Facebook Twitter

საქმე # 330100100003067200

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№300აპ-22 ქ. თბილისი

მ-ი გ, 300აპ-22 20 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - იოსებ ხუციშვილის

ადვოკატ - დ. ა-ს

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ. კ-ს

მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, გ. მ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), რაც გამოიხატა შედეგში:

1997 წლის 15 აპრილს, თ-ი, გ-ს დასახლების მ--- მიკრორაიონის №--- კორპუსის პირველი სადარბაზოს მ--- სართულზე, მ-----– ა----–---ს საცხოვრებელი ბინის გვერდით არსებულ ე.წ. „საშრობში,“ სიყვარულის დღის აღსანიშნავად სუფრაზე შეიკრიბნენ ამავე კორპუსის მცხოვრებნი: მ. კ, ზ. ზ-ი, გ. მ-ი, ზ. ა-ე, დ. ო–ი, დ. ბ–ი და ს-- გ-ე. სუფრაზე გ. მ–მა თამადას - მ. კ-ს მიმართა სიტყვებით: „შე ჩემაო,“ რაზედაც მან გააფრთხილა გ. მ–ი, რომ მისთვის ასე აღარ მიემართა. შემდეგ მ. კ-მა წარმოთქვა მშობლების სადღეგრძელო და ხუმრობით, გ. მ-ის მამა მოიხსენია მიცვალებულებში, რის შემდეგაც გ. მ-მაც იმავენაირად თქვა: „მამაშენის მოგონებაც იყოსო.“ რამდენიმე ხანში სუფრა დაიშალა, ყველანი ჩავიდნენ კორპუსის წინ ეზოში და წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით. გ. მ-მა გაიარა სახლში, იმავე კორპუსის პირველ სართულზე, მეუღლეს გამოართვა ფული, ჩაიცვა ქურთუკი, აიღო საკეცი დანა, რომლის ბუდეც დატოვა თავის საძინებელ ოთახში, ტელევიზორის უკან და გავიდა ეზოში.

იმავე დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, №--- კორპუსის წინ მდებარე ეზოში, ერთმანეთს შეხვდნენ ზ. ზ-ი და ს. გ-ე. ეს უკანასკნელი ეძებდა მ. კ-სა და გ. მ–ს. რადგანაც არც ს. გ-ემ იცოდა, სად იყვნენ ისინი, გადაწყვიტეს მათი მოძებნა და ახლო-მახლო კორპუსებთან სიარული. მოძრაობისას მათ შემოესმათ გასროლის ხმა და ორივე წავიდა იმ მიმართულებით, საიდანაც შემოესმათ ხმა. მივიდნენ გ-ს მ-- და მ--- მიკრორაიონებს შორის განთავსებულ, მიტოვებულ სავაჭრო ცენტრის შენობასთან, შევიდნენ სავაჭრო ცენტრის დარბაზში, სადაც გაიგონეს ხმამაღალი საუბარი. როდესაც გაიარეს დარბაზის ნაწილი და გაუსწორდნენ ხელმარჯვნივ მდებარე შედარებით მცირე ფართობის დარბაზს, დაინახეს, რომ გ. მ-ი და მ. კ. ერთმანეთს ეკამათებოდნენ. მათ ხელები ჰქონდათ ჩავლებული ერთმანეთის ტანსაცმელზე და ძიძგილაობდნენ. ზ. ზ-ი და ს. გ-ე მივიდნენ მათთან და დააშორეს ერთმანეთს, რის შემდეგაც გ. მ--თან დარჩა ს. გ-ე, ხოლო ზ. ზ-ი, მ. კ–თან. მათ შორის მანძილი იქნებოდა 2-3 მეტრი. გ. მ-–ი და მ. კ. კვლავ იწევდნენ ერთმანეთისკენ, რა დროსაც მ. კ–მა წარმოსთქვა, ,,გესვრი, ჩემი დედაო...“. ამ სიტყვების საპასუხოდ, გ. მ-მა, მიუხედავად იმისა, რომ მას კვლავ წინ ედგა და აკავებდა ს. გ-ე, შეძლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მ. კ-ს მიმართულებით და მიმართა სიტყვებით: „თუ არ მესროლო, შენი დედაო...“ და შეაგინა დედა. ამ დროს მ. კ–სა და გ. მ–ს შორის კვლავ იდგა ს. გ-ე და მათ შორის დაშორება თითქმის აღარ იყო. გ. მ-მა მ. კ--ს ხელში დაინახა „ზაუერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი უკანონოდ ატარებდა, ხელი ჩაარტყა მას იარაღიან ხელში, რასაც მოჰყვა ერთი გასროლა და იარაღის მოზაიკის ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე დავარდნის ხმა, ხოლო იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა გ. მ–ს მარცხენა ფეხის ტერფის არეში და მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

მომხდარით განაწყენებულმა გ. მ-მა გადაწყვიტა, შური ეძია მ. კ–ზე და მოეკლა იგი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა ე.წ. „ლისიჩკა“, რომელიც სუფრის დამთავრების შემდეგ მ. კ-–თან ურთიერთობის შემდგომი გამწვავების შემთხვევაში გამოსაყენებლად აღებული ჰქონდა სახლიდან და მიუხედავად იმისა, რომ ს. გ-ე მას კვლავ აკავებდა, გაუსხლტა ხელიდან და უიარაღოდ მდგომ მ. კ-ს დანით გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა მრავლობითი ნაკვეთი დაზიანებები, კერძოდ: ნაკვეთი ჭრილობა - გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მე-6, მე-7 ნეკნს შუა არეში იღლიის შუა ხაზზე, შემავალი გულმკერდის ღრუში ორგანოების დაზიანების გარეშე; ნეკნთა შუა ამავე ადგილზე არტერიის დაზიანებით და სისხლდენით გულმკერდისა და მუცლის ღრუში; გულმკერდის მარცხენა ნახევარში, X-XI ნეკნთა შუა არეში შემავალი გულმკერდის ღრუში იმავე ხაზზე, რომელიც აზიანებს ამ დონეზე ნეკნთა შუა კუნთებს, პლევრალურ სინუსს, შუა საძგიდს, გადის მუცლის ღრუში, აზიანებს ელენთას გამჭოლად, აზიანებს კუჭუკანა ჯირკვლის კუდის ნაწილს. დაზიანებები მიყენებულია რაიმე ბასრი მჩხვლეტავი იარაღით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათოს, რამაც, მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, გამოიწვია მ. კ-ს სიკვდილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით გ. მ–ი, - დაბადებული 1--- წლის 1- ოქტომბერს, - საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

2.1. გ. მ-ის მიმართ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2.2. გ. მ-–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

2.3. სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა და მოითხოვა: პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმება და ახალი განაჩენის დადგენა; გ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მისთვის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, საბოლოოდ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. აგრეთვე სამოქალაქო სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენით პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენის გაუქმება, გ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გ. მ--ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მისთვის სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

5.1. საკასაციო საჩივარში პროკურორი ვრცლად მიმოხილავს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ისინი საკმარისია გ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებაში გამტყუნებისათვის. კასატორი მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული შეუსაბამობანი არ ეხება მტკიცების მთავარ საგანს, რომელშიც მოიაზრება: თავად მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, დრო და ადგილი, ინციდენტში მონაწილე პირები, მათი მოქმედებები, დამდგარი შედეგი, ინციდენტის მონაწილეთა ქმედების ობიექტური და სუბიექტური კავშირი ამ შედეგთან (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი).

6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მან აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N117აპ-18 საქმეზე დაყრდნობით მოითხოვა გ. მ-ის დამნაშავედ ცნობა (საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, 1960 წლის რედაქცია), ხოლო თუ ხსენებულ საფუძველს საქმის განმხილველი პალატა არ გაიზიარებს, მოითხოვა - განაჩენის გაუქმება და საქმის ახალი სასამართლო განხილვისთვის გაგზავნა (საქართვევლოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1998 წლის რედაქცია), აგრეთვე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში პროკურორმა დააზუსტა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა - მისი სრულად დაკმაყოფილება; დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის საჩივარს და მიუთითა, რომ კასატორის არგუმენტები გ. მ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად არის უსაფუძვლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

2. საბრალდებო დასკვნაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სრულყოფილად შეფასების მიზნით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შემთხვევის დღეს, 1997 წლის 15 აპრილს განვითარებული მოვლენები უნდა გაიყოს ორ ნაწილად, კერძოდ, პირველ ყოვლისა უნდა გააანალიზდეს ე.წ. ,,სუფრის ეპიზოდი,“ როდესაც საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მ. კ. და გ. მ--ი სიტყვიერად შელაპარაკდნენ, ხოლო შემდეგ ნაწილში უნდა შეფასდეს უშუალოდ მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც შემდგომში, მ. კ-ს გარდაცვალება გამოიწვია.

3. მ. კ-სა და გ. მ–ს შორის სიტყვიერ შელაპარაკებასთან დაკავშირებული საქმის მასალები:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, შემთხვევის დღეს, 1997 წლის 15 აპრილს, თ–ი, გ--ს დასახლების მ--- მიკრორაიონის №--- კორპუსის პირველი სადარბაზოს მ--- სართულზე მ. ა--ს საცხოვრებელი ბინის გვერდით არსებულ ე.წ. „საშრობში“ სიყვარულის დღის აღსანიშნავად სუფრაზე შეიკრიბნენ ამავე კორპუსის მცხოვრებნი: მ. კ, ზ. ზ–ი, გ. მ-ი, ზ. ა-ე, დ. ო-ი, დ. ბ-ი და ს. გ-ე. სუფრაზე გ. მ-მა თამადას - მ. კ–ს მიმართა სიტყვებით: „შე ჩემაო,“ რაზედაც მან გააფრთხილა გ. მ-ი, რომ მისთვის ასე აღარ მიემართა. შემდეგ მ. კ-მა წარმოთქვა მშობლების სადღეგრძელო, რა დროსაც ხუმრობით, გ. მ-ის მამა მოიხსენია მიცვალებულებში, რის შემდეგაც გ. მ-მაც იმავენაირად თქვა: „მამაშენის მოგონებაც იყოსო.“ რამდენიმე ხანში სუფრა დაიშალა, ყველანი ჩავიდნენ კორპუსის წინ, ეზოში და წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული ეპიზოდი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მოცემული ინციდენტის შემდეგ, მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. მ-ი სწორედ იმ გასაშლელ დანას - ე.წ. „ლისიჩკას“ იღებს ჯიბიდან, რომელიც სუფრის დამთავრების შემდეგ მ. კ-თან ურთიერთობის შემდგომი გამწვავების შემთხვევაში გამოსაყენებლად აღებული ჰქონდა სახლიდან.

ამდენად, ბრალდების ვერსიით, სუფრაზე არსებულმა სიტყვიერმა შელაპარაკებამ შექმნა გარკვეული სახის წინარე საფუძველი მოვლენათა შემდგომი განვითარებისთვის. შესაბამისად, საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს მოცემული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

როგორც აღინიშნა, სუფრაზე ისხდნენ: მ. კ, ზ. ზ-ი, გ. მ-ი, ზ. ა-ე, დ. ო-ი, დ. ბ–ი და ს. გ-ე (იხ. საბრალდებო დასკვნის ს.ფ. 310, ტ. III). საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულ - გამოძიებით დადგენილ გარემოებებში მითითებულია ზ. ა-ეზეც, რომელიც გამოძიების სტადიაზე არ დაუკითხავთ. სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სიაში (ტ. III, ს.ფ. 314-315), ხსენებული პირებიდან მითითებულნი არ არიან - დ. ბ–ი და ზ. ა-ე. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა: ს. გ-ე (სააპელაციო სასამართლოში), ხოლო საჯაროდ წაიკითხეს მოწმეების - ზ. ზ-ისა და დ. ო-ის ჩვენებები.

მოწმე ს. გ-ემ სააპელაციო სასამართლოში დაკითხვის დროს ე.წ. ,,საშრობში“ არსებულ სუფრასთან მიმართებით მიუთითა, რომ მ. კ-სა და გ. მ–ს იცნობდა, რადგან ცხოვრობდნენ ერთ კორპუსში და დაბადებიდან იზრდებოდნენ ერთად. შემთხვევის დღეს, 1997 წლის 15 აპრილს, გ. მ-ი, მ. კ, დ. ბ-ი, ზ. ა-ე ზ. ა-ე, სიყვარულის დღის აღსანიშნავად, ქეიფობდნენ კორპუსის მ--- სართულზე არსებულ ზ. და ზ. ა-ეების კუთვნილ ე.წ. „საშრობში.“ გ. და მ. ისხდნენ გვერდიგვერდ. იქ ყოფნისას გ-სა და მ-ს შორის დაძაბულობა არ შეუმჩნევია. მ--ს, როგორც პოლიციის თანამშრომელს, თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. თვითონ მათთან ცოტა ხნით ავიდა, მალევე ჩამოვიდა და ქელეხში წავიდა.

რაც შეეხება ზ. ზ-ისა და დ. ო-ის გამოკითხვის ოქმებს, საკასაციო პალატა მათი შინაარსის გაანალიზებამდე შეაფასებს როგორც პირველი და სააპელაციო სასამართლოებში მათი საჯაროდ წაკითხვის მართლზომიერების, ისე - საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე აღნიშნულ მოწმეთა ხელმისაწვდომობას.

აღსანიშნავია, რომ მოწმეების - ზ. ზ–ისა და დ. ო-ის გამოკითხვის ოქმების საჯაროდ წაკითხვის საფუძვლად როგორც პირველმა, ისე სააპელაციო სასამართლომ (აქ მხოლოდ ზ. ზ-ზე) მიუთითეს მოწმეთა გარდაცვალებაზე, მაგრამ წარმოდგენილი საქმის მასალებით აღნიშნული გარემოება დადასტურებული არ არის.

საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის (1998 წლის რედაქცია) თანახმად, სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ: მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში 2017 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის (1998 წლის რედაქცია) შესაბამისად, იშუამდგომლა მოწმეების - ზ. ზ-ისა და დ. ო–ის ჩვენებების საჯაროდ წაკითხვა. შუამდგომლობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწმეები საქართველოში არ იმყოფებიან, მათი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის და გამგზავრების შემდეგ საქართველოში აღარ ჩამოსულან. შუამდგომლობას თან ერთვის სხვადასხვა სახის მასალა, მათ შორის - დაკავშირებული საზღვრის კვეთასთან, ზ. ზ–სა და დ. ო–თან ბინაზე გამოცხადებასთან. 2017 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვის შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 22 ნოემბერს ბრალდების მხარემ კვლავ იშუამდგომლა მოწმეების - ზ. ზ-ისა და დ. ო-ის ჩვენებების საჯაროდ წაკითხვა, მათი მოუძიებლობის მოტივით, რაც დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებს, მართალია, იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული პასუხის თანახმად, ზ. ზ-ისა და დ. ო–ის გარდაცვალების, მონაცემების შეცვლის ფაქტი არ ფიქსირდება, თუმცა ოქმების შესაბამისად, მოწმეთა კონკრეტული ადგილსამყოფელი, მცდელობის მიუხედავად, ამ სტადიაზეც დაუდგენელია.

ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის (1998 წლის რედაქცია) მოთხოვნები მოცემულ შემთხვევაში სრულად არის დაცული და შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერად შეზღუდული არ არის, შეაფასოს უშუალოდ ხსენებულ მოწმეთა დაკითხვის ოქმებში ასახული შინაარსი.

წარმოდგენილი მასალების თანახმად, ზ. ზ-ი გამოძიების სტადიაზე დაიკითხა ექვსჯერ, კერძოდ: 1997 წლის 5 მაისს (ტ. I, ს.ფ 86-87), 1997 წლის 14 ივნისს (ტ. I, ს.ფ 141-142), 1997 წლის 22 ივლისს (ტ. I, ს.ფ 214-217), 1997 წლის 4 ოქტომბერს (ტ. I, ს.ფ 281-282), 1998 წლის 3 აპრილს (ტ.II, ს.ფ 137-144), 2000 წლის 25 იანვარს (ტ.III, ს.ფ 239-242).

მოცემული მასალებიდან სუფრასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეეხება მხოლოდ 1997 წლის 14 ივნისის დაკითხვის ოქმი. რაც შეეხება დანარჩენს, პირველ დაკითხვაზე ზ. ზ-მა მიუთითა, რომ სუფრაზე მ-სა და გ-ს შორის სერიოზული არაფერი მომხდარა. ისინი ერთმანეთს ეხუმრებოდნენ მამებზე. გ-მ მ-ს რამდენჯერმე უთხრა სიტყვა - ,,შე ჩემა.“ აღნიშნულზე მას მ-მ უპასუხა, რომ არ სიამოვნებდა ამ სიტყვების მოსმენა და აღარ ეთქვა. მეტი მათ შორის არაფერი ყოფილა. სხვა შემდგომ დაკითხვებშიც მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებს ზ. ზ–ი.

რაც შეეხება დ. ო–ის გამოკითხვას, გამოძიების სტადიაზე იგი დაიკითხა ოთხჯერ, კერძოდ: 1997 წლის 16 აპრილს (ტ. I, ს.ფ 30-31), 1997 წლის 25 ნოემბერს (ტ. I, ს.ფ 321-323), 1998 წლის 2 აპრილს (ტ. II, ს.ფ 133-136) და 1998 წლის 14 აგვისტოს (ტ. II, ს.ფ 331-332).

დ. ო-მა პირველი დაკითხვის დროს განაცხადა, რომ სუფრაზე მ. კ-მა გ. მ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ისინი შეკამათდნენ, მაგრამ ადგილზე მყოფებმა დააწყნარეს. ამის შემდეგ სუფრა მალევე დაიშალა. შემდეგი დაკითხვის დროს დ. ო-მა განმარტა, უშუალოდ რაში გამოიხატებოდა გ-სა და მ-ს შორის ურთიერთშელაპარაკება, კერძოდ, რომ მ–მა კ-ს რაღაცაზე უთხრა ,,შე ჩემაო.“ მ-მ გააფრთხილა, რომ არ სიამოვნებდა და ეს სიტყვა აღარ ეთქვა. შემდეგ მ-მ წარმოთქვა მშობლების სადღეგრძელო და გ-ს გაეხუმრა, მამაშენის მოგონებაც იყოსო. თავის მხრივ, გ-ც გაეხუმრა მ--ს, მამაშენის მოგონება იყოსო. შეკამათება და ჩხუბი მათ შორის არ ყოფილა. მესამე დაკითხვის დროს მოწმემ დეტალების გარეშე მიუთითა მხოლოდ იმაზე, რომ გ. და მ. ხუმრობდნენ, ხოლო ბოლო დაკითხვისას იგი აღნიშნულ ფაქტზე საერთოდ აღარ ამახვილებს ყურადღებას, დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე.

როგორც დ. ო–ი, ისე ზ. ზ–ი სუფრაზე მყოფ პირებად ერთმანეთის იდენტურად ასახელებენ: გ. მ–ს, მ. კ-ს, ზ ზ–ს, ს. გ-ეს, დ. ო–ს, დ. ბ–ს, ზ. ა-ესა და ზ. ა-ეს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოს ზ. ა-ე არ დაუკითხავს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალები მ-სა და გ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტის დასადასტურებლად არ არის საკმარისი, შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია, რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე გ. მ–ს სწორედ სუფრაზე მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში გამოსაყენებლად, გაუჩნდა სურვილი, აეღო საკეცი დანა - ე.წ „ლისიჩკა“ დაუდასტურებელია, ვინაიდან:

- საგამოძიებო ორგანომ სუფრაზე მყოფი აბსოლუტურად ყველა პირი მოწმის სახით არ დაკითხა (იგულისხმება ზ. ა-ე), მაშინ, როდესაც დაკითხული სხვა მოწმეები მიუთითებენ მასზე;

- ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიაში სუფრაზე მყოფი ყველა პირი (რომლებიც გამოძიების სტადიაზე იყვნენ დაკითხულები) არ შეიყვანა (იგულისხმება დ. ბ-ი და ზ. ა-ე);

- სააპელაციო სასამართლოში ადგილზე მყოფი პირებიდან დაიკითხა მხოლოდ ს. გ-ე, რომელმაც არ დაადასტურა მ-სა და გ-ს შორის შელაპარაკების ფაქტი; შესაძლოა, ეს გამოწვეული იყო იმითაც, რომ იგი მათთან ცოტა ხნით ავიდა, მალევე ჩამოვიდა და ქელეხში წავიდა.

- სასამართლო სხდომაზე ობიექტური მიზეზის საფუძველზე საჯაროდ წაიკითხეს მოწმეების - ზ. ზ-ისა და დ. ო–ის ჩვენებები, რომლებიც გარკვეული სახით მართლაც უთითებენ შელაპრაკების არსებობაზე, თუმცა, საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ საჯაროდ წაკითხული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

- სხვა მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც წარმოდგენილია განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მისივე შინაარსიდან გამომდინარე, ბრალდების მოცემული ნაწილის უტყუარად მტკიცების კონტექსტში არარელევანტურია.

ამდენად, საბრალდებო დასკვნის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მკვლელობამდე განვითარებულ მოვლენებთან, საქმის მასალების მიხედვით, არ არის დადასტურებული.

4. მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში განვითარებული მოვლენები:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, სუფრის დასრულების შემდეგ იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი სახის ფაქტობრივი გარემოება, რომელთა ნამდვილობაც საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე უნდა შეაფასოს, კერძოდ, ბრალდების მხარის ვერსიით:

იმავე საღამოს ერთმანეთს ხვდებიან ზ. ზ–ი და ს. გ-ე, რომლებიც იწყებენ მ--სა და გ-ს ძებნას. საყურადღებოა, რომ მათ ამ პროცესში შემოესმათ გასროლის ხმა და მიდიან სწორედ მისი მიმართულებით. მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში შესვლის შემდეგ მათ თვალწინ გადაეშალათ შემდეგი სურათი:

ესმით ხმამაღალი საუბარი, ხოლო გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ ხედავენ გ-სა და მ-ს შორის კამათსა და ძიძგილაობას. ზ. ზ–ი და ს. გ-ე მათ დააშორებს ერთმანეთს, თუმცა ისინი კვლავ იწევენ ერთმანეთისაკენ. გაკავების დროს მათ შორის გრძელდება გარკვეული სახის სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო გ-მ მ-ს დედა შეაგინა. გ. მ–ი მ. კ--ს ხელში ხედავს ცეცხლსასროლ იარაღს, იგი მ-ს არტყამს იარაღიან ხელში, რასაც მოჰყვება ერთი გასროლა, იარაღი ვარდება იატაკზე და გასროლილი ტყვია ხვდება მ–ს. გ. დაიჭრა ტერფის არეში და მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება. მომხდარით განაწყენებულმა გადაწყვიტა, შური ეძია და მოეკლა მ. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, ე.წ. „ლისიჩკა“, რომელიც სუფრის დამთავრების შემდეგ მ. კ-თან ურთიერთობის შემდგომი გამწვავების შემთხვევაში გამოსაყენებლად ჰქონდა აღებული სახლიდან და მიუხედავად იმისა, რომ ს. გ-ე მას კვლავ აკავებდა, გაუსხლტა ხელიდან და უიარაღოდ მდგომ მ. კ-ს დანით გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა მრავლობითი ნაკვეთი დაზიანებები, რომლებიც მიყენებულია რაიმე ბასრი მჩხვლეტავი იარაღით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათოს, რამაც, მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, გამოიწვია მ. კ-ს სიკვდილი.

ამდენად, საბრალდებო დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე თავდაპირველად იმყოფებოდნენ მხოლოდ გ. და მ, ხოლო როდესაც მეორედ გაისროლეს - ზ. ზ–ი და ს. გ--ე.

საქართველოს სსსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, თუ განსასჯელი წინააღმდეგია, წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა, ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის მითითებით, გ. მ–ი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გამოძიების სტადიაზე მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულების სახით გამოყენება დაუშვებელია.

შესაბამისად, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს ს. გ-ის სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენება და ზ. ზ–ის გამოქვეყნებული დაკითხვის ოქმების შინაარსი, კერძოდ:

ს. გ-ის მიერ 2021 წლის 5 აპრილს სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, მოწმე, ქელეხის სუფრიდან მობრუნებული, თექვსმეტსართულიანებთან, პატარა ფანჩატურთან, ეზოში ჩამოჯდა. ცოტა ხანში მასთან მივიდა ზ. ზ–ი და უთხრა, რომ გ. და მ. გასულები იყვნენ და სთხოვა მათ მოსაძებნად წაყოლა, რამე არ მოხდესო. პროკურორის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა მოწმე, რა უნდა მომხდარიყო, ს. გ-ემ უპასუხა: ,,ჩხუბი არ მომხდარიყო.“ იგი დასთანხმდა ზ-ს და გაჰყვა. ზ–ი წინ მიდიოდა, თავად - უკან. როდესაც მესამე მიკროდან მეოთხეში გადასასვლელი ხიდის კიბეზე შედგნენ, გაიგეს გასროლის ხმა და წავიდნენ ყოფილი უნივერსამისკენ. შენობაში ჯერ შევიდა ზ. ზ-ი, ხოლო შემდეგ - თვითონ. შესვლისას დაინახა, რომ მ. კედელზე იყო მიყუდებული, პირით მისკენ, პერანგზე შეამჩნია სისხლი, ხოლო გ. მ–ი იყო ჩაკეცილი. მ-მ უთხრა, რომ დაჭრა გ-მ, ხოლო გ-ს არაფერი უთქვამს. შემდეგ მ--მ უთხრა, რომ იარაღი ფეხებთან გდია, აიღე და წაიღე სახლშიო. მან ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მ--ს ფეხებთან ეგდო, აიღო და წავიდა სახლში, ხოლო ზ. ზ–ი დარჩა ადგილზე. გზაში შეხვდა დ. ო-–ი, რომელსაც უთხრა გ--ს, მ-სა და ზ-ის ადგილსამყოფელი, ხოლო თვითონ ავიდა სახლში და შეინახა იარაღი. შემდეგ ისევ ჩამოვიდა და დაჭრილები წაიყვანეს მერვე საავადმყოფოში, სადაც პოლიციამ დააკავა. საავადმყოფოში ნახა, რომ გ. ფეხში იყო დაჭრილი, ამ დროს გ-მ უთხრა, რომ მ-მ იარაღით დაჭრა. მ. კი დანით იყო დაჭრილი. მან არ იცის მიზეზი, თუ რისთვის დაჭრეს მ--მ და გ-მ ერთმანეთი. მოწმე ს. გ-ემ ასევე აჩვენა, რომ ვინაიდან მისი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, რომლის შენახვაც მას კ-მა სთხოვა, პოლიცია მასზე ზეწოლას ახორციელებდა, კერძოდ, პოლიცია ეუბნებოდა, რომ იარაღი იყო არატაბელური და შეეძლოთ მისთვის ,,მიეწერათ“ ყველაფერი, ამიტომ, მათ რაც უნდოდათ, იმას თუ არ იტყოდა, დაიჭერდნენ. მოწმის განმარტებით, სწორედ ამ მუქარის გამოა წინააღმდეგობები (გამოძიების სტადიაზე) მის ჩვენებებში. დღეს სასამართლოს ჩვენებას აძლევს თავისი ნებით, ყოველგვარი დაშინების გარეშე და რაც სასამართლოში მოჰყვა, ეს არის ზუსტი ინფორმაცია.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე ს. გ-ემ საბრალდებო დასკვნაში აღწერილი ფაბულიდან (რომელიც დაკავშირებულია სავაჭრო ცენტრში განვითარებულ მოვლენებთან) დაადასტურა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ:

- მას შეხვდა ზ. ზ-ი და ერთად დაიწყეს მ-სა და გ-ს ძებნა.

- როდესაც მესამე მიკროდან მეოთხეში გადასასვლელი ხიდის კიბეზე შედგნენ, გაიგეს გასროლის ხმა და წავიდნენ ყოფილი უნივერსამის შენობისკენ, საიდანაც ხმა გაიგონეს.

- შესვლისას, მართალია, დაინახა მ. და გ, თუმცა, იმ მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ მ. კედელზე იყო მიყუდებული, პირით მისკენ, პერანგზე შეამჩნია სისხლი, ხოლო გ. მ–ი იყო ჩაკეცილი, მ-მ უთხრა, რომ დაჭრა გ-მ, ხოლო გ-ს არაფერი უთქვამს.

რაც შეეხება ისეთი მნიშვნელოვანი სახის გარემოებებს, როგორებიც არის: მ-სა და გ-ს ხმამაღალი ლაპარაკის მოსმენა, მათი კამათი, ძიძგილაობა, გაშველება, სიტყვიერი შელაპარაკება, უშუალოდ სროლისა და დანის დარტყმის მომენტი, - მოწმე ს. გ-ემ სააპელაციო სასამართლოს წინაშე არ დაადასტურა და ამასთან, მიუთითა, რომ დღეს სასამართლოს ჩვენებას აძლევს თავისი ნებით, ყოველგვარი დაშინების გარეშე და რაც სასამართლოს მოუყვა, ეს არის ზუსტი ინფორმაცია, ხოლო გამოძიების სტადიაზე კი მასზე ზეწოლა განხორციელდა.

ამდენად, ს. გ-ე უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველ მოწმედ არ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

რაც შეეხება ზ. ზ-ს, როგორც აღინიშნა, იგი გამოძიების სტადიაზე გამოიკითხა არაერთხელ. ამასთან, საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა მის ჩვენებათა საჯაროდ წაკითხვის კანონშესაბამისობაზე, რაზეც ხელმეორედ აღარ შეჩერდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ბრალდების მოცემულ ნაწილში, პირველ რიგში, გააანალიზებს ზ. ზ–ის დაკითხვის ოქმებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთმანეთთან შესაბამისობას, ხოლო შემდეგ კი - მის მიერ მითითებული გარემოებების თანხვდენას მოწმე ს. გ-ის ჩვენებასთან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზ. ზ-ის დაკითხვათა ციკლი დაიწყო 1997 წლის 5 მაისს და დასრულდა 2000 წლის 25 იანვარს, შეუძლებელია მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია იყოს აბსოლუტურად იდენტური, მაგრამ მოცემულ ვითარებაში უნდა შეფასდეს, რამდენად მსგავსად უთითებდა მოწმე იმგვარი სახის ფაქტებზე, რომლებიც უშუალოდ გავლენას ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე. განსახილველ საქმეში ასეთი სახის ფაქტებს წარმოადგენს: რა ვითარება დახვდა მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში მისვლისას ზ. ზ–ს; გააშველა თუ არა მან დაპირისპირებული მხარეები და თუ გააშველა, ან რაიმე ფორმით ჩაერია კონფლიქტში, როდის; გაისროლა თუ არა მ. კ-მა გ. მ–ის ან/და სხვა მიმართულებით და დაინახა თუ არა მოწმემ როგორ დაარტყა გ. მ–მა დანა მ. კ-ს, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, როდის.

საკასაციო პალატა აგრეთვე უთითებს, რომ მოწმის ჩვენებებში გარკვეული სახის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები შესაძლოა ემთხვეოდეს, ხოლო ნაწილი - არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მოცემულ ვითარებაში მიზანშეწონილია, შეფასდეს ფაქტები, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა, არის თუ არა ისინი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სასამართლოს მტკიცებულების უტყუარად მიჩნევის საფუძველი გამოეცალოს.

მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ზ. ზ–ის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებულ ინფორმაციებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე, რათა თვალსაჩინოდ გამოკვეთოს მათ შორის არსებული წინააღმდეგობები თუ მსგავსებანი.

ზემოხსენებულ მიმოხილვამდე საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოწმეს საგამოძიებო ორგანო პირველად ჰკითხავს არა შემთხვევიდან (1997 წლის 15 აპრილი) მალევე, არამედ - მოგვიანებით, 20 დღის შემდეგ, კერძოდ, 1997 წლის 5 მაისს.

მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში არსებული ვითარება:

პირველი დაკითხვის მიხედვით, ზ. ზ-ი უთითებს, რომ შესვლამდე მან გაიგო ფრაზა: ,,გაჩერდი, თორემ გესვრიო,“ ხოლო როცა მივიდნენ, მ--მ გაისროლა.

მეორე, 1997 წლის 22 ივლისის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მაღაზიაში შესვლისას მოწმემ დაინახა, რომ გ. და მ. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და კამათობდნენ; მხოლოდ ამის შემდეგ უთითებს მოწმე იმ ფრაზის თაობაზე, რაც წინა დაკითხვაში ახსენა - ,,გაჩერდი, თორემ გესვრიო.“ ამასთან, ამატებს გ-------ს პასუხს: ,,ვინც არ მესროლოს, იმის დედაც.“

1997 წლის 4 ოქტომბრის დაკითხვის ოქმის მიხედვით, ადგილზე შესვლისას მოწმემ დაინახა, რომ გ. მ–ი და მ. კ. კამათობდნენ, ტანსაცმელზე ერთმანეთს ექაჩებოდნენ. ეს უკანასკნელი გარემოება წინა ჩვენებებში მას მითითებული არ ჰქონდა.

1998 წლის 3 აპრილის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ. ზ–ი აგრეთვე განსხვავებულად უთითებს, რომ როდესაც ადგილზე მივიდნენ, მან გვერდზე გაიყვანა მ, ხოლო ს-მ კი - გ. იგი დაინტერესდა, თუ რა მოხდა.

საბოლოო, 2000 წლის 25 იანვრის დაკითხვის ოქმის მიხედვით, ადგილზე შესვლისას მოწმემ დაინახა, რომ მ. და გ. დავობდნენ, თითქოს, ხელს კრავდნენ, ხმამაღლა რაღაცას ეუბნებოდნენ ერთმანეთს.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევაში მოწმეს ადგილზე ხვდებიან მ. და გ, თავად ვითარება, რომელსაც საწყისში შეესწრო, ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებულად აქვს აღწერილი.

დაპირისპირებული მხარეების გაშველება/ჩარევის ფორმა:

პირველი დაკითხვის მიხედვით, ზ. ზ-ი განმარტავს, რომ მან მაშინ დაიწყო გაშველება, როდესაც გ-მ მ-ს დაუწყო მუცელში მუშტების დარტყმა, კერძოდ, მ------მ უთხრა, დანა დამარტყაო და ითხოვა შველა. დაახლოებით ანალოგიურად მიუთითა მოწმემ 1997 წლის 22 ივლისის დაკითხვის დროსაც.

1997 წლის 4 ოქტომბრის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მოწმე ცვლის წინა ჩვენებებში არსებულ მითითებებს და აღნიშნავს, რომ მან მ. და გ. მაშინ გააშველა, როცა ადგილზე შესვლისას დაინახა, რომ ერთმანეთს ეკამათებოდნენ და ტანსაცმელზე ექაჩებოდნენ. მოწმე ამავე დაკითხვაში უთითებს გ. მ-ისათვის დანიანი ხელის დაჭერაზე, აგრეთვე ფაქტზე, რომ მან მოახერხა და გ-ს გადააგდებინა დანა.

1998 წლის 3 აპრილის დაკითხვის ოქმის თანახმად, ადგილზე შესვლისთანავე გვერდზე გაიყვანა მ, ხოლო ს-მ კი - გ. იგი დაინტერესდა, თუ რა მოხდა. დანის გამოყენების დროს გაშველების ფაქტს მოწმე დაახლოებით ანალოგიურად აღწერს.

2000 წლის 25 იანვრის, ესე იგი ბოლო დაკითხვის ოქმის მიხედვით, ზ. ზ–ი უთითებს, რომ მ. ადგილიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც შესვლისას დაინახა, რომ გ-სთან დავობდა. შემდეგ ისინი ერთმანეთისაგან კვლავ განაცალკევა, როდესაც გ. მ-ს ორივე ხელს გვერდებში ურტყამდა.

მ. კ--ს მიერ იარაღიდან გასროლა და სროლის მიმართულება:

პირველი დაკითხვის მიხედვით, ზ. ზ–ი ადასტურებს მ-ს მხრიდან ერთხელ გასროლის ფაქტს და უთითებს, რომ გ-ს არაადამიანური ხმა აღმოხდა.

1997 წლის 22 ივლისის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მოწმემ დაზუსტა, რომ მ-მ ისროლა გ-ს ფეხების მიმართულებით. 1997 წლის 4 ოქტომბრის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მოწმემ ანალოგიურად მიუთითა ფეხების მიმართულებით ერთხელ სროლის შესახებ.

1998 წლის 3 აპრილის დაკითხვის ოქმის თანახმად, მოწმე განსხვავებულად უთითებს, რომ მ-ს სროლის დროს, ,,დამიზნებით, არ დაუმიზნებია.“ როდესაც მოწმეს ჰკითხეს, წინა ჩვენებიდან გამომდინარე, მოცემული ფაქტის დეტალურად აღწერის თაობაზე, მან განმარტა, რომ წინა ჩვენებაში ფეხების მიმართულება იმიტომ უწერია, რომ მ-მ გაისროლა დაბლა, იატაკის მიმართულებით. შემდეგი კითხვის პასუხად კი უთითებს, რომ მ. კ--ს ხელი რაღაც მიმართულებით იყო გაშვერილი გ. მ-ისაკენ.

2000 წლის 25 იანვრის, ესე იგი ბოლო დაკითხვის ოქმის მიხედვით, მ-მ გაისროლა ერთხელ. მიმართულებას აღარ უთითებს.

გ. მ-ის მიერ დანის გამოყენების ფაქტი:

პირველი დაკითხვის მიხედვით, ზ. ზ–ი აღნიშნავს, რომ გ. მ-ს მუცელში ურტყამდა. კ–მა მას უთხრა, დანა დამარტყაო. დანიანი ხელი გ. მ–ს მოწმემ დაუჭირა (მ--სთან ერთად) და გ-ს დანა გადააგდებინა. 1997 წლის 22 ივლისის დაკითხვის ოქმში მეტ-ნაკლებად იგივე ფაქტობრივი გარემოებებია ასახული, იმ მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში თავად ზ--მა დაინახა, რომ დანა სისხლიანი იყო (რეალურად, საქმის მასალების მიხედვით, დანაზე სისხლის კვალის არსებობა დაუდასტურებელია).

1997 წლის 4 ოქტომბრის დაკითხვის ოქმის მიხედვით, ზ. ზ–ი აღარ აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ დანა სისხლიანი იყო. დაახლოებით მსგავსად არის აღწერილი დანის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტები 1998 წლის 3 აპრილის დაკითხვისა და 2000 წლის 25 იანვრის, ესე იგი ბოლო დაკითხვის ოქმებშიც.

ამდენად, მიუხედავად გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებათა მსგავსებებისა, ზ. ზ-მა მნიშვნელოვანწილად, ერთგვაროვნად ვერ აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. ამასთან, სხვაობა უმეტესწილად, არ ატარებს მცირე და უმნიშვნელო ხასიათს. მოცემულ საკითხს ემატება ისიც, რომ ზ. ზ-ი, ს. გ-ის მსგავსად, სააპელაციო სასამართლოში ვერ დაიკითხა. შესაბამისად, ჩვენებებში არსებულ სხვაობათა გამოკვეთისა და დაზუსტების შესაძლებლობა მხარეებს სხდომაზე არ მისცემიათ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მეორე მოწმემ, ს. გ-ემ სააპელაციო სასამართლოში მიუთითა შესაბამისი ორგანოს მხრიდან გარკვეული სახის ზეწოლის თაობაზე და ამით ახსნა ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობანი. ამდენად, საკასაციო სასამართლო ცალსახად ვერ გამორიცხავს - ხომ არ მოხდა ანალოგიური ფაქტები ზ. ზ-თან მიმართებითაც (რომელიც ბრალდების მხარის მიხედვით, იყო შემთხვევის თვითმხილველი მოწმეებიდან ერთ-ერთი); და ბოლოს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ. ზ-ის მითითებები - სავაჭრო ცენტრში შესვლის დროს არსებულ ვითარებასთან, გასროლისა და დანის დარტყმის დროს ადგილზე ყოფნასა და დაპირისპირებულ მხარეთა გაშველებასთან რადიკალურად განსხვავდება ს. გ-ის მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისგან. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული თვითმხილველი მოწმეები ერთმანეთისაგან განხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს უთითებენ, რაც ამ მტკიცებულებათა უტყუარობას საფუძველს აცვლის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მოწმეების - ს. გ-ისა და ზ. ზ-ის ჩვენებებს ვერ გამოიყენებს გ. მ-ის ბრალდების დამადასტურებლად, ვინაიდან ისინი არ არის ერთმანეთთან თანხვდენილი და უტყუარი.

რაც შეეხება დ. ო--ის გამოკითხვის ოქმებში ასახულ ინფორმაციას, იგი შემთხვევის დროს ადგილზე არ ყოფილა და მომხდარი ფაქტიდან მცირე დროში მივიდა იქ. აღნიშნული მოწმე წარმოადგენს პირს, რომელიც მ--ს გაჰყვა კლინიკაში.

დ. ო-–ის 1997 წლის 16 აპრილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მოწმემ შემთხვევის დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, ეზოში მყოფი ბავშვებისაგან შეიტყო მ. კ-ს დაჭრის თაობაზე, რის გამოც შემთხვევის ადგილისკენ გაემართა. გზაში შეხვდა ს. გ-ე, რომელმაც შეატყობინა, რომ მ. კ. და გ. მ-ი იყვნენ დაჭრილები. მ. კ. კიბეზე ჩამოჰყავდათ. იგი დაჭრილ კ–ს გაჰყვა კლინიკაში.

1997 წლის 25 ნოემბრის დაკითხვის ოქმის თანახმად, წინა ჩვენებისგან განსხვავებით, მითითებულია, რომ იგი გაიქცა გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, რა დროსაც დაინახა იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრის მიტოვებული დარბაზიდან გარეთ გამოსული, გაფითრებული მ. კ; მას მარჯვენა ხელი მიდებული ჰქონდა გულმკერდის არეში. ხელი ჰქონდა სისხლიანი. მოწმე მიხვდა, რომ მ. დაჭრილი იყო. მ-ს უკან მოდიოდნენ ზ. ზ-ი, ს. გ-ე და გ. მ-ი კოჭლობით.

მოწმე დ. ო-–ი პირველი დაკითხვისას უთითებს, რომ მან პოლიციის თანამშრომლებს დაუმალა დაჭრის შესახებ, მაგრამ შემდეგ უთხრა სიმართლე (რეალურად, მოწმის მითითებით, გზაში მსვლელობის დროს მ---მ მას უთხრა, რომ მან და გ--მ იჩხუბეს. მ-მ გ. დაჭრა ფეხში იარაღით, ხოლო გ-მ დანა დაარტყა). 1998 წლის 2 აპრილის დაკითხვისას მიუთითა, როგორც მათ საავადმყოფოში მისვლისას მოილაპარაკეს, უნდა ეთქვათ, რომ მ. კ-სა და გ. მ–ს არ უჩხუბიათ. 1998 წლის 18 აგვისტოს დ. ო-–ი უთითებს, რომ გზაში, როგორც მ-მ თქვა, ყველას უთხარით, რომ თითქოს, უცნობებმა დაგვჭრეს ქუჩაშიო.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე დ. ო-ი არ ყოფილა, იგი წარმოადგენს პირს, რომელმაც ფაქტიდან ძალიან მალე ნახა დაჭრილი მ. კ, რომელმაც უთხრა, რომ მან და გ--მ იჩხუბეს. მ-მ გ-- დაჭრა ფეხში, ხოლო გ-მ დანა დაარტყა. გარდა იმისა, რომ დ. ო-ი არ არის მკვლელობის პირდაპირი მოწმე, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციები საგამოძიებო ორგანოსათვის არ არის ერთგვაროვანი. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, იგი სასამართლო სხდომაზე, ზ. ზ-ის მსგავსად, არ დაკითხულა. შესაბამისად, მისი დაკითხვის ოქმები აგრეთვე ვერ იქნება განხილული გ. მ-ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში აგრეთვე დაიკითხნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. კ. და გ. მ-ის ყოფილი მეუღლე, ნ. მ-ი, კერძოდ:

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მ. კ–მა განაცხადა, რომ მ. კ. მისი შვილია. შემთხვევის დროს მ. იყო პოლიციის თანამშრომელი. 1997 წლის 15 აპრილს ბიჭები ქეიფობდნენ მეოთხე სართულზე. მათგან ვინც ქეიფობდა, მხოლოდ ს. გ-ე ახსოვს. ქეიფის შემდეგ ბიჭები ეზოში ჩავიდნენ. გავიდა ნახევარი საათი და კარზე დააკაკუნეს, რომ გააღო, ს. გ--ის მამამ უთხრა, რომ გ-ს ხიდებთან მ. დაჭრა გ. მ-მა და საავადმყოფოში გადაიყვანესო. როდესაც საავადმყოფოში მივიდა, ნახა, რომ მ. დანით იყო დაჭრილი, დერეფანში იწვა და ამზადებდნენ საოპერაციოდ. მ--მ უთხრა, რომ გ. მ-–მა დაჭრა და მისი ბრალი არაფერი არ იყო.

მოწმე ნ. მ-–მა მიუთითა, რომ გ. მ--მა მოიტაცა 14 წლის ასაკში და ცხოვრობდნენ გ–ი, გ. მ-ის მშობლებთან. შემთხვევის დღეს, 1997 წლის 15 აპრილს, გ. ბიჭებთან ერთად წავიდა საქეიფოდ, წაიღო საჭმელი და თქვა, რომ მ--- სართულზე იქნებოდა. შემდეგ რამდენჯერმე შევიდა სახლში. ბოლოს რომ შევიდა, საღამო იყო, ნასვამი იყო და ყვავილები მიუტანა, მიულოცა სიყვარულის დღე და სთხოვა მისთვის მიეტანა ქურთუკი. თვითონ ჯერ სამზარეულოში, შემდეგ მათ საძინებელ ოთახში შევიდა. როდესაც ქურთუკი მიაწოდა, გ-ს სახეზე შეატყო აღელვება, ჰკითხა რა მოხდა და რას ეძებდა. გ-მ უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო. შემდეგ მოხდა ეს ამბავი, ატყდა წიოკი და გაიგო, რომ მ. დაჭრეს. მეზობლისგან შეიტყო, რომ გ-ს მ. დაუჭრია. წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც გ-მ უთხრა, რომ ტელევიზორის უკან დანის ყავისფერი ჩასადები იდო და გადაეგდო. დანას მისი მეუღლე ბუდესთან ერთად თან ატარებდა ხოლმე, ხოლო როდესაც სახლში დაბრუნდა და ნახა, მასში დანა აღარ იდო. დანას, ,,პლასმასის“ ტარი ჰქონდა და რაღაც ცხოველი - „ციყვი,“ თუ რაღაც იყო მასზე გამოსახული. მან ბუდე გადააგდო, მიზეზი რომ იკითხა, უთხრეს მისი საქმე არ იყო, რასაც ეუბნებოდნენ გაეკეთებინა. ეს დანა მას შემდეგ აღარ უნახავს. მისი ჩვენებით, მ. კ-სა და გ-ს შორის იყო ნორმალური ურთიერთობა, ცუდი არასდროს არაფერი გაუგია. მეუღლესთან თავიდანვე არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, გ. ამწარებდა, თუმცა მას მეუღლის მიმართ შურისძიების გრძნობა არ ამოძრავებს. შურისძიება რომ სდომებოდა, იტყოდა, რომ დაინახა გ-მ დანა აიღო და წავიდა, მაგრამ ასეთი არ დაუნახავს და ტყუილს ვერ იტყვის. როდესაც მას პირველი ჩვენება ჩამოართვეს, გამომძიებელმა მიაწოდა ფურცელი და უთხრა ხელი მოეწერა, შიგ რა ეწერა არ იცის, არ გაუცვნიათ მისთვის. მეორედ გამომძიებელს ჩვენება მისცა თავის სახლში, მშობლებისა და სკოლის დირექტორის თანდასწრებით, რასაც გაეცნო და ხელიც მოაწერა. ამ ეტაპზე სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება სრული სიმართლეა. როგორც შემთხვევის შემდეგ გ. მ-ი ეუბნებოდა, მ. კ-ს გარდაცვალება მისი ბრალი არ იყო, რადგან ის თავს იცავდა.

ამდენად, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებიც ვერ გახდება გ. მ-ის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რადგან ისინი მ. კ-ს მიმართ სროლასთან დაკავშირებულ დეტალებს ფლობენ არა უშუალოდ ხილვის, არამედ - სხვა პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, ნ. მ-ს არ მიუთითებია, რომ შემთხვევის დღეს მისმა ყოფილმა მეუღლემ სახლიდან დანა გაიტანა.

დანასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე შემდეგ გარემოებებს:

- შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ფაქტიდან მეორე დღეს და ამასთან, როგორც დანა, ისე სხვა ნივთმტკიცებები არ დასურათდა, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით (ტ. I, ს.ფ. 17-20) დადგენილია, რომ 1997 წლის 16 აპრილს დათვალიერდა თ-–ი, გ-ს ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობა, რა დროს აღმოაჩინეს: სისხლისმაგვარი წვეთების ოთხი ჯგუფი, საერთო ფართობით - 40x90სმ-ზე, „მაკაროვის“ სისტემის დაცლილი მასრა, მეორე, ანალოგიურად გასროლილი მასრა. დარბაზის გასასვლელიდან 2.5 მეტრის მოშორებით, დაბლა დაფიქსირდა საკეცი დანა (გახსნილი), ე.წ. „ლისიჩკა.“ აღსანიშნავია, რომ დანაზე რაიმე სახის ლაქის არსებობის ფაქტი ოქმში მითითებული არ არის.

- არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დანაზე სისხლის კვალის არსებობის ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ თავად დანა პირველმა და სააპელაციო სასამართლოებმა ვერ გამოიკვლიეს, რადგან იგი ვერ იქნა მოძიებული. უფრო მეტიც, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში დანა შეცვლილია, მაგრამ მოცემული პოზიციის შემოწმება, ზემოაღწერილ ვითარებაში, პრაქტიკულად შეუძლებელია.

რაც შეეხება სხვა წერილობით მტკიცებულებებს, ამოღების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც ვრცლად არის მიმოხილული პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ ქმნის ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ამდენად, ყველა მტკიცებულება, რაც კი საქმეშია წარმოდგენილი, საკასაციო პალატას არ აძლევს შესაძლებლობას ქრონოლოგიურად, უტყუარი ფორმით დაალაგოს ფაქტობრივ გარემოებათა მიმდინარეობა, დაადგინოს რა ვითარება იყო მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში, რომელმა პირმა გამოიყენა კონკრეტული სახის საგანი/იარაღი პირველად და რა უძღოდა ამგვარ ქმედებებს წინ. სხვაგვარად, აუცილებელი მოგერიების არსებობის გამორიცხვა არ არის შესაძლებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ როგორც შესაბამისი სამედიცინო დასკვნით ირკვევა, თავად გ. მ-საც აღენიშნებოდა ჯანმრთელობის გარკვეული სახის დაზიანება.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

- საბრალდებო დასკვნის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება სუფრაზე მ. კ–სა და გ. მ–ს შორის გარკვეულ სიტყვიერ შელაპარაკებას, გარდა სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ჩვენებებისა, სხვა უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება;

- სასამართლოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიაში სუფრაზე მყოფი ყველა პირი მითითებული არ არის; შესაბამისად, სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა მათი სრულად დაკითხვა.

- განსხვავებულია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც აღწერენ მ. კ-ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ. კ-ს სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, მ--მ უთხრა, რომ გ. მ–მა დაჭრა და მისი ბრალი არაფერი არ იყო, ხოლო დ. ო–ის 1997 წლის 16 აპრილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი გზაში მ. კ–ს შეეკითხა, თუ რა მოხდა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მან და გ-მ იჩხუბეს. მ-მ გ. დაჭრა ფეხში იარაღით, ხოლო გ-მ დანა დაარტყა. 1998 წლის 2 აპრილის დაკითხვისას მიუთითა, რომ როგორც მათ საავადმყოფოში მისვლისას მოილაპარაკეს, უნდა ეთქვათ, რომ მ. კ–სა და გ. მ--ს არ უჩხუბიათ. 1998 წლის 18 აგვისტოს დ. ო–ი უთითებს, რომ გზაში, როგორც მ-მ თქვა, ყველას უთხარით, რომ თითქოს, უცნობებმა დაგვჭრეს ქუჩაშიო. ს. გ-ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილზე მ--მ უთხრა, რომ დაჭრა გ-მ, ხოლო გ--ს არაფერი უთქვამს. შემდეგ საავადმყოფოში ნახა, რომ გ. ფეხში იყო დაჭრილი, ამ დროს გ-მ უთხრა, რომ მ-მ იარაღით დაჭრა. მოწმე ნ. მ–მა მიუთითა, რომ როგორც შემთხვევის შემდეგ გ. მ-ი ამბობდა, მ. კ-ს გარდაცვალება მისი ბრალი არ იყო, რადგან ის თავს იცავდა.

- მოწმე ნ. მ–ს სააპელაციო სასამართლოში არ მიუთითებია, რომ მან დაინახა გ. მ-ის მიერ სახლიდან დანის გატანის ფაქტი; ამასთან, მოწმის მითითებით, გ, ზოგადად, დანას ატარებდა ხოლმე, შესაბამისად, ცალკე აღებული, დანის თანქონის ფაქტი, ნ-სთვის მისი გატანის შემთხვევაშიც, უჩვეულო სახის მოვლენა არ უნდა ყოფილიყო; თუმცა, იგი ცალსახად უთითებს, რომ გ--მ დანა გაიტანა თუ არა, არ იცის. ის გარემოება, რომ მოწმემ გ--ს სახეზე შეატყო აღელვება (რომლის მიზეზზეც პასუხი ვერ მიიღო), არ არის საკმარისი გ. მ-ის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის მტკიცების კონტექსტში.

- სისხლის სამართლის საქმეში აგრეთვე არ წარმოდგენილა პირდაპირი სახის მოწმე, რომელიც არაორაზროვნად და თანმიმდევრულად ჩამოაყალიბებდა მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში განვითარებულ მოვლენებს (თუნდაც, საჯაროდ წაკითხული ჩვენების სახით); მოწმე ზ. ზ-ის დაკითხვის ოქმები არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ, მოწმე ს. გ-ის სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებასაც ეწინააღმდეგება;

- საკასაციო სასამართლომ ზ. ზ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო, საჯაროდ წაკითხული დაკითხვის ოქმების მიღმა რომც შეაფასოს ს. გ-ის სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენება (იგი უშუალოდ დაკითხეს მხარეებმა და აიხსნა მისი დაკითხვის ოქმებში წინააღმდეგობათა მიზეზი), მაინც აბსოლუტურად შეუფასებელი რჩება მის მისვლამდე განვითარებული მოვლენები, ვინაიდან მოწმის გადმოცემით, ადგილზე მისვლამდე გაიგონეს გასროლის ხმა, მისვლის დროს მ-ს პერანგზე სისხლი ემჩნეოდა, ხოლო გ. იყო ჩაკეცილი. სხვა მოწმეები, რომლებიც, როგორც აღინიშნა, არაერთგვაროვნად აღწერენ მ-სა და გ-სგან მიწოდებულ ინფორმაციას, ადგილზე განვითარებულ მოვლენათა მიმდინარეობას აუცილებელი მოგერიების არსებობა/არარსებობას უტყუარად ვერ ხსნის.

- არც წერილობითი სახის მტკიცებულებები არის საკმარისი რაიმე დასკვნის ჩამოსაყალიბებლად, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ როგორც აღინიშნა, სასამართლოსათვის გაუგებარი მიზეზით, შემთხვევის ადგილი, დათვალიერდა ფაქტიდან მეორე დღეს, 1997 წლის 16 აპრილს, 11:00 საათიდან; საქმის ბუნებიდან გამომდინარე, დამატებით ყურადსაღებია, რომ შემთხვევის ადგილი საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 1997 წლის 16 აპრილსვე, არ დასურათებულა (მათ შორის არც ამოღებული ნივთმტკიცებები) და მასში არ აღიწერა ამოღებულ ნივთმტკიცებათა მდგომარეობა (ძირითადად, იგულისხმება დანაზე სისხლის კვალის არსებობა/არარსებობის ფაქტი). ერთ-ერთ დაკითხვაში ზ. ზ–ი უთითებს, რომ დანა იყო სისხლიანი. საქმის მასალებით მოცემული გარემოება არ დასტურდება. მართალია, 1997 წლის 30 აპრილის N----- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ერთვის დანის ფოტოსურათი, მაგრამ, იგი არის შავ-თეთრი და შეუძლებელია რაიმე კვალის უტყუარად მტკიცება. საკასაციო პალატა არ გამორიცხავს, რომ დანაზე რაიმე გარემო ფაქტორების შედეგად სისხლი მეორე დღეს აღარ აღმოჩენილიყო, მაგრამ მოცემული წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდებს, რაც ვერ გახდება რაიმე დასკვნის გაცხადების საფუძველი.

6. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით ,,დაუშვებელია, მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №570აპ.-16 გადაწყვეტილება). შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი (რომელიც შექმნა, ერთი მხრივ, გამოძიებაში არსებულმა გარკვეული სახის ხარვეზებმა, ხოლო, მეორე მხრივ, საქმისათვის მნიშვნელოვან მოწმეთა ობიექტური მიზეზით სასამართლო ხდომაზე დაკითხვის შეუძლებლობამ და შესაფასებელ ჩვენებებში მნიშვნელოვანმა წინააღმდეგობებმა), რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს გ. მ–ის სასარგებლოდ, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის (1998 წლის რედაქცია) შესაბამისად.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან აუცილებელი მოგერიება, ისევე როგორც მისი ფარგლების გადაცილება, სამართლებრივ მოცემულობას მნიშვნელოვნად ცვლის, მასთან დაკავშირებული პასუხგაუცემელი კითხვების პირობებში, საბრალდებო დასკვნაში მითითებულ გარემოებათა გაზიარების საფუძველი ვერ იარსებებს.

8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად უთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის (1998 წლის რედაქცია) მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმეთა ჩვენებებით ან/და წერილობითი მტკიცებულებების სახით არ წარმოდგენილა.

9. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. მ-–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი გ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი