Facebook Twitter

საქმე # 060100120003472344

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №186აპ-22 ქ. თბილისი

ა-ე ვ, 186აპ-22 22 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. ა-ს, - დაბადებულს... წლის .... ოქტომბერს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, ვ. ა-ე ქ. ს-ი, ბ-ის მე-... ჩიხის N...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით დაემუქრა შვილს - ი. ა-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 14 იანვარს, დილის საათებში, ვ. ა-ე ქ. ს-ი, ბ-ის მე-...ჩიხის N....-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ი. ა-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენით:

2.1. ვ. ა-ე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. გაუქმდა ვ. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ვ. ა-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ, ს-ის რაიონის სოფელი ნ-ი მდებარე უძრავი ქონების (ზონა -ს-ა ...., სექტორი - ნ-ი 03, კვარტალი 43, ნაკვეთი 143 ს/კ ....) - 4000 ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა.

2.3. გამართლებულ ვ. ა-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ვ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულმა ვ. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ფ-მ და ე. ო-მ შესაგებლით მოითხოვეს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

7. მოწმის სახით დაკითხულ, დაზარალებულ ი. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ თ-ან ჩამოვიდა შვილთან ერთად და მივიდა მამასთან. მამა მოიქცა არაადეკვატურად, ვინაიდან ,,პლანის’’ ზემოქმედების ქვეშ იყო. ძველით ახალი წლის ღამე იყო. მამის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ არ დაჯდა მაგიდასთან, სადაც გაშლილი იყო სუფრა; გახდა აგრესიული. მერე მამის სიდედრი (ი. ა-ს დედინაცვლის - ნ. დ-ის დედა) გახდა ცუდად და მამა მას აბრალებდა ,,შენ მომიკალი ჩემი სიდედრიო“. სტრესში იყო თავადაც და ბავშვიც; შეეშინდა. ელოდებოდა დილას, იქნებ გადაუაროსო. დილას იგივე განმეორდა, ემუქრებოდა და დარეკა პოლიციაში. 13 იანვრის ფაქტს შეესწრნენ მისი მცირეწლოვანი შვილი, ბებია, ვ. ა-ს მეუღლე (დაზარალებულის დედინაცვალი) და სიდედრი. რეალურად შეეშინდა და ამის გამო დარეკა პოლიციაში.

8. მოწმის სახით დაკითხული ნ. დ-ის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 13 იანვარს ოჯახის წევრები - ვ. ა-ე, მეუღლის დედა - დ. ა-ე, დედამისი - ნ. ჯ-ე დასხდნენ სუფრასთან. მათთან იმყოფებოდა მეუღლის შვილი - თურქეთიდან ჩამოსული ი. ა-ე. ი. სავარძელში იჯდა ბავშვთან ერთად. ვ-მ შვილს სუფრასთან მისვლა შესთავაზა. ი-მ მამას მიმართა ცინიკურად, რის გამოც მან შვილს მისცა მამაშვილური დარიგება. მათ შორის იყო მხოლოდ მამაშვილური კამათი. მისი მეუღლე ი-ს არ დამუქრებია ყელის გამოჭრით. ი. იყო ნასვამი. დაახლოებით ღამის 3 საათისთვის დედას (ნ.ჯ-ს) დაემართა ინსულტი, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა და წაიყვანეს საავადმყოფოში. ვ-ც მასთან ერთად იყო საავადმყოფოში, დილით გამოუშვა სახლში დასასვენებლად. საავადმყოფოში დაბრუნების შემდეგ, ვ-ს მოაკითხა პოლიციამ და წაიყვანა. მოწმის განმარტებით, მამამ შვილს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნები მისცა, სხვა - არაფერი. მას მამის მუქარა შვილის მიმართ არ გაუგია. ბავშვს ტირილი არ დაუწყია. ი-ს დედამისის სიკვდილში არავინ ადანაშაულებს.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. ა-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების (მუქარის ორი ეპიზოდი) დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ი. ა-ის ჩვენების სახით. მოწმის სახით დაკითხული ნინო დეისაძის ჩვენებით, ვ. ა-ე შვილს - ი. ა-ს არანაიარი ფორმით არ დამუქრებია, მან შვილს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

10. მოწმეები - ზ. თ-ე და ი. ტ-ე ვ. ა-ს მიერ ი. ა-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს არ შესწრებიან. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლები - გ. ნ-ი და კ. ნ-ა ასევე არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

11. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება იმ სახის დამოუკიდებელ მტკიცებულებებად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვ. ა-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი