საქმე # 030100120003471332
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №488აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ე ნ, 488აპ-22 22 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 07:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის პ-ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ. ბ-მ ხის სკამის სხეულზე დარტყმით მეუღლეს - გ. ბ-ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით:
2.1. ნ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო
2.2. გამართლებულ ნ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ნ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ. ბ-ს მიერ მეუღლის - გ. ბ-ს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტს, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა გ. ბ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
8. ნ. ბ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
9. მოწმის სახით დაკითხვისას ნ. ბ-ს შვილმა - ე. ბ-მ განმარტა, რომ 2019 წლის 29 დეკემბერს, დილით, გავიდა შეშის შემოსატანად და სახლში დაბრუნებისას დედ-მამა დახვდა ნაჩხუბარი. დედა გამოდიოდა სახლიდან, ხოლო მამა, გ. ბ-ე იყო სისხლიანი, თავზე ჰქონდა ჭრილობა და უთხრა, რომ დედამ ჩაარტყა პატარა სკამი; დედამისმა კი განუცხადა, რომ სკამი დაარტყა ხელზე და არა - თავზე. მას ჩხუბისა და დარტყმის მომენტი არ უნახავს.
10. მოწმის სახით დაკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ. კ-მ განმარტა, რომ 2019 წლის 29 დეკემბერს, ხ-ს რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების გამო, თანამშრომელ ვ. მ-ნ ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გ. ბ-ე, რომელსაც თავის არეში ჰქონდა ჭრილობა, რაც, მისი თქმით, მიაყენა მეუღლემ თავში ,,ჯორკოს ჩარტყმით“.
11. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ. მ-მ.
12. მოწმის სახით დაკითხვისას დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ. ხ-მ განმარტა, რომ მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოიღეს ხის სკამი და გ. ბ-ს მაისური, ასევე დაზარალებულისგან - სისხლის ნიმუში.
13. მოწმის სახით დაკითხვისას სს ,,ე-ის“ ხ-ს კლინიკის ექიმმა რ. მ-მ განმარტა, რომ კლინიკაში შევიდა პაციენტი გ. ბ-ე შუბლის არეში ჭრილობით და განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა თავის არეში ჭრილობა სკამით, რის გამოც გააკეთა შეტყობინება პოლიციაში.
14. დეტექტივ-გამომძიებელმა ვ. კ-მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 29 დეკემბერს მიიღო შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე და დაიწყო გამოძიება. გამოკითხა დაზარალებული, რომელიც ამბობდა, რომ მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება.
15. ამდენად, მოწმეები - ე. ბ-ე, გ. ხ-ა, ვ. კ-ა, ვ. მ-ა, ბ. კ-ა და რ. მ-ა არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. აღნიშნულ მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნება იმ დაზარალებულის განმარტებებს, რომელმაც უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
16. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნაზე, შეტყობინებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, მართალია, დგინდება გ. ბ-ს სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მომხდართან დაკავშირებით არ არსებობს დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, თუ რა ვითარებაში და როგორ მიიღო გ. ბ-მ დაზიანება და მიაყენა თუ არა იგი ნ. ბ-მ; საქმეში წარმოდგენილი შეტყობინება და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი კი ვერ ჩაითვლება ისეთი დამოუკიდებელი სახის მტკიცებულებებად, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ნ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
18. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი