Facebook Twitter

,საქმე # 330802222005989751

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№41I-22 ქ. თბილისი

დ-ი კ-ი/ქ-ი, 41I-22 29 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ-ი/ქ-ი დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ-ა და ხ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ-ი/ქ-ი დ-ს მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2012 წლის 13 სექტემბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სასამართლოს განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (შენობის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2015 წლის 3 მარტს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.2. 2013 წლის 22 მარტს თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სასამართლოს განაჩენით კ-ი/ქ-ი დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 5 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2016 წლის 20 ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.3. 2013 წლის 5 აპრილს თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სასამართლოს განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ღია სივრცეში დატოვებული ნივთის ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 1 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2015 წლის 10 ივნისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.4. 2013 წლის 8 მარტს თ-ს რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-8 სასამართლოს განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთის ქურდობა), 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო დაწესებულების ხელშეუხებლობის წესის დარღვევა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 2 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.5. 2013 წლის 14 ივნისს თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სასამართლოს განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთის ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 20 მარტს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.6. 2010 წლის 11 ნოემბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. დ-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა პირველი სასამართლოს განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2015 წლის 26 მაისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.7. 2012 წლის 23 იანვარს თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სამართლის განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთის ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2014 წლის 16 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.8. 2015 წლის 9 დეკემბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-9 სასამართლოს განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ბინაში შენახული ნივთების ქურდობა), 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (შენობის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით, 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2021 წლის 28 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.9. 2013 წლის 9 მაისს თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-4 სასამართლოს განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთების ქურდობა), 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (შენობის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით, 5 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2015 წლის 28 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.10. 2021 წლის 24 აგვისტოს თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის სააღსრულებო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და კ-ი/ქ-ი დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 28 წლით, 84 თვითა და 75 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.11. 2021 წლის 27 ოქტომბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. დ-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა კ-ი/ქ-ი დ-ს დაკავების ბრძანება.

2. კ-ი/ქ-ი დ-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2022 წლის 14 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო კ-ი/ქ-ი დ-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალა.

2.2. 2022 წლის 14 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი კ-ი/ქ-ი დ-ი.

2.3. 2022 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით კ-ი/ქ-ი დ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.4. 2022 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით კ-ი/ქ-ი დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 14 სექტემბრამდე.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, კ-ი/ქ-ი დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· თ-ის რესპუბლიკის სოფელ კ-ი კ-ი/ქ-ი დ-მ და მისმა თანამზრახველმა განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, კ-ი/ქ-ი დ-ს თანამზრახველმა უკანონოდ შეღწია მარკეტში, ხოლო კ-ი/ქ-ი დ-ი იმყოფებოდა მაღაზიიდან 10 მეტრის დაშორებით და მეთვალყურეობდა ტერიტორიას. შემთხვევის ადგილას პოლიციის დანახვისთანავე კ-ი/ქ-ი დ-მ გაქცევა სცადა, თუმცა, იგი დააკავეს. ამასთან, მარკეტში დააკავეს მისი თანამზრახველიც, რომელსაც თანნაქონ ჩანთაში მოთავსებული ჰქონდა ფარულად დაუფლებული ნივთები.

2013 წლის 22 მარტის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· კ-ი/ქ-ი დ-ს და ფ. ჯ-ს, რომლებიც ელექტრო ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ, დაედევნა პოლიცია ქურდობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით. დაკავების პროცესში კ-ი/ქ-ი დ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და წინააღმდეგობა გაუწია მათ.

2013 წლის 5 აპრილის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· კ-ი/ქ-ი დ-ი თანამზრახველთან - ფ. ჯ-ნ ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ, სატვირთო ავტომობილში მოთავსებულ აკუმულატორებს.

2013 წლის 8 მარტის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· კ-ი/ქ-ი დ-მ თანამზრახველებთან ერთად დააზიანა მაღაზიის კარი და უკანონოდ შეაღწია მ. ა. ე-ს უბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში არსებულ მაღაზიაში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ თანხას და სხვადასხვა პროდუქციას. აღნიშნულით დაზარალებულს მიაყენეს, ჯამურად - 19 250 თურქული ლირის ოდენობის მატერიალური ზიანი.

2013 წლის 14 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· კ-ი/ქ-ი დ-მ თანამზრახველებთან ერთად უკანონოდ შეაღწია დაკეტილ ავტობუსში, რის შემდგომაც აღნიშნული პირები ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულის ჩანთასა და 135 ლირას.

2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· დაზარალებული საკუთარი ელექტროველოსიპედით სავაჭრო ბაზრის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა მისი ნაცნობი ფ. ა-ი. აღნიშნულ პერიოდში ფ. ა-ნ მივიდნენ კ-ი/ქ-ი დ-ი, ფ. ჯ-ი და დ. დ-ი. ისინი სახრახნისის გამოყენებით დაემუქრნენ დაზარალებულს და ამ გზით მართლსაწინააღმდეგოდ მიიესაკუთრეს მისი კუთვნილი ველოსიპედი, რის შემდგომაც დატოვეს შემთხვევის ადგილი.

2012 წლის 23 იანვრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· კ-ი/ქ-ი დ-ი და მისი თანამზრახველი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ ფოტოაპარატს და საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა, პასპორტი და პირადობის მოწმობა.

2015 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· კ-ი/ქ-ი დ-მ თანამზრახველებთან ერთად უკანონოდ შეაღწია ჰ. გამზირის N...-ში მდებარე სამუშაო დაწესებულებაში, საიდანაც აღნიშნული პირები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ სხვადასხვა ნივთს. ამასთან, ჯგუფის წევრებმა დააზიანეს დაზარალებულის კუთვნილი ქონება.

2013 წლის 9 მაისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

· კ-ი/ქ-ი დ-მ, კ-მ კ-ა და ჰ. ო-ა უკანონოდ შეაღწიეს რძის პროდუქტების მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ კომპიუტერსა და სალარო აპარატს, ასევე - 100 თურქულ ლირას. ამასთან, აღნიშნულმა პირებმა დააზიანეს ვიდეოსათვალთვალო კამერა, მოაჯირის რკინა და გასაღები.

4. 2022 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა კ-ი/ქ-ი დ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (შენობის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ს ბავშვთა სასამართლოს მიერ 2012 წლის 13 სექტემბერს გამოტანილ განაჩენთან მიმართებით მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით.

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სასამართლოს მიერ 2013 წლის 22 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ღია სივრცეში დატოვებული ნივთის ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სასამართლოს მიერ 2013 წლის 5 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-აი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთის ქურდობა), 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო დაწესებულების ხელშეუხებლობის წესის დარღვევა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-8 სასამართლოს მიერ 2013 წლის 8 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთის ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სასამართლოს მიერ 2013 წლის 14 ივნისს გამოტანილი განაჩენთან მიმართებით მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით.

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა პირველი სასამართლოს მიერ 2010 წლის 11 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთის ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის ბავშვთა სასამართლოს მიერ 2012 წლის 23 იანვარს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ბინაში შენახული ნივთების ქურდობა), 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (შენობის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-9 სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

· დასაშვებად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთების ქურდობა), 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (შენობის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. დენიზლის სისხლის სამართლის საქმეთა მე-4 სასამართლოს მიერ 2013 წლის 9 მაისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

· დაუშვებლად იქნა ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-8 სასამართლოს მიერ 2013 წლის 8 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ-ი/ქ-ი დ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. გ-მ და ხ. გ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა კ-ი/ქ-ი დ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ:

7.1. განსახილველი საკასაციო საჩივრის თანახმად, დაცვის მხარის ძირითადი მოტივაცია აგებულია იმ გარემოებაზე, რომ საექსტრადიციო მასალებში არ არის წარმოდგენილი დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კ. დ-ი არის ქურთი ეროვნების და ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის საფრთხე. ამასთან, დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, კ. დ-ი ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად, რაც ხელს უშლის ექსტრადიციას.

7.2. გარდა კ. დ-ს მიერ გაცხადებული ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებისა და ინფორმაციისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მისი თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის, დევნის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე. აგრეთვე არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კ. დ-იმ უფლებების დარღვევის, მათ შორის, მისი დევნის, მესამე პირთა მხრიდან ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და აღნიშნულზე სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის თაობაზე მიმართა თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ მოახდინეს არაეფექტური რეაგირება. ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისათვის, რომ კ. დ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე.

7.3. გარდა აღნიშნულისა, თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ კ. დ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

7.4. კ. დ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის თაობაზე დაცვის მხარის არგუმენტს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საერთშორისო ხელშეკრულებებით, რომლებიც აწესრიგებენ ექსტრადიციის საკითხებს საქართველოსა და თ-ის რესპუბლიკას შორის.

7.5. გარდა აღნიშნულისა, ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი 2013 წლის 9 მაისს გამოტანილი განაჩენის სრულად აღსრულების მიზნით. თავის მხრივ, აღნიშნული განაჩენით გათვალისწინებული ერთ–ერთი დანაშაული - ნივთის დაზიანება - საქართველოს კანონმდებლობით მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 28 აპრილს. შესაბამისად, სტანდარტულ შემთხვევაში, მოცემულ დანაშაულთან მიმართებით, განსახილველი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა 2021 წლის 28 აპრილს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიცია ცნობილი უნდა იყოს დასაშვებად, ვინაიდან თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული განაჩენის აღსრულება დაიწყო 2015 წლის 15 ივნისს და კ. დ-ი დროებით გათავისუფლდა დ-ს ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2020 წლის 29 აპრილს (კოვიდ–19–თან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში). შესაბამისად, მოცემული თარიღიდან განაჩენის აღსრულება შეჩერდა. ამასთან, 2021 წლის 27 აგვისტოს მიიღეს გადაწყვეტილება განაჩენის აღსრულების გაგრძელებისა და მის მიმართ გამოტანილი და ძალაში შესული საპატიმრო სასჯელის მოხდის მიზნით კ. დ-ს დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დაწყებული იყო 2013 წლის 9 მაისის განაჩენის აღსრულება, რომელიც შეჩერდა - 2020 წლის 29 აპრილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის 6 - წლიანი ვადა უნდა გამოანგარიშდეს 2020 წლის 29 აპრილიდან და შესაბამისად, აღნიშნული ვადა იწურება 2026 წელს (თუმცა, აღნიშნული ვადის დინება დღეის მდგომარეობით შეჩერებულია, ვინაიდან კ. დ-ი მიემალა თ-ს რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს და 2021 წლის 27 ოქტომბერს გამოცემულია მისი დაკავების ბრძანება). მაშასადამე, განსახილველ დანაშაულთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

7.6. როგორც აღინიშნა, კ. დ-ის ექსტრადიცია დაუშვებლად არის ცნობილი თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე–8 სასამართლოს 2013 წლის 8 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით). პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის სარეზოლუციო ნაწილის მე–4 პუნქტში მითითება იმავე დანაშაულთან დაკავშირებით ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე, წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, რაც გამოსწორებულია სარეზოლუციო ნაწილის მე–10 პუნქტში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი კ-ი/ქ-ი დ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2022 წლის 14 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

5.2. 2012 წლის 13 სექტემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობაში დახმარება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას; 2013 წლის 22 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას; 2013 წლის 5 აპრილის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას; 2013 წლის 8 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას; 2013 წლის 14 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას; 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთას; 2012 წლის 23 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას; 2015 წლის 9 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია, სულ მცირე, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 5 წლითა და 7 წლით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას; 2013 წლის 9 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებები დასჯადია, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას.

5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ-ი/ქ-ი დ-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენებით კ-ი/ქ-ი დ-ს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნით.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ კ-ი/ქ-ი დ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.

7. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი/სამართლიანი სასამართლოს უფლება:

7.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები.“

7.2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.

7.3. თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ კ-ი/ქ-ი დ-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენები (გარდა 2012 წლის 13 სექტემბრისა და 2013 წლის 14 ივნისის განაჩენებისა) გამოტანილია კ-ი/ქ-ი დ-ის უშუალო მონაწილეობით და იგი უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით.

7.4. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე 2012 წლის 13 სექტემბრის და 2013 წლის 14 ივნისის განაჩენები გამოტანილია კ-ი/ქ-ი დ-ს დაუსწრებლად. ამასთან, თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია, რომ კ-ი/ქ-ი დ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა ორივე აღნიშნულ განაჩენთან მიმართებით

7.5. ყოველივე ზემომითითებულის მხედველობაში მიღებით, კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

8. ხანდაზმულობის ვადა:

8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით განსაზღვრული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).

8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.

8.3. 2012 წლის 13 სექტემბრის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 3 მარტს, ცალსახაა, რომ არ არის გასული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

8.4. 2013 წლის 22 მარტის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 20 ოქტომბერს, ცალსახაა, რომ არ არის გასული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

8.5. 2013 წლის 5 აპრილის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს. ამდენად, ცალსახაა, რომ არ არის გასული წინამდებარე განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

8.6. 2013 წლის 8 მარტის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს და 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 2 აპრილს. ამდენად, ცალსახაა, რომ არ არის გასული წინამდებარე განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა მძიმე დანაშაულთან მიმართებით. რაც შეეხება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს (ნივთის დაზიანება), აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გასულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, ამ დანაშაულისთვის კ. დ-ის ექსტრადიცია დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8.7. 2013 წლის 14 ივნისის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს. ამდენად, ცალსახაა, რომ არ არის გასული წინამდებარე განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

8.8. 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 26 მაისს. ამდენად, ცალსახაა, რომ არ არის გასული წინამდებარე განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

8.9. 2012 წლის 23 იანვრის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 16 აპრილს. ამდენად, ცალსახაა, რომ არ არის გასული წინამდებარე განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

8.10. 2015 წლის 9 დეკემბრის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს და 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 28 აპრილს. ამდენად, ცალსახაა, რომ არ არის გასული წინამდებარე განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

8.11. 2013 წლის 9 მაისის განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს და 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 28 აპრილს. ამდენად, მძიმე დანაშაულთან მიმართებით ცალსახაა, რომ არ არის გასული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. რაც შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულს, მოცემულ საკითხთან მიმართებით პროკურორმა თავის პოზიციას დაურთო დამატებითი მასალა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ-ი/კ-ი დ-ს მიმართ 2013 წლის 9 მაისის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის აღსრულება დაიწყო 2015 წლის 15 ივნისს, სხვა განაჩენებთან შეჯამების შედეგად. მართალია, იგი ამ სასჯელს 2015 წლის 15 ივნისიდან იხდიდა, მაგრამ დროებით გათავისუფლდა დ-ის ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2020 წლის 29 აპრილს კოვიდ-19-ის გამო. 2021 წლის 27 აგვისტოს N2021/4905 გადაწყვეტილებით, გადაწყდა მსჯავრდებულის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა, მის მიმართ გამოტანილი და ძალაში შესული საპატიმრო სასჯელის გამო. ამის თაობაზე შედგა დაკავების ორდერი. შეიძლება ჩაითვლოს, რომ მსჯავრდებული მიემალა დაკავების ორდერით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ვინაიდან 2013 წლის 9 მაისის განაჩენის აღსრულება დაწყებული იყო, თუმცა შემდეგ იგი დროებით გათავისუფლდა დ-ის ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2020 წლის 29 აპრილს კოვიდ-19-ის გამო, ამდენად, ამ ნაწილშიც დაცულია განაჩენის აღსრულების 6 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

8.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ - თ-ის რესპუბლიკის (მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

9.1. სტატუსი:

9.2. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“.

9.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კ. დ-ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რაც მან გაასაჩივრა. სასამართლო წარმოების დასრულებამდე კ. დ-ი თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და მას აქვს საქართველოში კანონიერი ყოფნის უფლება.

9.4. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ექსტრადიციის სფეროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №111-15). ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N7I-16 გადაწყვეტილება). შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება სასამართლო განხილვის ეტაპზე.

10. ამნისტია:

10.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

10.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულთან დაკავშირებით, დაცულია ზემოაღნიშნული პუნქტის მოთხოვნა.

11. შეწყალება:

11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

11.2. წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

12. პრინციპი ,,Non bis in idem“:

12.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

12.2. კ-ი/ქ-ი დ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

13. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

13.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

13.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

13.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).

13.4. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ კ-ი/ქ-ი დ-ი თ-ის რესპუბლიკაში იდევნება რაიმე ნიშნით ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის არასათანადო მოპყრობის ანდა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ კ-ი/ქ-ი დ-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ კ-ი/ქ-ი დ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე ვერ მიუთითებს რაიმე კონკრეტულ ფაქტორზე, რის საფუძველზეც არაჰიპოთეტურად იქნებოდა მიჩნეული მის მიერ გაცხადებული საფრთხე. გარდა აღნიშნულისა, კ-ი/ქ-ი დ-ის უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.

14. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

14.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

14.2. კ-ი/ქ-ი დ-ი იძებნება 9 ცალკეული განაჩენის აღსრულების მიზნით. დანაშაულის გარემოებების, რაოდენობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი აშკარად გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობის ინტერესს.

14.3. ამდენად, კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

15. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით კ. დ-ის ექსტრადიცია დაუშვებლად არის ცნობილი თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ-ის რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე–8 სასამართლოს 2013 წლის 8 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით). აღნიშნულის შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მე–5 აბზაცში მითითება იმავე, თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) დანაშაულთან დაკავშირებით ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე, წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას (ამდენად, სწორად მითითებულია სარეზოლუციო ნაწილის მე–11 აბზაცში). ესე იგი დასაშვებად არის ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩაკეტილ სივრცეში შენახული ნივთის ქურდობა), 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო დაწესებულების ხელშეუხებლობის წესის დარღვევა), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-8 სასამართლოს მიერ 2013 წლის 8 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, ხოლო დაუშვებლად არის ცნობილი კ-ი/ქ-ი დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ამავე განაჩენის თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ-ი/ქ-ი დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ-სა და ხ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი