საქმე # 330802222005951759
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№38I-22 ქ. თბილისი
ჰ-უ ჰ, 38I-22 18 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჰ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ. ჰ-ს მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2013 წლის 19 თებერვალს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-15 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი კუთვნილი საბანკო ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით სარგებლის უკანონოდ მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. 2014 წლის 18 ივნისს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-8 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
1.3. 2013 წლის 28 თებერვალს თ-ის რესპუბლიკის მანავგათის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტვის ფორმით დაცული ქონების ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.4. 2016 წლის 31 მაისს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-2 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
1.5. 2013 წლის 14 მარტს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.6. 2018 წლის 9 იანვარს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-15 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
1.7. 2013 წლის 11 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.8. 2019 წლის 19 დეკემბერს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-15 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
1.9. 2013 წლის 14 ნოემბერს თ-ის რესპუბლიკის მ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.10. 2019 წლის 17 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-15 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
1.11. 2013 წლის 12 დეკემბერს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-5 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული სისტემის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.12. 2020 წლის 30 იანვარს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-15 სამმართველოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, რის საფუძველზეც ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სასჯელი დარჩა უცვლელად, რის შემდეგაც განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
1.13. 2014 წლის 18 თებერვალს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-5 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.14. 2020 წლის 30 იანვარს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-15 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
1.15. 2014 წლის 24 ივნისს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.16. 2021 წლის 15 თებერვალს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-15 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
1.17. 2014 წლის 25 დეკემბერს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-17 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, რის საფუძველზეც 2017 წლის 14 ივნისს საბოლოო სახე მიიღო.
1.18. 2015 წლის 22 მაისს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, რის საფუძველზეც 2015 წლის 4 სექტემბერს საბოლოო სახე მიიღო.
1.19. 2018 წლის 15 მაისს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით; 7-ჯერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით (7-ჯერ) თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, რის საფუძველზეც 2018 წლის 10 სექტემბერს საბოლოო სახე მიიღო.
1.20. 2021 წლის 8 ივნისს თ-ის რესპუბლიკის გ-ის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰ. ჰ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და მას სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 37 წლით, 61 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.21. ამასთან, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, თ-ის რესპუბლიკის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში ჰ. ჰ-ს მოსახდელი ექნება 23 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.22. 2021 წლის 21 ივნისს თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ ყველა ზემოაღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით გამოსცა ჰ. ჰ-ს დაკავების შესახებ ბრძანება.
2. ჰ. ჰ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2021 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჰ. ჰ-ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2.2. 2022 წლის 20 იანვარს ჰ. ჰ-უ ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2.3. 2022 წლის 21 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ჰ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 25000 ლარი, ხოლო გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრულად შეტანამდე მის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
2.4. 2022 წლის 26 იანვარს გირაოს თანხის სრულად უზრუნველყოფის საფუძველზე ჰ. ჰ-უ გათავისუფლდა საექსტრადიციო პატიმრობიდან.
2.5. 2022 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით ჰ. ჰ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა; ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენება; სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ჰ. ჰ-ს შეფარდებული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 5 თებერვლიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ჰ. ჰ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 19 თებერვლის განაჩენი
· 2011 წლის 15 სექტემბერს თ-ის რესპუბლიკის ქ. გ-ი ჰ. ჰ-მ ისარგებლა ი. გ-ან არსებული ურთიერთობით და საბანკო ბარათი გამოართვა, რის შემდეგაც იმავე დღეს მოცემული ბარათის გამოყენებით ბანკომატიდან უნებართვოდ მოხსნა ამ უკანასკნელის კუთვნილი 1800 თურქული ლირა და უკანონოდ დაეუფლა.
2013 წლის 28 თებერვლის განაჩენი
· თ-ის რესპუბლიკის ქ. მ-ი ჰ. ჰ-უ რამდენიმე დღის განმავლობაში მ. გ-ის სახლში ცხოვრობდა. შემთხვევის დღეს, 2011 წლის 2 აგვისტოს, მ. გ-ა საკუთარი სახლის გასაღები ჰ. ჰ-ს დაუტოვა და წავიდა, რითაც ჰ. ჰ-მ ისარგებლა და აღნიშნული სახლიდან დაეუფლა მ. გურბუზის კუთვნილ ტელევიზორს, რადიოს, ტანსაცმელს და სხვადასხვა ნივთს.
თაღლითობის დანაშაულის 15 ეპიზოდი
3.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ჰ. ჰ-მ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავეს გეგმა, რომლის დახმარებითაც 2011-2012 წლებში თ-ის რესპუბლიკაში დაეუფლნენ არაერთი დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას, კერძოდ, მოცემულმა პირებმა ინტერნეტპორტალზე - ,,sahibinden.com“ განათავსეს რეკლამა მობილური ტელეფონების თითქოსდა რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც პოტენციურ კლიენტებს შეუთანხმდნენ ტელეფონის რეალიზაციის პირობებზე, გადაარიცხვინეს თანხა მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე და შედეგად, მოტყუებით დაეუფლნენ მიღებულ თანხებს. ამასთანავე, ჰ. ჰ-მ და მისმა თანამონაწილეებმა არცერთ დაზარალებულს არ გადასცეს შეძენილი ნივთი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჰ. ჰ-უ 9 სხვადასხვა განაჩენით მსჯავრდებულია თაღლითობის 15 ეპიზოდის ჩადენაში, რაც თითოეულ შემთხვევაში გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 14 მარტის განაჩენი
· 2011 წლის 15 სექტემბერს თ-ის რესპუბლიკის ქ. მ-ი დაზარალებულმა უ. ა-ა, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით, 600 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც დაზარალებულმა ვეღარ შეძლო ამ უკანასკნელთან დაკავშირება და არც მობილური ტელეფონი მიუღია. გადარიცხულ თანხას ჰ. ჰ-უ მოტყუებით დაეუფლა.
2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი
· 2011 წლის 29 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკის ქ. გ-ი დაზარალებულმა მ. ს-მ, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით, 450 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს და მის თანამონაწილეებს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც დაზარალებულმა ვეღარ შეძლო მათთან დაკავშირება და არც მობილური ტელეფონი მიუღია. მოგვიანებით, ჰ. ჰ-უ დაუკავშირდა დაზარალებულს და დამატებით 250 თურქული ლირის გადარიცხვა მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. გადარიცხულ თანხას დამნაშავეები მოტყუებით დაეუფლნენ.
2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენი
· 2011 წლის 16 მაისს თ-ის რესპუბლიკის ქ. მ-ი დაზარალებულმა მ. შ-ა, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით, 500 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს და მის თანამონაწილეს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც ჰ. ჰ-მ დაზარალებულს მობილურის ნაცვლად ფოსტით ცარიელი კონვერტი გაუგზავნა, ხოლო გადარიცხულ თანხას დამნაშავეები მოტყუებით დაეუფლნენ.
2013 წლის 12 დეკემბრის განაჩენი
· 2011 წლის 25 დეკემბერს თ-ის რესპუბლიკის ქ. გ-ი დაზარალებულმა ნ. ჩ-ა, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით, 500 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს და მის თანამონაწილეებს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც დაზარალებულმა ვეღარ შეძლო მათთან დაკავშირება და არც მობილური ტელეფონი მიუღია. გადარიცხულ თანხას დამნაშავეები მოტყუებით დაეუფლნენ.
2014 წლის 18 თებერვლის განაჩენი
· 2011 წლის 15 ნოემბერს თ-ის რესპუბლიკის ქ. გ-ი დაზარალებულმა მ. ფ. თ-მ, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით, 300 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს და მის თანამონაწილეებს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც დაზარალებულმა ვეღარ შეძლო მათთან დაკავშირება და არც მობილური ტელეფონი მიუღია. გადარიცხულ თანხას დამნაშავეები მოტყუებით დაეუფლნენ.
2014 წლის 24 ივნისის განაჩენი
· 2011 წლის 4 სექტემბერს თ-ის რესპუბლიკის ქ. გ-ი დაზარალებულმა რ. ბ-მ, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით, 500 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს და მის თანამონაწილეს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც დაზარალებულმა ვეღარ შეძლო მათთან დაკავშირება და არც მობილური ტელეფონი მიუღია. გადარიცხულ თანხას დამნაშავეები მოტყუებით დაეუფლნენ.
2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენი
· 2011 წლის 10 აგვისტოს თ-ის რესპუბლიკის ქ. გ-ი დაზარალებულმა შ. ი-ა, რომელიც მობილური ტელეფონის შეძენაზე სატელეფონო ზარით შეუთანხმდა ჰ. ჰ-ს, 450 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს თანამონაწილეს უ. გ-ს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მაგრამ სანაცვლოდ მობილური ტელეფონი არ მიუღია. გადარიცხულ თანხას უ. გ-ო მოტყუებით დაეუფლა.
2015 წლის 22 მაისის განაჩენი
· 2011 წლის 12 იანვარს თ-ის რესპუბლიკის ქ. გ-ი დაზარალებულმა ბ. თ-ა, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით, 605 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს და მის თანამონაწილეს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც დაზარალებულმა ვეღარ შეძლო მათთან დაკავშირება და არც მობილური ტელეფონი მიუღია. გადარიცხულ თანხას დამნაშავეები მოტყუებით დაეუფლნენ.
2018 წლის 15 მაისის განაჩენი
· 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში, სხვადასხვა რიცხვში, თ-ის რესპუბლიკის ქ. გ-ი, 7-მა დაზარალებულმა პირმა, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით, ჯამურად 3330 თურქული ლირა გადაურიცხა ჰ. ჰ-ს და მის თანამონაწილეებს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ვეღარ შეძლეს მათთან დაკავშირება და არც მობილური ტელეფონები მიუღიათ. გადარიცხულ თანხებს დამნაშავეები მოტყუებით დაეუფლნენ.
4. 2022 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა ჰ. ჰ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით:
ა) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-15 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი კუთვნილი საბანკო ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით სარგებლის უკანონოდ მიღება);
ბ) თ-ის რესპუბლიკის მანავგათის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტვის ფორმით დაცული ქონების ქურდობა);
გ) თ-ის რესპუბლიკის გ-ს საქალაქო მე-6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
დ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ე) თ-ის რესპუბლიკის მ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ვ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-5 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ზ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-5 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
თ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ი) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-17 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა);
კ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ლ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით; 7-ჯერ).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ჰ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით:
ა) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-15 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი კუთვნილი საბანკო ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით სარგებლის უკანონოდ მიღება);
ბ) თ-ის რესპუბლიკის მანავგათის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტვის ფორმით დაცული ქონების ქურდობა);
გ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
დ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ე) თ-ის რესპუბლიკის მ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ვ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-5 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ზ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-5 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
თ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ი) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-17 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა);
კ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით);
ლ) თ-ის რესპუბლიკის გ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით; 7-ჯერ).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჰ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
ა) ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჰ-ს განმარტებით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო სხდომის შესახებ;
ბ) ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჰ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება 2011 წელს და მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის საქართველოს კანონი;
გ) ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - ჰ. ჰ-ს შეფარდებული აქვს ზედმეტად მკაცრი სასჯელი, რაც შეიძლება იწვევდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ჰ. ჰ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ჰ. ჰ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ:
· ჰ. ჰ-უ არ ეთანხმება მის ექსტრადიციას თ-ის რესპუბლიკაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ საექსტრადიციო პროცედურების დაწყებიდან დღემდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ჰ-ს ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის არსებობის თაობაზე.
· ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თ-ს რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
· ჰ. ჰ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში, ვინაიდან მოცემული დანაშაულები არ ექცევა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის ფარგლებში.
· ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელთა ვადისა და ამავე დანაშაულებისათვის ჰ. ჰ-ის განსაზღვრულ სასჯელთა მხედველობაში მიღებით, დანიშნული სასჯელები არ არის არაპროპორციული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ჰ-უ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2022 წლის 20 იანვარს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ჰ. ჰ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. ჰ. ჰ-ს მიერ ჩადენილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.3. ჰ. ჰ-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.4. ჰ. ჰ-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.5. ჰ. ჰ-ს მიერ ჩადენილ ქმედებათა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია მოხდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.6. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჰ-ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ექსტრადიცია დასაშვებია აგრეთვე ჰ. ჰ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებით დადგენილ სასჯელთა სახისა და ზომის გათვალისწინებით.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჰ. ჰ-უ არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ჰ. ჰ-უ არის თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე.
7. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი/სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები.“
7.2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.
7.3. თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ჰ. ჰ-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა.
7.4. გარდა აღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები თ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ჰ-უ ისარგებლებს თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ-ის რესპუბლიკა. გარდა ზემოაღნიშნული გარანტიისა, ვინაიდან საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენები გამოტანილ იქნა ჰ. ჰ-ს დაუსწრებლად, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, 2022 წლის 11 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან მიიღო გარანტია, რომ ჰ. ჰ-ს, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, თითოეულ განაჩენთან მიმართებით მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
7.5. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ჰ. ჰ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).
8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.
8.3. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენაშიც ჰ. ჰ-უ მსჯავრდებულია თ-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული დანაშაულები შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თ-ის რესპუბლიკაში ჰ. ჰ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები მიღებულია 2013-2018 წლებში, ხოლო 2021 წლის 21 ივნისს გ-ის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. ჰ-ს დაკავების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, მოცემულ განაჩენებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰ. ჰ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენებით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით, აითვლება გამამტყუნებელი განაჩენის საბოლოოდ დადგენის თარიღიდან და შესაბამისად, იგი გასული არ არის.
8.4. მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (თ-ის რესპუბლიკის), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
9.2. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“.
9.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 2 მარტს ჰ. ჰ-ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. მოცემული გადაწყვეტილება ჰ. ჰ-ს არ გაუსაჩივრებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში.
9.4. შესაბამისად, ვინაიდან ჰ. ჰ-უ არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია, არ არსებობს ზემომითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
10. ამნისტია:
10.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
10.2. აღსანიშნავია, რომ ჰ. ჰ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში, ვინაიდან მოცემული დანაშაულები არ ექცევა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქართველოში გამოცემულ ამნისტიის აქტებს გააჩნია რაიმე სახის ეფექტი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით.
10.3. რაც შეეხება ამნისტიის გავრცელების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. საქმის მასალების თანახმად, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ამგვარი თანხმობა.
11. შეწყალება:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
11.2. წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
12. პრინციპი ,,Non bis in idem“:
12.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
12.2. ჰ. ჰ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპის დარღვევა.
13. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
13.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
13.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
13.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011).
13.4. თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალის თანახმად, ჰ. ჰ-ს ექსტრადიცია მოითხოვება 11 განაჩენით მისთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით.
13.5. რაც შეეხება ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა დასჯადობასა და მისთვის განსაზღვრულ სასჯელებს:
· თ-ის რესპუბლიკის N5237 კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი კუთვნილი საბანკო ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით სარგებლის უკანონოდ მიღება) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის ჰ. ჰ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
· N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ჩაკეტვის ფორმით დაცული ქონების ქურდობა) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის ჰ. ჰ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. ამასთან, აღნიშნული ქმედებებისათვის ჰ. ჰ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის, 2 წლისა და 6 თვის, 3 წლის, 3 წლისა და 4 თვის, 1 წლისა და 15 დღის, 3 წლის, 3 წლისა და 2 წლისა და 6 თვის (7-ჯერ) ვადით.
· N5237 კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი (თაღლითობა) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის ჰ. ჰ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
13.6. ამავე დროს, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, თ-ის რესპუბლიკის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში ჰ. ჰ-ს მოსახდელი ექნება 23 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელთა ვადისა და ამავე დანაშაულებისათვის ჰ. ჰ-ის განსაზღვრულ სასჯელთა მხედველობაში მიღებით, მოცემული სასჯელები არ არის არაპროპორციული და დაცვის მხარემ ვერ შეძლო ამ მხრივ წარმოედგინა რაიმე გასაზიარებელი ინფორმაცია და სამართლებრივი არგუმენტაცია.
13.7. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ჰ-ს უფლებების დარღვევის რისკის არსებობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ ჰ. ჰ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის საფრთხე.
13.8. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ ჰ. ჰ-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ჰ. ჰ-ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.
13.9. სასამართლო მიანიშნებს ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
14. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
14.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
14.2. საექსტრადიციო მასალებით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჰ. ჰ-უ (ი. ჰ-ს დემოგრაფიული მონაცემებით) და ნ. ჰ. (დაბ. 19 18.04.1996) 2020 წლის 25 თებერვლიდან საქართველოში იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი ე.ჰ. (დაბ. 25.03.2020). მოცემული პირები არიან საქართველოს მოქალაქეები. ჰ. ჰ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიუხედავად, ეს შეზღუდვა თანაზომიერია (პროპორციულია) დასახული ლეგიტიმური მიზნისა. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები, რომ ჰ. ჰ-უ თ-ს რესპუბლიკაში 11 სხვადასხვა განაჩენით არის მსჯავრდებული და ამასთან, როგორც საექსტრადიციო მასალიდან იკვეთება, დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი უმრავლეს შემთხვევაში არ ანაზღაურებულა. ჰ. ჰ-მ თავი აარიდა თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა, რის გამოც მის მიმართ არსებობს სასჯელის აღსრულების ლეგიტიმური ინტერესი, როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პირის რესოციალიზაციის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაულები მძიმე კატეგორიას განეკუთვნება. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით, ჰ. ჰ-ს მეუღლეს ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოსა და თ-ის რესპუბლიკის საზღვარი გადაკვეთილი აქვს 14-ჯერ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ თ-ის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ჰ. ჰ-ს საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე, იმოგზაურონ თ-ის რესპუბლიკაში ჰ. ჰ-ს მოსანახულებლად. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლებს თანაბარი მოვალეობები აკისრიათ შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის მხრივ. ამდენად, ჰ. ჰ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, ე.ჰ. არ დარჩება სათანადო მზრუნველობისა და მეთვალყურეობის გარეშე.
14.3. ამდენად, ჰ. ჰ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად, არ არსებობს ჰ. ჰ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჰ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი