულების საერთო ანალიზის საფუძველზეც, მათ შორის: ა. ზ-ის კუთვნილი ავტომანქანისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, რომელთა თანახმადაც, ავტომანქანის სალონიდან და შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ა. ზ-ის თავზე გადატეხილი მინის ბოთლის ნამსხვრევები. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ზ. ს-ის სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს ყაჩაღური გზით დაუფლებული, დაზარალებულის პირადი ნივთები, რაც ცალსახად ადასტურებს ა. ზ-ნ მისი კუთვნილი, სხვადასხვა სახის პირადი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს.

14. ადვოკატები - თ. ა-ა და დ. ლ-ა საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ რ. კ-ს დაზარალებულ ა. ზ-ის მიმართ არანაირი ძალადობრივი ქმედება არ ჩაუდენია; ისინი სიტყვიერად შეკამათდნენ მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით გამოხატული უკმაყოფილების გამო, რაც გადაიზარდა ორმხრივ ჩხუბში და თითქოს დ. მ-მ დაზარალებულ ა. ზ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები წამოიღო იმ მიზნით, რომ არ დაკარგულიყო და შემდგომში მეპატრონისთვის დაებრუნებინა, რის თაობაზეც რ. კ-ა არაფერი იცოდა.

15. დაცვის მხარის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული ვერსია არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აშკარად მოგონილია მათი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით; რ. კ-ის ქმედებები მიუთითებს ამავე საქმეზე მსჯავრდებულ დ. მ-ან შეთანხმებულ მოქმედებებზე, რაც მიზნად ისახავდა თავდასხმას ძალადობის გამოყენების მუქარით და დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ამ უკანასკნელის კუთვნილი ნივთების დაუფლებას. შესაბამისად, გამოკვეთილია ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ყველა ელემენტი. დაზარალებულმა ა. ზ-ა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მასა და მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა არა მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებული საუბრისას, არამედ - უშუალოდ მძღოლის გვერდით არსებული ბარიდან დ. მ-ს ხელის აღების თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ; სწორედ აღნიშნულს მოჰყვა მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნა.

16. კასატორები - თავად მსჯავრდებული და მისი ადვოკატები - თ. ა-ია და დ. ლ-ა რ. კ-ის ინტერესების დასაცავად საჩივარში აღნიშნავენ, რომ გამოძიება არ ჩატარდა სრულყოფილად ავტომანქანის უსაფრთხოების ღვედზე, რომლითაც თითქოსდა რ. კ-ი აკავებდა დაზარალებულს, არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალის აღმოჩენის მიზნით.

17. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მითითებულ არგუმენტაციასთან მიმართებით იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ, მართალია, საქმეში არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა რ. კ-ს შემხებლობა ავტომობილის ღვედთან, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ქმნის მსჯავრდებულის მიმართ უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველს; გენეტიკური ექსპერტიზის ჩაუტარებლობა ან ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე არსებულ გარკვეულ ობიექტებზე არ დადასტურდა მსჯავრდებულის კავშირი, საეჭვოს ვერ გახდის საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების სანდოობასა და რელევანტურობას, რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა რ. კ-ის მიერ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად მიაჩნია, რომ რ. კ-ა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება რ. კ-ის ბრალეულობის შესახებ, რომლის შეცვლის კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, § 91, ECHtR, 2010; Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, ECHtR, 13/07/2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Moreira Ferreira v. Portugal (no.2), [GC], no. 19867/12, § 84, ECtHR, 11/07/2017; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no35839/11, §65, ECtHR, 27/02/2020). ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, §103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECHtR, 21/07/2015).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ა-ა და დ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი