,საქმე # 820100121005113513
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №530აპ-22 ქ. თბილისი
კ-ე მ, 530აპ-22 22 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... დეკემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2021 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2021 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა მ. კ-მ 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ი მდებარე გ. კ-ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არაერთგზის, მხრების არეში ხელების მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, ბებიას - გ. კ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა მ. კ-მ 2021 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ი, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არაერთგზის, მაჯებსა და მხრებზე ხელების მოჭერით, ხელის კვრითა და წაქცევით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, ბებიას - გ. კ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
· 2021 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ი მდებარე გ. კ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი მ. კ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, ბებიას - გ. კ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
2.1. მ. კ-ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2021 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ გამართლდა.
2.2. მ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2021 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მ. კ-ს შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით.
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 8 სექტემბრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განაჩენის გაუქმება, მ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2021 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2021 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და აღნიშნული მუხლების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადით შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტითა (2021 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ გ. კ-ა და მოწმეების - კ. ნ-ის, ი. ჯ-ის, რ. მ-ს, ღ. უ-ის, ა. ბ-ის ჩვენებებით, გამოძიების შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (მ. კ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), ასევე დანაშაულის პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ მ. კ-ს მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენისათვის შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
8. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას (2021 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი), ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ 2021 წლის 6 სექტემბერს მ. კ-მ არაერთგზის ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა.
9. საქმის მასალების მიხედვით, 2021 წლის 6 სექტემბრის ძალადობის ეპიზოდში მ. კ-ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ გ. კ-ს ჩვენება, რომლის თანახმად, 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ი, მის საცხოვრებელ სახლში, მივიდა მ. კ-ე და მხრებში მოუჭირა ხელები, რითაც განიცადა ტკივილი.
10. მოწმეების - ა. ბ-ს, ი. ჯ-ის, კ. ნ-ის, რ. მ-ა და ე. ზ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიცემული ჩვენებები არ შეიცავს მ. კ-ის მხრიდან გ. კ-ის მიმართ 2021 წლის 6 სექტემბერს ჩადენილი ძალადობის შესახებ ინფორმაციას; ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა ღ. უ-მა განმარტა, რომ გ. კ-მ უამბო შვილიშვილის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენების) არსებობა არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და დაარწმუნოს ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. კ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2021 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი